საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამოც წელზე მეტი მეცნიერების და პროგრესის სამსახურში

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინოვაცია, სიახლე, განვითარება...

სამეცნიერო განყოფილებები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

2013 წლის საქმიანობის

მოკლე ანგარიში

2013 angarishi

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

აკადემიკოსი გურამ ალექსიძე

ბატონებო, გასული წელი გარდამტეხი იყო არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ ჩვენი აკადემიის ცხოვრებაშიც. ქვეყანაში დამთავრდა ერთმმართველობისა და განუკითხაობის პერიოდი, დაიწყო ახალი ერა აღმშენებლობის, კოლექტიური და დემოკრატიული მართვის პერიოდი. ვფიქრობ ეს ჩვენი აკადემიის მუშაობაშიც შეიმჩნევა.

ჩემს გამოსვლაში შევეცდები მოკლედ მიმოვიხილო ის სამუშაოები, რაც გასულ წელს ჩატარდა, ამავე დროს შევაჩერო თქვენი ყურადღება იმაზე, თუ რა პრობლემის წინაშე ვდგევართ და რა უნდა განხორციელდეს მიმდინარე წელს. ვთვლი, რომ არაა საჭირო ბევრ საკითხზე დეტალურად შევჩერდე, რადგან ეს ფართოდაა მოცემული თქვენს ხელთ არსებულ წლიურ ანგარიშში. ამავე დროს, ვფიქრობ კამათში გამომსვლელი აკადემიკოსები და სტუმრები შეავსებენ როგორც ჩემს მოხსენებაში დასმულ საკითხებს, ასევე წარმოაჩენენ სხვა მრავალ პრობლემას, რისი განხორციელებაც აუცილებელი იქნება.

პირველ რიგში ძალზედ მოკლედ მინდა ავღნიშნო აკადემიური საბჭოს მუშაობა; სულ ჩატარდა 14 სხდომა, სადაც განხილული იქნა სოფლის მეურნეობის 59 აქტუალური საკითხი სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროდან. მიღებული იქნა შესაბამისი დადგენილებები, რომლებიც რეაგირებისათვის გადაეგზავნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროს და სხვა შესაბამის უწყებებს. რიგ შემთხვევებში მიღებულია დადებითი გამოხმაურება და წინადადებები ერთობლივი მუშაობის ჩასატარებლად.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა აკადემიის ორგანიზაციული მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, კერძოდ ჩამოყალიბდა დარგობრივი ეროვნული კოორდინატორის ინსტიტუტი. ეროვნულ კოორდინატორებად არჩეულნი არიან აგრარული მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენლები. სულ 26, მათგან 22 აკადემიის წევრია, დანარჩენი კი ჩვენი ქვეყნის სხვა გამოჩენილი სპეციალისტი. შერჩეული დარგებია: მევენახეობა, მეღვინეობა, მეხილეობა, ჩაი და სუბტროპიკული კულტურები, სასოფლო – სამეურნეო ეკოლოგია, აგროქიმია – ნიადაგმცოდნეობა, მეცხოველეობა, საკვებწარმოება, ვეტერინარია, მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავება, მეაბრეშუმეობა, სოფლის მეურნეობის მექანიზაცია, სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაცია და ავტომატიზაცია, სასოფლო – სამეურნეო ჰიდრომელიორაცია, სასოფლო – სამეურნეო პროდუქტების შენახვა და გადამუშავება, მეტყევეობა, მეფუტკრეობა.

ეროვნული კოორდინატორის ერთ – ერთი ძირითადი ფუნქციაა დარგობრივ ჯგუფებთან ერთად მოიძიოს და მიიღოს ინფორმაცია დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ, განსაზღვროს პრიორიტეტული მიმართულებები და დასახოს კონკრეტული ღონისძიებები დარგის შემდგომი განვითარებისათვის.

დარგობრივ ჯგუფში უკვე გაერთიანებულია ჩვენი ქვეყნის 150-მდე ცნობილი მეცნიერი და პრაქტიკოსი, რომლებიც ამავდროულად აწარმოებენ ფერმერებისათვის უფასო კონსულტაციებს. ცნობა ამის შესახებ გამოქვეყნდა გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკა”-ში და ჟურნალ “ახალ აგრარულ საქართველოში”. ამ ინფორმაციამ ფერმერებში მნიშვნელოვანი დაინტერესება გამოიწვია. პირადად ჩემს მიერ უკვე გაცემულია 10-მდე კონსულტაცია მცენარეთა დაცვის სხვადასხვა საკითხზე. ასევეა სხვებიც.

ეროვნული კოორდინატორების უშუალო ხელმძღვანელობით აკადემიაში ჩატარდა 10 მრგვალი მაგიდა და სემინარი, სადაც მონაწილეობა მიიღეს ჩვენი აკადემიის წევრების გარდა, აგრარულ დარგში მომუშავე მაღალკვალიფიციურმა მეცნიერებმა და წარმოების სპეციალისტებმა. ასეთი შეხვედრები ჩატარდა მებოსტნეობის, სოფლის მეურნეობის მექანიზაციის, ქართული ფუტკრის გადარჩენის საკითხებზე, მეაბრეშუმეობის განვითარების საკითხებზე, მთიანი ტყეების არსებულ მდგომარეობასა და მისი მდგომარეობის გაუმჯობესების გზებზე, მეხილეობის, მცენარეთა დაცვის საკითხებზე, სუბტროპიკული კულტურების არსებულ მდგომარეობაზე (დაბა ანასეულში), მეცხოველეობის საკითხებზე, სეტყვის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე და სხვა, რომელთა განხილვაშიც ჯამურად მონაწილეობა მიიღო 250-მდე სპეციალისტმა. ღონისძიებები რეაგირებისათვის გადაეგზავნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო რამოდენიმე კვირის წინ ჩატარებული მრგვალი მაგიდა, რომელიც მოეწყო სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსმმ აკადემიის თაოსნობით და მიეძღვნა სასოფლო – სამეურნეო კოოპერატივების განვითარებას. მუშაობაში მონაწილეობა მიიღი სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ და სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი მიშელაძემ, თათბირის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ჩვენი აკადემიის ეკონომიკური დარგის აკადემიკოსებმა: ნაპოლეონ ქარქაშაძემ, ნოდარ ჭითანავამ, თამაზა კუნჭულიამ, ომარ ქეშელაშვილმა, პაატა კოღუაშვილმა და სხვებმა. თათბირს დაესწრო 100-მდე წარმომადგენელი საქართველოს რეგიონებიდან.

ცალკე მსჯელობის საკითხია სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, რაზეც აკადემიის წევრებმა ძალზედ აქტიურად იმუშავეს (აკად. ნ. ჭითანავა, აკად. გ. ჯაფარიძე, აკად. შ. ჭალაგანიძე, აკად. ზ. ცქიტიშვილი და აკადემიის ეროვნული კოორდინატორები). უკვე მომზადებულია პირველი ვარიანტი თითოეულ დარგში არსებული მდგომარეობის და განვითარების პერსპექტივების შესახებ. ამ საკითხზე ნაკლებად ვისაუბრებ, რადგან აკად. ნოდარ ჭითანავა კონკრეტულად ხელმძღვანელობს ამ მიმართულებას და ვფიქრობ ის უფრო ფართოდ შეეხება მას.

საანგარიშო წელს გაფართოვდა აკადემიის კონტაქტები და თანამშრომლობა სხვადსხვა სამეცნიერო, საგანმანათლებლო და სამთავრობო ორგანიზაციებთან. შესაბამისად გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და საქართველოს პროფესიული განათლების ფონდთან (ბატონი ალექსანდრე ეჯიბაძე), სოფლის მეურნეობის დარგებში პროფესიული განათლების გაუმჯობესებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თაობაზე; სამეცნიერო-საინფორმაციო ჟურნალ “ახალ აგრარულ საქართველო” –თან (ბატონი შოთა მაჭარაშვილი), საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან (რექტორი ლაშა გოცირიძე), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (რექტორი გიორგი ღავთაძე), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან (მინისტრი ზაურ ფუტკარაძე).

მნიშვნელოვანი იყო თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება უკრაინის ქ. ვინნიცის ეროვნულ აგრარულ უნივერსიტეტთან და ყაზახეთის სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციისა და მექანიზაციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან.

ცალკე მინდა გამოვყო საერთაშორისო თუ რესპუბლიკურ თათბირებში მონაწილეობა. გასულ წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: “ინოვაციური ტექნილოგიები აგრარული სექტორის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის”. კონფერენცია ჩატარდა შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

კონფერენციის მონაწილეებისათვის მომზადებული იქნა და დაიბეჭდა 462 გვერდის მოცულობის კონფერენციის შრომათა კრებული. აღნიშვნის ღირსია აკადემიის თანამშრომლების სსმმ აკადემიის წ/კ ელგუჯა შაფაქიძის, ანატოლი გიორგაძის და თინათინ ეპიტაშვილის კარგი მუშაობა ამ ღონისძიების მაღალ დონეზე ჩასატარებლად. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 110 სტუმარმა საზღვარგარეთიდან და საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებიდან, მათ შორის მეცნიერებმა აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტებიდან, ქუთაისის ა. წერეთლის უნივერსიტეტიდან, ბათუმის შ. რუსთაველის უნივერსიტეტიდან, ცალკეულმა აგრარიკოს მეცნიერებმა და ფერმერებმა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და ბონის (გერმანია) უნივერსიტეტის მეცნიერების განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩვენს აკადემიაში გაიმართა საერთაშორისო სემინარი თემაზე: “სასოფლო სამეურნეო განათლების და ცოდნის გავრცელების პრობლემები სოფლის მეურნეობაში”. მასში ქართველებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს გერმანელმა, ჰოლანდიელმა და უკრაინელმა მეცნიერებმა.

უკრაინის ქალაქ კამიენეც-პოდოლსკის სახელმწიფო აგრარულ-ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა მე-3 საერთაშორისო პრაქტიკული - სამეცნიერო კონფერენცია „ ზოოტექნიკური მეცნიერება: ისტორია, პრობლემები, პერსპექტივები“.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან: მოლდოვა, რუსეთი, ბელორუსია, პოლონეთი, რუმინეთი და სხვა. საქართველოდან მოხსენებით გამოვიდა აკადემიის სწავლული მდივანი ანატოლი გიორგაძე.

ბულგარეთის ქალაქ ვარნაში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია თემაზე ”მანქანები სოფლის მეურნეობაში“.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების 88-ზე მეტი მეცნიერი. საქართველოდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა აკადემიკოსი ჯემალ კაციტაძე, რომელიც ამავე დროს ხელმძღვანელობდა ერთ – ერთ სექციას.

ქ. ქუთაისში ჩატარდა სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია „აგრარიკოს მეცნიერთა კვლევის შედეგების კომერციალიზაცია“.

კონფერენციის მიზანი იყო საქართველოს აგრარიკოს მეცნიერთა კვლევის შედეგების წარმოჩინება და გაცნობა საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო და ადგილობრივ ფონდების და ბიზნეს წრეებისათვის.

ჩვენი აკადემიიდან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებებით გამოვიდნენ აკად. გ.ალექსიძე, აკად. რ.მახარობლიძე, აკად. ჯ.ჯაციტაძე, აკად. ვ.ცანავა, აკადემიის წ/კორესპონდენტი ე.შაფაქიძე, აკადემიის წ/კორესპონდენტი რ.ჯაბნიძე, სწავლული მდივანი აკად. დოქტ. ა. გიორგაძე.

ქ. ბაქოში (აზერბაიჯანი) ჩატარდა ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების აგრარული კვლევების საკოორდინაციო სამეთვალყურეო საბჭოს მე-16 სხდომა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს წარმომადგენლებმა. საქართველოდან მუშაობაში მონაწილეობა მიიღო აკადემიკოსმა გ. ალექსიძემ, რომელმაც ილაპარაკა იმ წარმატებაზე, რაც მიღწეული იქნა ბოლო წლებში “სიჯიარის” სისტემის კვლევით ცენტრებთან ერთობლივი თანამშრომლობით; კერძოდ ხორბლის, სიმინდის, მუხუდოს, კარტოფილის ახალი ჯიშების გამოცდით და მათი წარმოებაში გავრცელებით, მცენარეთა გენბანკის შექმნით საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, ასევე ვაზის და ხეხილის კოლექციის შექმნით ფირმა ,,აგრო-ქართუს” მიერ, სადაც თავმოყრილია ,,ინ-სიტუ” კოლექციებში საქართველოში გავრცელებული ვაზის და ხეხილის ადგილობრივი და ინტროდუცირებული ჯიშები.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ სტუმრად მიიღო ქ. პოზნანის (პოლონეთი) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის ხელმძღვანელები, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს აკადემიასთან სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ, რომელზეც ხელი მოეწერება მიმდინარე წელს. ასევე გადაწყდა ევროკავშირის გრანტის მოსაპოვებლად ერთობლივი მუშაობების დაწყება.

გასულ წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში შეიქმნა საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი, რომელშიც გაერთიანებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, აგრარული უნივერსიტეტის, მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკის, ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრი “აგრო ქართუ”-ს, ილიას უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის და სხვა ორგანზიაციების წარმომადგენლები. არჩეული იქნა ცენტრის ხელმძღვანელები და დარგის კოორდინატორები.

ცენტრი საწყის ეტაპზე მოახდენს საქართველოში გავრცელებული სასოფლო – სამეურნეო მცენარეთა (აგრეთვე მათი გარეული მონათესავე სახეობების) და ცხოველთა ინვენტარიზაციას, რათა მომზადდეს პირველი კრებული, სადაც აბორიგენული და ინტროდუცირებული მცენარეების და ცხოველების ჩამონათვალი იქნება, ოთხ ენაზე: ქართულ, ლათინურ, ინგლისურ, რუსულ ენებზე. კატალოგის პირველი ვერსია მიმდინარე წელს გამოქვეყნდება.

ცალკე მინდა გამოვყო საკითხი აკადემიისა და პარლამენტის აგრარული კომიტეტის შორის ურთიერთობის შესახებ. საინტერესოა, რომ გასულ წელს აკადემიამ მნიშვნელოვნად გააფართოვა მუშაობა საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან, განსაკუთრებით ეს ეხება აგრარული და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებს. ჩატარდა რამდენიმე სხდომა რომელშიც აკადემიის წევრებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს. ეს ეხებოდა კანონში “ვაზი და ღვინო” ცვლილებების შეტანას (აკად. ნ. ბაღათურია, აკად. ნ. ჩხარტიშვილი), მეცხოველეობისა და რძის მრეწველობის განვითარებას (აკად. ზ. ცქიტიშვილი, აკად. თ. ყურაშვილი), კომიტეტში შეიქმნა მეცნიერებისა და კონსულტირების საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც დარგების მიხედვით შევიდნენ: აკად. გ. ალექსიძე, აკად. რ. მახარობლიძე, აკად. ზ. ცქიტიშვილი, აკად. თ. ყურაშვილი, აკად. ნ. ჩხარტიშვილი, რომელთა მიერ უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფები და მზადდება წინადადებები კომიტეტში განსახილველი საკითხების. ვფიქრობთ, რომ კანონშემოქმედებითი სამუშაოები უნდა გახდეს ჩვენი აკადემიის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. უკვე შეტანილია აკადემიაში მომზადებული კანონის პროექტი “ქარსაფარი ზოლების” შესახებ (აკად. გ. ჯაფარიძე, აკად. რ. ჩაგელიშვილი, მეცნ. დოქტ. გ. გაგოშიძე). მზადდება კანონები “მცენარეთა გენეტიკური რესურსების შენახვისა და გამოყენების შესახებ” (აკად. გ. ალექსიძე, ჯგუფთან ერთად). არის კიდევ რამდენიმე წინადადება მექანიზაციის (აკად. რ. მახარობლიძე), აგროქიმიის (აკად. გ. მარგველაშვილი, აკად. ო. ზარდალიშვილი) და სხვა მიმართულებებით.

მოკლედ მინდა შევეხო ჩვენი აკადემიის ურთიერთობას საერთაშორისო კვლევით ცენტრებთან. ის, რომ წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ (ოფიციალური ხელშეკრულებების დონეზე) ისეთ საყოველთაოდ აღიარებულ კვლევით ორგანიზაციებთან, როგორიცაა: “იკარდა” (მშრალი რეგიონების კვლევითი ცენტრი), “სიმიტი” (ხორბლისა და სიმინდის სელექციის ცენტრი), “იკრისატი” (ნახევრად ტროპიკული ქვეყნების კვლევითი ცენტრი), “ბიოვერსიტი” (მცენარეთა გენეტიკური რესურსების კვლევითი ცენტრი), “აცირო” (მებოსტნეობის მსოფლიო ცენტრი), ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, რუსეთის ვავილოვის მემცენარეობის კვლევითი ინსტიტუტი, ბონის უნივერსიტეტი; ის, რომ ვართ “სიჯიარის” სისტემის რეგიონალური სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ქვეყანა; “კაკაარის” – შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ქვეყანა, რომ გვაქვს სახელშეკრულებო ურთიერთობები უკრაინის ორ უნივერსიტეტთან და სხვა, ამაზე ჩვენ ადრეც გვილაპარაკია. გვილაპარაკია იმაზეც, თუ რა სიკეთე მოაქვს ამ ორგანიზაციებთან ურთიერთობას, კერძოდ ახალი სელექციური ჯიშების მიღებაში, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში და სხვა. დღეს ამ საკითხებზე აქ აღარ ვისაუბრებთ, მინდა მხოლოდ ერთი დავუმატო, რომ გასულ წელს აკადემიის ხელმძღვანელობით ჩატარდა ორი საერთაშორისო ექსპედიცია მცენარეთა გენეტიკური რესურსების მოძიების მიზნით, რომელშიც ქართველ სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს რუსეთის, ჰოლანდიის, ჩეხეთის და სამხრეთ კორეის მეცნიერებმა. საინტერესოა, რომ ასეთი შეხვედრების შედეგად, ამჟამად მზადდება ხელშეკრულება ჩვენსა და კორეის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის, მათ შორის აგრობიომრავალფეროვნების ხაზით ერთობლივი კვლევების ჩატარების შესახებ. ისიც მინდა მოგახსენოთ, რომ “ფაოსთან” შეიქმნა კვლევის ახალი პლატფორმა ტროპიკული ქვეყნებისათვის, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა შუა აზიასა და სამხრეთ კავკასიია რეგიონიდან დაგვევალა ჩვენ, თუმცა როგორი ფორმით ვითანამშრომლებთ, ეს ჯერ კიდევ დასაზუსტებელია.

გასულ წელს, აკადემიის თანამშრომლები მონაწილეობას იღებდნენ რუსთაველის ფონდით დაფინანსებული 4 საგრანტო თემის შესრულებაში, რომელთა ხელმძღვანელებიც არიან: აკად. გურამ ალექსიძე, აკად. რ. მახარობლიძე, აკად. ჯ. კაციტაძე, აკად. თ. ურუშაძე, აკად. ა. დიდებულიძე – ასრულებდა ევროკავშირის ერთ პროექტს, ხოლო აკადემიის წ/კ რ. ჯაბნიძე – აჭარის სამინისტროს დაფინანსებით 1 პროექტს.

ამავე დროს, მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის გრანტების მოსაპოვებლად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეშვეობით (მინისტრის მოადგილე, ბატონი თ. მარსაგიშვილი) აკადემიაში მომზადდა 9 პროექტი ინგლისურ ენაზე, რომელთა შორის ერთ – ერთი სამთო სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებს ეხება. თუ ეს პროექტი დაფინანსდა, მაშინ აკადემიის ბევრ თანამშრომელს საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს მის შესრულებაში. პროექტი, ჩვენი გათვლებით 1.5 მლნ. დოლარის დაფინანსებას ითვალისწინებს და მისი ძირითადი მიმართულებებია: ეროზიასთან ბრძოლა; ბიომრავალფეროვნების დაცვა; წყლის ოპტიმალური გამოყენება; ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღება, მათი გადამუშავება და სხვა მთის ეკოსისტემებში.

ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია აგრარული პროფილის კვლევითი ინსტიტუტების მდგომარეობა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი აკადემია არის მთავრობის მრჩეველი აგრარულ საკითხებში და ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა ამ საკითხებზე დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. მრავალჯერ აგვიღნიშნია პრესაშიც, თათბირებზეც, რომ აგრარული პროფილის ინსტიტუტები უნდა იყოს ერთი ორგანიზაციის - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში, მაგრამ საკითხი კვლავ გადაუჭრელია, თუ ასე კიდევ დიდხანს გაგრძელდება საქართველოში აგრარული მეცნიერება აღარ იარსებებს, ხოლო ის ფრაგმენტული კვლევები, რაც უნივერსიტეტებში მიმდინარეობს, არაა საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ კომპლექსურად, ის მნიშვნელოვანი პრობლემები, რაც დღეს სოფლის მეურნეობის წინაშე დგას. კვლევითი ინსტიტუტები, რომელთაც ოდესღაც დიდი აღიარება და საერთაშორისო მნიშვნელობა ჰქონდათ აღარ არსებობს. ამიტომ, ჩვენ ერთხელ კიდევ გვინდა დავაფიქსიროთ აკადემიის პოზიცია და მთავრობას შევთავაზოთ ჩვენი ხედვა აკადემიის სისტემაში ოთხი კვლევითი ცენტრის შექმნის თაობაზე, ესაა: მემცენარეობის, მეცხოველეობის, აგრარული ტექნოლოგიების და ეკოლოგიის, კვების პროდუქტების შენახვის და გადამუშავების.

ასეთი კვლევითი ცენტრების შექმნა აკადემიის სისტემაში, საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ მაქსიმალური კოორდინაცია ყველა იმ აგრარული პროფილის დარგის, რომელიც პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის.

ამავე დროს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია აკადემიის სისტემაში ჩამოყალიბდეს “ახალი ტექნოლოგიების (ჯიშების) გავრცელების განყოფილება”, რომელიც ზემოთ აღნიშნულ კვლევით ცენტრებთან უშუალო თანამშრომლობით მოახდენს იმ პრაქტიკული ღონისძიებების შერჩევას და გავრცელებას, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია დღევანდელი სოფლის მეურნეობისათვის. ეს ღონისძიებები უნდა განხორციელდეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო ცენტრებთან ერთობლივი თანამშრომლობით. ასეთი სისტემა მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული და ის ჩვენთანაც უნდა შემოვიღოთ, რათა დავანახოთ ფერმერებს უპირატესობა ახალი პროგრესული ღონისძიებების, სხვა მეთოდებთან შედარებით.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენი ფერმერების ცოდნის დონე სასურველზე დაბალია. ამ საკითხის სწორედ გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ჩვენმა აკადემიამ. ამ მიზნით განსაზღვრული გვაქვს შევქმნათ “ფერმერთა კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივმოქმედი კურსები”, რომელსაც უხელმძღვანელებენ აკადემიის გამოცდილი სპეციალისტები. ასეთი კურსები პირველ ეტაპზე შესაძლებელია იყოს სახელმწიფო დაფინანსებით, შემდგომში კი თავიანთი სწავლება თვითონ ფერმერებმა უნდა დააფინანსონ. კურსები იქნება მოკლევადიანი (1-3 თვე) და გრძელვადიანი (6 თვემდე), სადაც ფერმერები გაეცნობიან სასოფლო – სამეურნეო კულტურათა მოვლა – მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებს, საბაზრო ურთიერთობებს, კოოპერირების საკითხებს და მრავალ სხვა საკითხს, რომელთა ცოდნაც თანამედროვე ფერმერისათვის აუცილებელია. აღნიშნული ღონისძიების განხორციელებას მხარს უჭერს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საკითხი მხოლოდ მის დაფინანსებაშია. კონცეფცია და პროგრამა ასეთი კურსების ჩამოყალიბების, უკვე დამუშავებულია (აკად. ო. ქეშელაშვილი), ახლა საჭიროა მისი პრაქტიკული რეალიზება და დაფინანსება.

უაღრესად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა აგრარიკოს მეცნიერთა მომზადების საკითხი. წლების წინ აკადემიის სისტემაში ფუნქციონირებდა ასპირანტურა და ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოები, რომლებიც განაწილებული იყო დარგობრივ ინსტიტუტებში. ამჟამად ყველაფერი ეს, დოქტურანტურის სახით, არის აგრარული და ნაწილობრივ ტექნიკური უნივერსიტეტების სისტემაში, რაც ჩვენის აზრით ვერ აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს. ამავე დროს, დოქტორანტების მიერ მომზადებული დისერტაციების დიდი ნაწილი ვერ პასუხობენ თანამედროვე კვლევის მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია შეიქმნას აკადემიის სისტემაში დოქტურანტურა და ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოები, რისი გამოცდილებაც აკადემიას წარსულ წლებში ჰქონდა.

ყოველივე აღნიშნულის განხორციელების შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში შეიქმნება ძლიერი აგრარული კვლევის ცენტრი, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის აღმშენებლობის პროცესში. ვფიქრობთ, რომ ეს საშვილიშვილო საქმეა და მასზედ დახარჯული ყოველი ლარი მომავალში ათმაგად იქნება ანაზღაურებული.

ასეთი მოსაზრება ჩვენის აზრით სწორია. ეს მსოფლიო პრაქტიკამაც დაადასტურა (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, რუსეთი, უკრაინა, ტაჯიკეთი და სხვა) და ეჭვი არ მეპარება, რომ მას მხარს უჭერს აკადემიის ყველა წევრი. თუმცა ჩვენი მოსაზრება ერთია და რეალობა კი სხვა. დღეს აგრარულ დარგს სამეცნიერო მომსახურებას უწევს ან შექმნის პროცესშია 5 ორგანიზაცია, აგრარული უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეროვნული აკადემიის სოფლის მეურნეობის განყოფილება და ჩვენი აკადემია. აქ ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორი სახის კოორდინაცია უნდა არსებობდეს ამ ორგანიზაციებს შორის, რათა მოვახდინოთ ძალების სწორი კონცენტრაცია და კოორდინაცია (რაც კანონითაც გვევალება). ძალზედ ართულებს საქმეს ის, რომ ყველა ეს კვლევითი ორგანიზაცია სხვადასხვა უწყებრივ დაქვემდებარებაშია, პირველ რიგში ჩვენის აზრით, სწორი კოორდინაციის მიზნით, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ხელშეკრულებების გზით, ამავე დროს, ვფიქრობთ კარგი იქნება შევქმნათ ერთიანი საკოორდინაციო საბჭო, სადაც გაერთიანდება ზევით აღნიშნული კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები. საინტერესოა კრების მონაწილეთა მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ცალკე მინდა გამოვყო ზოგიერთი საკითხი, რაზეც მიმდინარე წელს ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ. პირველ რიგში ესაა: ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება. ამ მიმართებით აკადემიის სისტემაში ძველადაც და ახლაც მრავალი საკითხი ისწავლება, თუმცა ერთიანი სისტემა, თუ როგორ ვაწარმოოთ სხვადასხვა სასოფლო – სამეურნეო კულტურა, არა გვაქვს, არა და ეს აკადემიის პირდაპირი ამოცანაა. ამიტომ ვფიქრობთ უახლოეს პერიოდში შევქმნათ მეცნიერთა ჯგუფები, რომლებიც ამ საკითხებზე იმუშავებენ. აქ საჭირო იქნება ჩაერთონ მემცენარეები, მიწათმოქმედები, აგროქიმიკოსები, მცენარეთა დამცველები, ეკოლოგები, გადამუშავების სპეციალისტები და სხვა. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ პრაქტიკული წინადადებები, რომელიც გადაეცემა სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეალიზაციისთვის. რეკომენდაციებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვთა კვებისათვის გასათვალისწინებელ ღონისძიებებს. ჩვენთვის ცნობილია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ – ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება, რაც ევროპის ბაზარზე გასვლის ძირითადი პირობა იქნება.

მნიშვნელოვანია მეთესლეობის განვითარება. ეს ის საკითხია რის გარშეც სოფლის მეურნეობის განვითარება წარმოუდგენელია. მეთესლეობის სახელმწიფო სისტემა აღარ არსებობს. საჭიროა ძირითადი აქცენტი გადავიტანოთ კერძო სექტორზე, თუნდაც ისეთზე როგორიცაა ფირმა “ლომთაგორა”. ესაა ბატონებო საუკეთესო ფორმა თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ საერთაშორისო ცენტრებმა (იკარდა, სიმიტი), ქართველმა მეცნიერებმა (ზ. ჯინჯიხაძე, ნ. ჩხუტიაშვილი და სხვები) და შპს “ლომთაგორას” ხელმძღვანელობამ (ბატონი კახა ლაშხი). მე ბევრჯერ მითქვამს, რომ თუ საქართველოში იქნება რამდენიმე ასეთი ფირმა ვინც ახალი ჯიშების შექმნასა და გავრცელებაზე იმუშავებს, საკითხი დადებითად გადაწყდება. საჭირო იქნება ჩვენმა აკადემიამ ამ საკითხზე კარგად გააზრებული და ჩამოყალიბებული აზრი შეიმუშაოს, რისთვისაც დაგვჭირდება სპეციალისტებისგან შემდგარი ძლიერი ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად იმუშავებს ამ კონკრეტულ პრობლემაზე.

ამავე დროს, მიმდინარე წელს დაგვჭირდება სერიოზული მუშაობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: სოფლის მეურნეობის დარგების განვითარების კონცეფცია, ფერმერთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, მემორანდუმები გაფორმდა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ტექნიკურ უნივერსიტეტთან და სხვა, აკადემიის წესდებაში ცვლილებების შეტანა, ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით, რაც აკადემიის მილევადობის პრობლემას მოხსნის, საერთაშორისო კონფერენციის “კლიმატის ცვლილებებზე” ჩატარება, საკანონმდებლო ინიციატივები და სხვა მრავალი საკითხი, რომლებიც მუშაობის პერიოდში წამოიჭრება.

ასეთი პრობლემატური საკითხები კი ბევრია, თუნდაც სურსათის უვნებლობის საკითხი, რაც ჩვენი მოსახლეობისათვის ერთ – ერთი მტკივნეული საკითხია, კადრების მომზადება, სხვადასხვა სასოფლო – სამეურნეო კულტურის მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების დამუშავება და გამოქვეყნება და კიდევ სხვა მრავალი, რაზეც ვფიქრობ აკადემიის წევრები თავიანთ გამოსვლებში ფართოდ ილაპარაკებენ.

ცალკე მინდა ავღნიშნო ის პოზიტიური ცვლილებები, რაც განხორციელდა აკადემიაში, კერძოდ: 8 ახალი აკადემიის ნამდვილი წევრის არჩევა და ჰონორარების რეგულირება, რაც საქართველოს პარლამენტის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა. მე მინდა აკადემიის ყველა წევრის სახელით დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტის 80-ვე წევრს მხარდაჭერისათვის, განსაკუთრებით კი კომიტეტის თავმჯდომარეებს ბატონ ზურაბ ტყემალაძეს, ბატონ გიგლა აგულაშვილს და აკად. ივანე კიღურაძეს.

ჩვენის აზრით, მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ მიმდინარე წელს პირველად აკადემიაში ჩატარდა კონკურსი და არჩეული იქნა წლის საუკეთესო მეცნიერები აკად. ო. ქეშელაშვილი, აკად. შ. ჭალაგანიძე, აკად. გ. აგლაძე და აკად. წ/კ ო.ლიპარტელიანი.

და ბოლოს, იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს პარლამენტის და მთავრობის მხარდაჭერით, აკადემიის ყველა წევრთან ერთად, მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას საქართველოს სოფლის მეურნეობის პრობლემატური საკითხების გადაწყვეტაზე, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი სოფლის მეურნეობის შემდგომი წინსვლისათვის. 

ძებნა საიტზე

სიახლეები

განცხადება

10 დეკემბერი 2024
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com