საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მრგვალი მაგიდა: აგრარული მეცნიერებისა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები

     2016 წლის 10 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნა აგრარული დარგის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებს.

     გარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებისა მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები_საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გ. ქვარცხავა, სტუ-ს პროფესორები ი. ყრუაშვილი და გ. გაგოშიძე (ისინი ამავე დროს არიან აკადემიის ეროვნული კოორდინატორები მიმართულებების მიხედვით), დ. გუბელაძე და ზ. ლობჟანიძე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან ფაკულტეტების დეკანები, პროფესორები ლ. მაკარიძე და ა. ჭკუასელი.

     აკადემიიდან ესწრებოდნენ ის აკადემიკოსები, რომლებიც დღეს დაკავებულები არიან პედაგოგიური მოღვაწეობით_ აკადემიკოსები გ. მარგველაშვილი, რ. მახარობლიძე, ჯ. კაციტაძე, ა. დიდებულიძე, ნ. ბაღათურია, ო. ქეშელაშვილი, ნ. ჩხარტიშვილი, ჯ. გუგუშვილი, აკადემიური დოქტორი ა. გიორგაძე.

     მრგვალი მაგიდა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის ვიცე_პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა მრგვალი მაგიდის თემატიკის დიდი მნიშვნელობას. აგრარული განათლების დღევანდელი არსებული სიტუაციის შესახებ ისაუბრა აკადემიკოსმა ე. შაფაქიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ დღეისათვის ქვეყანაში ფუნქციონირებს პროფესიული, საზოგადოებრივი და სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით ჩამოყალიბებული კოლეჯები, სულ 71 სასწავლებელი. აღნიშნული დაწესებებულებიდან 40 % აგრარულ განათლებას იძლევა; ამავე დროს ფუნქციონირებს 96 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება_ უნივერსიტეტები და ინსტიტუტები. მათ შორის აგრარული მიმართულებით 6 სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერთი კერძო უნივერსიტეტი (საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) და ერთი კერძო ინსტიტუტი (გორის სუხიშვილის სასწავლო ინსტიტუტი). კიდევ 8 კერძო ინსტიტუტში არის აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ქვეყანაში არსებული დიდი რაოდენობის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა, აგროინჟინერინგის მიმართულებით ოთხი წელია სრული ვაკუუმია, არც ერთი სპეციალისტი არ მომზადებულა. ძალიან მცირეა ამ მიმართულებაში დოქტორანტები და საერთოდ არ არიან მაგისტრები.

    M 16 06 10 არასახარბიელო სურათია პროფესიული მომზადების მიმართულებითაც. აკადემიაში ჩატარებულ მრგვალ მაგიდაში (2015 წლის 03 ივლისი) მონაწილე რაიონების საინფორმაციო _ საკონსულტაციო ცენტრების წარმონადგენლები ერთხმად აღნიშნავენ აგროსაინჟინრო სპეციალისტების ძალზე დაბალ, არაპროფესიულ დონეს და ეს დღეს, როდესაც რეგიონები და რაიონები მომარაგებული არიან მსოფლიოს 13 ქვეყნის ტრაქტორებით და სასოფლო-სამეურნეო მანქანებით.

     თემატიკასთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გ. ქვარცხავამ, პროფესორებმა ი. ყრუაშვილმა, დ. გუბელაძემ, ზ. ლობჟანიძემ და გ. გაგოშიძემ, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან - დეკანებმა ლ. მაკარაძემ და ა. ჭკუასელმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებმა ჯ. კაციტაძემ, ა. დიდებულიძემ, გ. მარგველაშვილმა, ნ. ჩხარტიშილმა, ნ. ბაღათურიამ დასხვა.

     მრგვალ მაგიდაზე გამოითქვა წინადადებები, რომ:

1. მიზანშეწონილია აკადემიამ პერიოდულად განიხილოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამები; შენიშვნები და წინადადებები მიაწოდოს განათლების აკრედიტაციისა ცენტრს.

2. ეთხოვოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომ პროფესიული განათლების პროგრამების მონიტორინგში ჩართონ აკადემიის წევრები და აგრარული მიმართულების უმაღლესი სასწავლებლების წარმომდგენლები.

3. მიზანშეწონილია აკადემიის წევრები აქტიურად ჩაერთონ აგრარული მიმართულების სახელმძღვანელოების მომზადებაში, რისთვისაც წლის საუკეთესო ნაშრომების კონკურსში პრიორიტეტი მიენიჭოს ამ ტიპის სახელმძღვანელოებს.

4. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგალითის გათვალისწინებით იმ უმაღლესმა სასწავლებლებმა, ვისთანაც აკადემიას გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმები, საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი ატესტაცია გაიარონ აკადემიაში.

5. მიზანშეწონილია აკადემიის აკადემიური საბჭოს სხდომებზე პერიოდულად მოსმენილი იქნეს აკადემიის წევრების საქმიანობა პედაგოგიური მიმართულებით.

6. აღინიშნა, რომ ძირეულ გარდაქმნას ექვემდებარება აგრარული მიმართულებების უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამები აგრონომიულ, აგროსაინჟინრო, ტექნოლოგიურ და სხვა მიმართულებებში.

7. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ბაზაზე შეიქმნას აგრარული მიმართულების განათლებისა და მეცნიერების არსებული მდგომარეობის შემსწავლელი კომისია, რომელიც მოამზადებს ობიექტურ წინადადებებს სამთავრობო ორგანოებში წარსადგენად.

8. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა უარყოფითი შეფასება მისცეს განათლების სფეროების კლასიფიკატორის პროექტს და თხოვნით მიმართავენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერიოზულად გააანალიზოს კლასიფიკატორის მიმართ გამოთქმული შენიშვნები.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com