სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოში მეცხოველეობისა და ვეტერინარიის არსებული მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები“
ამა წლის 25 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ”საქართველოში მეცხოველეობისა და ვეტერინარიის არსებული მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები”. აღნიშნული ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ მოწყობილ “მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალს 2018”. კონფერენცია გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ მეცხოველეობისა და ვეტერინარიის მდგომარეობაზე და გამოთქვა იმედი, რომ ქართველი მეცნიერები, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მხარდაჭერით ყოველგვარ ღონეს იხმარენ, რათა აღნიშნული დარგების წინაშე მდგარი პრობლემები დროულად იქნეს გადაჭრილი. ამის შემდეგ მან აკადემიის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა ის მეცნიერები, რომლებსაც გარკვეული წვლილი მიუძღვით მეცხოველეობისა და ვეტერინარიის დარგის განვითარებაში.
კონფერენციაზე მოსმენილი იქნა მაღალი მეცნიერული ღირებულების მქონე მოხსენებები. თითოეული მოხსენების შემდეგ იმართებოდა დისკუსიები, რომლებსაც მეტად საქმიანი ხასიათი ჰქონდა.
კონფერენციის მუშაობა შეაჯამა მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა, რომელმაც დიდი მადლობა გადაუხადა მონაწილეებს წარმოდგენილი პრეზენტაციებისათვის და დამსწრე საზოგადოებას კონფერენციის მსვლელობის პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის.