2019 წლის 18 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: „კენკროვანი კულტურების (ლურჯი მოცვი, მაყვალი, ჟოლო) ინტროდუცირებული ჯიშებისა და ფორმების მორფოლოგიური და სამეურნეო თავისებურებები აჭარის პირობებში.
მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე მამუკა თურმანიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პარლამენტისა და აგრარული კომისიის წევრი მერაბ ბლადაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი რეზო ჯაბნიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ნატო ჯაბნიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების უფროსი ედიშერ დიასამიძე, ამავე სამინისტროს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გიორგი მახარაძე, სამინისტროს თანამშრომლები თამაზ ბერიძე და ოლეგ გვარიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის პროფესორები - ოთარი შაინიძე, შოთა ლამპარაძე, ლამზირა გორგილაძე, ნუნუ ნაკაშიძე, ინგა გაფრინდაშვილი, ნოდარ ბერიძე, უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლები, მეცნიერებათა აკადემიური დოქტორები გიორგი ჯაბნიძე, ნანა კონცელიძე, მერაბ არძენაძე, დოქტორანტი მირზა ყურშუბაძე, მაგისტრანტები ლაშა მელაძე, რეზო დოლიძე, გიორგი ფუტკარაძე, მუხრან ანანიძე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის განყოფილების უფროსი ავთო ჩიტიშვილი.
სიტყვაში გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ 2015 წლიდან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხორციელდება სახელმწიფო პროექტის - „დანერგე მომავალი“ კენკროვნების ქვეკომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს ლურჯი მოცვის, მაყვლის, ჟოლოს და სხვა კენკროვანების ინტენსიური ბაღების გაშენებას კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში. ვინაიდან აჭარაში ეს პროექტი ახლად იკიდებს ფეხს, ამიტომ დღის წესრიგში დადგა რეგიონის ფერმერულ მეურნეობებში გაშენებული ინტროდუცირებული კენკროვანი კულტურების სხვადასხვა ჯიშებისა და ფორმების მეცნიერულ დონეზე შესწავლა, რომლის სიახლეა ის, რომ აჭარის რეგიონში პირველად ისწავლება ინტროდუცირებული კენკროვანი კულტურების (ლურჯი მოცვი, უეკლო მაყვალი, ჟოლო) ჯიშებისა და ფორმების მორფო-ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებები.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხუთივე მუნიციპალიტეტში შერჩეულ კვლევის ობიექტებზე, ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ზემოთ ჩამოთვლილი კენკროვნებიდან გამორჩეული იქნება პერსპექტიული ფორმები სამეურნეო მაჩვენებლების მიხედვით, რომლებზედაც მომზადდება რეკომენდაციები და პუბლიკაციები.
აჭარის ნიადაგურ - კლიმატური პირობები ესადაგება ლურჯი მოცვის, უეკლო მაყვლისა და ჟოლოს კულტურის მოვლა-მოყვანას, რადგან აღნიშნული კულტურების ჯიშები განსაკუთრებულ მოთხოვნებს არ უყენებს გარემო პირობებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ ლურჯი მოცვის კულტურა კარგად ხარობს და მაღალ მოსავალს იძლევა ნაჩაიარ ნიადაგებზე, რომლებსაც მჟავე რეაქცია ახასიათებს. სწორედ ასეთი ნიადაგებია ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში.
მას შემდეგ, რაც აჭარის რეგიონში დაიწყეს კენკროვანი კულტურების (მოცვი, უეკლო მაყვალი, ჟოლო) სხვადასხვა ჯიშების ინტროდუქცია და მოვლა-მოყვანა, კიდევ უფრო გაიზარდა მათი პოპულარობა. სწორედ, აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა ამ კულტურებზე სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიხედვით სამეცნიერო კვლევების ჩატარება - მცენარეთა აგროტექნიკისა და სელექციის მიმართულებით. კვლევის შედეგებიდან გამომომდინარე, ფერმერებს მიეცემათ რეკომენდაციები კენკროვანთა იმ ჯიშებისა და ფორმების შესახებ, რომლებიც გამოირჩევიან დადებითი ბიოლოგიური და სამეურნეო მაჩვენებლებით, კარგად ეგუებიან ადგილობრივ ნიადაგურ - კლიმატურ პირობებს და სათანადო აგროტექნიკური ღონისძიებების გატარების შედეგად მაღალ და ხარისხიან მოსავალს იძლევიან.
სიტყვით გამოვიდნენ და მრგვალი მაგიდის შედეგები შეაჯამეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ მამუკა თურმანიძემ და აკადემიკოსმა რეზო ჯაბნიძემ.