საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები

აგროსასურსათო კომპლექსის საბაზრო ეკონომიკის პირობებში განვითარების ცალკეული სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამების ძირითადი მიმართულებები

 

“ბაზარი არის ის რის მიხედვითაც შეიცნობენ წესრიგსა და უწესრიგობას მეურნეობის მდგომარეობაში”

 

აგროსასურსათო კომპლექსის საბაზრო ეკონომიკის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად განვითარებისათვის მნიშვნელოვანი როლი განეკუთვნება სამეცნიერო - ტექნიკურ პროგრესს, რასაც ემსახურება ქვეყნის აგრარიკოსთა ინტელექტუალური პოტენციალი.

საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირება დღის წესრიგში აყენებს ფუნდამენტურ კითხვებზე პასუხს:

რამდენი უნდა ვაწარმოოთ? (არსებული რესურსის რა ნაწილი უნდა იყოს გამოყენებული საწარმოო პროცესში?)
რა უნდა ვაწარმოოთ? (რა ასორტიმენტის საქონლის გამოშვება უფრო სრულად დააკმაყოფილებს საზოგადოების მატერიალურ მოთხოვნილებას?)
როგორ უნდა ვაწარმოოთ ეს პროდუქცია?
ვინ უნდა ღებულობდეს წარმოებულ პროდუქციას?
აქვს თუ არა ამ სისტემას ცვლილებებისადმი ადაპტაციის უნარი?
წარმოდგენილი ცალკეული პროგრამები არის ამ მიზნით დასახული ღონისძიებების მეცნიერული უზრუნველყოფის სტრატეგია უახლოესი პერიოდისათვის.

ა ნ ო ტ ა ც ი ა

1. რეგიონის აგრო - სასურსათო კომპლექსის ეკონომიკის განვითარების მოდელი (კონცეპტუალურ დონეზე).

აღნიშნულ პროგრამაში აისახება რეგიონის განვითარების ახალი კონცეპტუალური პრინციპები და მოტივაციები; ამოცანები და საბაზრო სტრატეგია; პრიორიტეტების სისტემა; რესურსული პოტენციალი; სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის და სერვისის სტრუქტურული გარდაქმნის ღონისძიებები; წარმოების სპეციალიზაციისა და დარგთა შეწონასწორებული განვითარების მოდელი ამათუიმ რეგიონში შემავალი რაიონების მიხედვით; ინვესტიციები და მოსალოდნელი შედეგები; დამუშავდება ბიზნეს გეგმის ტიპიური მოდელები კონკრეტულ საწარმოთა მაგალითზე; განისაზღვრება რეგიონის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის დონე და მისი რეგულირების მექანიზმი; სასურსათო პროდუქტების ექსპორტ - იმპორტი; შესაძლო საგარეო კავშირები და მათი შეფასება; რეგიონის დამოკიდებულება საქართველოს ბიუჯეტთან; აგრო - სასურსათო კომპლექსის განვითარების სახელმწიფო რეგულირება რეგიონში; მარკეტინგული სამსახურის ფუნქციონირების მოდელი; რეგიონის აგრო - სასურსათო კომპლექსის ოპტიმალური განვითარების მიმართულებები რაიონების მიხედვით.

პროგრამა ითვალისწინებს ......................................................... წლების პერიოდს.

2. მიზნობრივი სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამა - “მარცვალი” შეეხება მარცვლოვანი და მარცვლოვან - პარკოსანი კულტურების წარმოების ზრდისა და სტაბილური მოსავლიანობის მიღების ტექნოლოგიებისა და ტექნიკურ საშუალებათა დამუშავებასა და სრულყოფას.

ინტენსიური ტექნოლოგიების სრულყოფა და მათი წარმოებაში ეფექტურად გამოყენება ხელს შეუწყობს გადაწყდეს პროგრამული დავალება - ქვეყნის მოსახლეობის პურით და პურის პროდუქტებით დაკმაყოფილება.

3. სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამა - “ვაზი და ღვინო” ითვალისწინებს მევენახეობასა და მეღვინეობაში გამოყენებულ ტექნოლოგიებისა და ტექნიკურ საშუალებათა სრულყოფას და ყურძნის, ღვინისა და ღვინის პროდუქტების ხარისხის ამაღლების გზების ძიებას.

პროგრამით გათვალისწინებული საშუალებების შესრულებით გამოკვლეული და მიღებული იქნება მაღალი ღირსების ჰიბრიდული და ინტროდუცირებული ვაზის ჯიშები, გაუმჯობესდება არსებული და გამოყენებას ჰპოვებს გენეტიკური და კლონური სელექციის მეთოდები. სასუფრე ვაზის ჯიშებიდან გამოირჩევა სხვადასხვა სიმწიფის პერიოდის, ხოლო საღვინე და საშამპანურე მიმართულების ჯიშებიდან ადგილობრივ პირობებს კარგად შეგუებული უხვმოსავლიანი ექსტრემალურ პირობებისადმი გამძლე ჯიშები, გამოვლინდება და შეირჩევა კარგი ადაპტაციისა და აფინიტეტის უნარის მქონე ფილოქსერაგამძლე საძირე ვაზის პერსპექტიული ჯიშები; გამდიდრდება ჰიბრიდული ფონდი; ასევე შეივსება და გამდიდრდება უნიკალური ვაზის ჯიშთა ფონდი; დამუშავდება ვაზის სარგავი მასალის ვენახებისა და მოსავლის აღების ინტენსიური ტექნოლოგიები და ტექნიკური საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ვენახებში ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების და ეკოლოგიურად ჯანსაღი პროდუქციის წარმოებას.

შეისწავლება, დამუშავდება და უნიფიცირებული გახდება ტექნოლოგიური პროცესები, ნაკადური ხაზები და დანადგარები (მათ შორის მემბრანული ტექნოლოგიებისათვის), რითაც შესაძლებელი გახდება ქართული ღვინოების ხარისხის ამაღლება, კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება და დარგის რენტაბელობის ზრდა.

4. სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამა - “ხეხილოვანი კულტურები” ითვალისწინებს დამუშავდეს ამ კულტურების მოსავლიანობის ზრდისა და წარმოების გადიდების ინტენსიური ტექნოლოგიები და ტექნიკური საშუალებები.

გათვალისწინებულია გაფართოვდეს მრავალწლოვან კულტურებზე სელექციური მუშაობა ბიოტექნოლოგიის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, რათა შეიქმნას უხვმოსავლიანი, მაღალი საგემოვნო თვისებების მქონე, ექსტრემალური პირობებისადმი შედარებით გამძლე, ფართო დიაპაზონის მქონე ჯიშები და ჰიბრიდები; დაიხვეწოს და დამუშავდეს ხილ - კენკროვანი და კაკლოვანი კულტურების ჯანსაღი სარგავი მასალის წარმოების ტექნოლოგიები; ნარგაობათა მოვლისა და მოსავლის აღების ინტენსიური ტექნოლოგიები და სათანადო ტექნიკური საშუალებანი, მათ შორის, მცირე მექანიზაციის საშუალებანი, შეიქმნას მავნებელ - დაავადებათა წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდები მცენარეთა დაცვის ინტეგრირებულ სისტემაში.

5. სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამა - “ბოსტნეულ – ბაღ-ჩეული და ტექნიკური კულტურები” - მიზნად ისახავს შემუშავდეს და დაინერგოს მეცნიერული რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობენ შესასწავლი კულტურების მოვლის ინტენსიური ტექნოლო-გიების სრულყოფას, მათ შორის ალტერნატიული ტექნოლოგიური პროცესების დამუშავებას, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის მზარდი მოთხოვნილებების მაქსიმალურ დაკმაყოფილებას აღნიშნულ პროდუქტზე.

6. სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამა - “პროდუქტების შენახვა - გადამუშავება” - ითვალისიწნებს ხილბოსტნეულის, ტექნიკური კულტურების მოვლა - მოყვანას, შენახვა - გადამუშავებისა და ტრანსპორტირების პროგრესული ტექნოლოგიებისა და ტექნიკურ საშუალებათა დამუშავება - სრულყოფის სამუშაოებს.

- ახალი არატრადიციული პროდუქტების წარმოებას.

- ამა თუ იმ რეგიონის ადგილობრივი საწარმოების ბაზაზე ბავშვთა კვების პროდუქტების ასორტიმენტის გაფართოებას.

7. სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამა - “მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ტექნიკურ საშუალებათა დამუშავება, დამზადება და წარმოებაში გამოყენება”.

აღნიშნული პროგრამის რეალიზაციის მიზნით დამუშავებულია პირველი რიგის ტექნიკური საშუალებების და სერვისის ძირითადი პარამეტრები.

8. ასევე დამუშავებულია პროგრამები: “ჩაი”, “აბრეშუმი”, “ფუტკარი” და სხვ. ძირითადი პარამეტრები.

კონკრეტული დაკვეთისა და მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია აკადემიამ (საჭიროებისამებრ შესაბამისი ინტელექტუალური ძალებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით) აღნიშნული და სხვა საკითხები დაამუშაონ სახელშეკრულებო პრინციპებზე, სათანადო დროებითი საკონტრაქტო კოლექტივების - დსკ შექმნით (იხ. დსკ-ს დებულება).

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com