2014 წლის 26 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართა სემინარი “მარცვლეული კულტურების მოსავლიანობის ამაღლების გენეტიკური და სელექციური საფუძვლები”. სემინარს ესწრებოდნენ როგორც სსმმ აკადემიის წევრები, ისე მოწვეული სტუმრები – მეცნიერები, დარგის სპეციალისტები და წარმოების წარმომადგენლები, მათ შორის
სსმმ აკადემიის აკადემიკოსები გ. ალექსიძე, გ. ჯაფარიძე, პ. ნასყიდაშვილი, გ. მარგველაშვილი, ჯ. ონიანი, გ. ცაგურიშვილი, ვ. კვალიაშვილი, ნ. ჩხარტიშვილი, სსმმ აკადემიის წევრ-კორესპონდენტები ო. ლიპარტელიანი, თ. თურმანიძე, ე. შაფაქიძე, აკადემიის სწავლული მდივანი აკად. დოქტ. ა. გიორგაძე, აკად. დოქტორი ქ. მჭედლიშვილი, პრეზიდენტის თანაშემწე თ. ეპიტაშვილი, მოწვეული სტუმრები.
სემინარი გახსნა და შესავალი სიტყვა წარმოთქვა სსმმ აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გ. ალექსიძემ. სემინარზე ძირითადი მოხსენება გააკეთა აკად. პეტრე ნასყიდაშვილმა თემაზე: “გენეტიკური რესურსების მნიშვნელობა და გამოყენება სელექციაში”. მოხსენების ირგვლივ გაიმართა კამათი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: აკად. დოქტორმა ნ. ჩხუტიაშვილმა (ხორბლის კულტურები), საუ-ის სრ. პროფესორმა ც. სამადაშვილმა (ტრიტიკალეს კულტურა), ო. აკად. წ/კ ო. ლიპარტელიანმა და შპს “ლომთაგორას” მეცნ. მუშაკმა ზ. ჯინჯიხაძემ (სიმინდის კულტურა), სმ მეცნიერებათა კანდიდატმა ზ. სარალიძემ (ქერის კულტურა), სმ მეცნიერებათა კანდიდატმა თ. კოდუამ (პარკოსნების კულტურა), პროფ. ი. ზედგენიძემ (კარტოფილის კულტურა).
სემინარზე დაისვა მარცვლეული კულტურების მოსავლიანობის და ხარისხობრივი მაჩვენებლების გადიდების ღონისძიებების გატარების აუცილებლობის საკითხები და წარმოდგენილი იქნა რამდენიმე წინადადება და რეკომენდაციები, მათ შორის:
- მოამზადდეს საგაზეთო სტატია და საქართველოში შეიქმნას “ხორბლის სახლი” (სადაც თავმოყრილი იქნება შესაბამისად ჯიშები, გაეცნობიან რეკომენდაციებს და აგროტექნიკურ ღონისძიებებს და ა. შ.) – აკად. გ. ალექსიძე;
- კარტოფილის მეორადი მეთესლეობის ღრმად შესწავლისათვის სსმმ აკადემიის აგრონომიულ სამეცნიერო განყოფილებაში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და შემუშავდეს ღონისძიებების გეგმა-გრაფიკი – პროფ. ი. ზედგენიძე;
- ეთხოვოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზაცია გაუკეთოს საშემოდგომო ხორბლის “ვარძია” სათესლე მასალის შეძენას ფერმერებისაგან –აკად. დოქტ. გ. ხუციშვილი;
- აღინიშნა, რომ საქართველოში საბედნიეროდ Dდღეისათვის არ არსებობს გენმოდიფიცირებული ხორბალი, ხოლო ქვეყნის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ არა სწორ ინფორმაციებს, რასაც სჭირდება აკადემიის მხრიდან მჭიდრო კონტაქტი პრესასთან და ტელევიზიებთან – აკად. გ. ალექსიძე.