საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

Inovaciebi 2019 1

მიმდინარე წლის 6 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნირებათა აკადემიაში ჩატარდა აგარარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელიც ეხებოდა “საქართველოს სატყეო რეფორმებსა და მათი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის პრობლემებს”. (მომხსენებელი: ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი: თანამომხსენებლები: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი თეიმურაზ კანდელაკი; ექსპერტი, კანონპროექტის ავტორთა ჯგუფის წარმომადგენელი მერაბ დვალი).

სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, დოქტორი ანატოლი გიორგაძე, აგრარული ინოვაციების კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აგრარული ინოვაციების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ექსპერტი აგრარული და რეგიონული მართვის საკითხებში გოჩა ცოფურაშვილი, აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა, აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ ჩაგელიშვილი და მოწვეული სტუმრები, რომელთა შორის იყვნენ აკადემიის აკადემიკოსები, სატყეო საქმის მეცნიერ-სპეციალისტები, სტუდენტები და დარგით დაინტერესებული პირები.

მას შემდეგ, რაც აგრარული ინოვაციების კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ  დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი, სხდომას შესავალი სიტყვით მიმართა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ აგრარული ინოვაციების კომისიის ჩამოყალიბება ეს ახალი ფორმატია აკადემიის მუშაობაში და მისი ძირითადი ამოცანაა: პირველი, მოხდეს სოფლის მეურნეობაში ინოვაციურ პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციათა, მეცნიერ-სპეციალისტთა მიერ დამუშავებული მნიშვნელოვანი საკითხების ინვენტარიზაცია, რომლის შემდეგ ისინი შესაბამისი ფორმით - რეკომენდაციების სახით წარდგენილი იქნებიან მთავრობაში და მეორე, ესაა კერძო ბიზნესთან ურთიერთობა. აუცილებელია ბიზნესმენების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რათა მათთვის თვალნათელი გახდეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა მეცნიერებაში.

აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გ. ალექსიძის შესავალი სიტყვის დასრულების შემდეგ, სიტყვა მოხსენებისათვის გადაეცა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილეს ნათია იორდანიშვილს, რომელმაც ფართოდ ისაუბრა ყველა იმ პრობლემაზე და მათი გადაჭრის გზებზე, რომელიც ეხებოდა საქართველოს ტყეებსა და მათ ამჟამინდელ მდგომარეობას. მან მსმენელებს გააცნო რეფორმის გამომწვევი მიზეზები, მათი მიზანი და საფუძველი,  ასევე ტყის კოდექსის მთავარი სიახლეები. გარდა ამისა, ქალბატონმა ნათია იორდანიშვილმა ყურადღება გაამახვილა ტყის კოდექსთან დაკავშირებით ჩატარებულ საჯარო განხილვებზე, მიღებულ გარდამავალ დებულებებზე, შემდგომ ქმედებებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.

ტყის კოდექსთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს ასევე თანამომხსენებლებმა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორმა თეიმურაზ კანდელაკიმა, ექსპერტმა,  მერაბ დვალმა და აკადემიკოსმა ნოდარ ჭითანავამ, რის შემდეგ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით მოეწყო კონსტრუქციული დიალოდი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა.

სხდომა შეაჯამა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მან აღნიშნა, რომ ტყის კოდექსის მიღება მეტად მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის, ამიტომ უპრიანი იქნება რომ პირებმა, ვისაც კოდექსთან დაკავშირებით სურთ შესწორებების შეტანა, ასევე აქვთ გარკვეული შენიშვნები და მოსაზრებები, ყოველივე წერილობით მოგვაწოდონ, რათა მოხდეს მათი შეჯერება და მთავრობისათვის დასამტკიცებლად  კანონპროექტის უკეთესი სახით წარდგენა.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com