განჯის (აზერბაიჯანი) მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
2016 წლის 3-4 ოქტომბერს, ქ. განჯაში, აზერბაიჯანის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “საერთაშორისო თანამშრომლობა აგრარული მეცნიერების განვითარებისათვის, სასურსათო უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვისათვის”.
კონფერენციის ჩატარების მიზანს წარმოადგენდა: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთისათვის გაზიარება, გლობალური პრობლემების გადასაწყვეტად საერთო, რაციონალური გზების ძიება და რაც მთავარია, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების ჩაბმა აღნიშნული საკითხების განხილვაში.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდა 18 ქვეყნის მეცნიერი: ყოფილი საბჭოთა კავშირის, ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან. კერძოდ, მოლდოვადან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, რუმინეთიდან თურქეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ტაჯიკეთიდან, საქართველოდან და ა.შ. საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილი იყო 8 წევრით, შემდეგი დაწესებულებებიდან: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე), აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო (მინისტრის მოადგილე სულიკო ბერიძე), სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
მუშაობა წარიმართა ოთხ დარგობრივ სექციაში:
- აგრონომიული და აგროსაინჟინრო მიმართულებით;
- ვეტერინარული და ზოოსაინჟინრო მიმართულებით;
- ინჟინერინგის, ელექტროენერგეტიკის და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
- სოფლის მეურნეობის ეკონომიკის, აგრობიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებით.
კონფერენციის პირველ სამუშაო დღეს, ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრში, გაიმართა პლენარული სხდომა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის რექტორმა, აზერბაიჯანის ნაციონალური მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, პროფესორმა იბრაჰიმ ჯაფაროვმა. სიტყვით გამოვიდნენ ასევე აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქეთის, ტაილანდის, გერმანიის სამეცნიერო წრეებისა და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს კონფერენციის ირგვლივ და საკუთარი საქმიანობის შესახებ. საქართველოდან აუდიტორიას მიესალმა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, რომელმაც მოკლედ ისაუბრა საქართველოს სოფლის მეურნეობის პრიორიტეტების და სამომავლო გეგმების შესახებ. კონფერენციის გახსნას დაესწრო საქართველოს გენერალური კონსული აზერბაიჯანში მამუკა ბალავაძეც. პლენარული სხდომის დამთავრების შემდეგ, სექციების მუშაობა დარგების მიხედვით წარიმართა სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ბაზაზე. ვეტერინარულ და ზოოსაინჟინრო სექციაში თავიანთი კვლევები წარმოადგინეს ქართველმა მეცნიერებმაც. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სახელით მასპინძლებსა და კონფერენციის უცხოელ სტუმრებს მიესალმა სოფლის მეურნეობის დოქტორი მ. ბარვენაშვილი. განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა თემამ: “საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფა ეკოლოგიურად სუფთა თაფლითა და ფუტკრის პროდუქტებით”, რომელიც წარადგინეს სოფლის მეურნეობის დოქტორებმა მ. ფეიქრიშვილმა და მ. ბარვენაშვილმა. მოცემული საკითხის ირგვლივ ქართველ, აზერბაიჯანელ და მოლდოველ მეცნიერებს შორის გაიმართა საქმიანი დისკუსია. საინტერესო და საკმაოდ აქტუალური თემები წარმოადგინეს ასევე აზერბაიჯანელმა, თურქმა, ტაილანდელმა და მოლდოველმა მეცნიერებმაც.
კონფერენციის მასალები დაიბეჭდა შრომათა კრებულში, რომელიც გამოიცა 2 ტომად.
კონფერენციის ფარგლებში მოეწყო ექსკურსიები, სადაც მასპინძლებმა სტუმრებს გააცნეს ქ. განჯის ღირშესანიშნაობები, როგორიცაა პოეტ ნიზამი განჯევის მავზოლეუმი
და მუზეუმი, მეხსეთი განჯევის მუზეუმი, ქალაქის ციხე-გალავნის ალაყაფი, ცენტრალური მოედანი და სხვა. სტუმრებმა დაათვალიერეს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის აუდიტორიები, ბიბილიოთეკა, სპორტდარბაზი, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ანატომიის მუზეუმი, თევზსაშენი აუზები, მწყრის ფერმა, კიტრისა და პომიდვრის საცდელი სათბურები და ა.შ.
4 ოქტომბერს, კონფერენციის დახურვისას, უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა იბრაჰიმ ჯაფაროვმა აღნიშნა, რომ კონფერენციამ ჩაიარა მეტად საქმიან და სამუშაო ვითარებაში და რომ წარმოდგენილი ნაშრომები თავისი აქტუალობით და მნიშვნელობით პირდაპირ პასუხობდა კონფერენციის მოთხოვნებს. მისი აზრით, ასეთი ტიპის კონფერენციები ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის შემდგომ განვითარებას და არსებული გლობალური პრობლემების გადაჭრისათვის ახალი, ინოვაციური გზების გამოყენებას. კონფერენციაში მონაწილე მეცნიერებმა დიდი მადლობა გადაუხადეს მას და სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის მესვეურებს გულთბილი დახვედრისათვის და კონფერენციის საუკეთესო ვითარებაში წარმართვისათვის.






ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პეტრე კაზაკევიჩი. იგი იმყოფება საქართველოში ეკონომიკური თანამშრომლობის მესამე მოწვევის ბელარუსია-საქართველოს სამთავრობათაშორისო კომისიის შემადგენლობაში და მონაწილეობას იღებს ბელარუსიის რესპუბლიკის ეროვნულ გამოფენაში, რომელიც გაიმართება საგამოფენო კომპლექსში "ექსპო-ჯორჯია", თბილისი, 01-04 სექტემბერი, 2016 წელი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან სტუმარს ესაუბრენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკად. ე. შაფაქიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტ. ა. გიორგაძე, სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნები, აკადემიკოსები რ. მახარობლიძე, ზ. ცქიტიშვილი, ნ. ბაღათურია, აკად. ნ ჩხარტიშვილი, "საფერავი-ტვ"-ს დამფუძნებელი დ. კოსტარიოვი და სხვა.
მრგავლი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გ. ალექსიძემ, აკადემიის წევრებმა - აკადემიკოსებმა ო. ქეშელაშვილმა, ნ. ჩხარტიშვილმა, რ. მახარობლიძემ ე. შაფაქიძემ, აკადემიის წ/კ გ. ნიკოლეიშვილმა; პრეზიდენტის მოადგილემ დოქტ. ა. გიორგაძემ; სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დ. გალეგაშვილმა და მინისტრის მრჩევლებმა აკად. თ. კუნჭულიამ და შ. კიკალიშვილმა; საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა ლ. კვერნაძემ, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის თანამშრომლებმა; ხონის, მარტვილის ბაღდადის და ახმეტის რაიონების წარმომადგენლებმა; საქართველოს საპატრიარქოს და მეაბრეშუმეობის კორპორაციის წარმომადგენლებმა, "საფერავი ტვ"-ს გენერალურმა დირექტორმა დ. კოსტარიოვმა.
საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა "ქართული აბრეშუმის კორპორაციის" დამფუძნებელმა ჯიმი ჩხაიძემ, რომელმაც აღნიშნა კორპორაციის მიერ ჩატარებული საქველმოქმედო საქმიანობა - საქართველოში 100000 თუთის ჰიბრიდული ნერგის შემოტანა და მათი ფერმერებისათვის საჩუქრად გადაცემა, რაიონებში მეაბრეშუმეობის კოოპერატივების ჩამოყალიბება (ხარაგაული, ახმეტა) და მათი ტექნიკური აღჭურვა, სხვა საქველმოქმედო ღონისძიებები.
2016 წლის 14 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე ინვესტორების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა აზერბაიჯანის ქალაქ შეკში მეაბრეშუმეობის საკითხებთან დაკავშირებით. მას თან ახლდა საქართველოს სამხარეო განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ასოციაციის წევრები გიორგი ჟღენტი_აღმასრულებელი დირექტორი და გიორგი მენთეშაშვილი _ ასოციაციის წევრი.
აღნიშნული შეხვედრები საინტერესო იყო იმითაც, რომ ინვესტორები გაეცნენ აბრეშუმის ძაფისა და აბრეშუმის ქსოვილის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიებს და ავტომატურ ტექნოლოგიურ ხაზებს, აგრეთვე აბრეშუმის ძაფიდან მიღებული ქსოვილის დამუშავების თანამედროვე მეთოდებს, ხოლო აკადემიკოსი ე. შაფაქიძე, როგორც BASCA-ს კოორდინატორი საქართველოში, ადგილზე გაეცნო მეაბრეშუმეობის მიმართულებით აზერბაიჯანში არსებულ მდგომარეობას, რათა საქართველო მომზადებული შეხვდეს BASCA-ს VIII საერთაშორისო კონგრესს 2017 წლის აპრილში, რომელიც სწორედ აზერბაიჯანის ქალაქ შეკში გაიმართება.