ორგანიზატორი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
კონფერენცია ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (CF/56/10-100/13)
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
2013 წლის 3-4 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: “ინოვაციური ტექნილოგიები აგრარული სექტორის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის”. კონფერენცია ჩატარდა შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. კონფერენციაზე მუშაობდა ოთხი სექცია შემდეგი თემატიკის მიხედვით:
- აგრონომია (სექციის თავმჯდომარე აკად. გ. მარგველაშვილი);
- მეცხოვეველეობა, ვეტერინარია, საკვებწარმოება და მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავება (სექციის თავმჯდომარე აკად. ზ. ცქიტიშვილი);
- აგროსაინჟინრო (სექციის თავმჯდომარე აკად. რ. მახარობლიძე);
- ეკონომიკა (სექციის თავმჯდომარე აკად. ო. ქეშელაშვილი);
კონფერენციის მოსამზადებელ პერიოდში ჩამოყალიბდა საორგანიზაციო კომიტეტი და სარედაქციო კოლეგია. დაიგზავნა მოსაწვევი ბარათები და კონფერენციის ჩატარების პირობები საზღვარგარეთის და საქართველოს სამეცნიერო ცენტრებში.
საორგანიზაციო კომიტეტში სულ შემოსული იყო 162 მოხსენება: აგრონომიაში – 88, მეცხოვეველეობა, ვეტერინარია, საკვებწარმოება და მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავებაში – 36, აგროსაინჟინროში – 27, ეკონომიკაში – 11.
კონფერენციის მონაწილეებისათვის მომზადებული იქნა და გამომცემლობა “პოლიგრაფმა” დაბეჭდა 462 გვერდის მოცულობის კონფერენციის შრომათა კრებული, დამზადდა სამ ენოვანი კონფერენციის პროგრამები და სერტიფიკატები, მოსაწვევები და ბეიჯები კონფერენციის მონაწილეებისათვის. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 110 სტუმარმა საზღვარგარეთიდან და საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებიდან, მათ შორის მეცნიერებმა აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტებიდან, ქუთაისის ა. წერეთლის უნივერსიტეტიდან, ბათუმის შ. რუსთაველის უნივერსიტეტიდან, ცალკეულმა აგრარიკოსმა მეცნიერებმა და ფერმერებმა.
კონფერენციის პლენარულ სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკად. გურამ ალექსიძე; კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და კონფერენციის მნიშვნელობაზე ილაპარაკეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით შერვაშიძემ, საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის სოფლის მეურნეობის განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა აკად. ოთარ ნათიშვილმა, აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ, შ. რუსთაველის სახ. საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ აკად. რევაზ ასათიანმა, პოდოლსკის აგრარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის (უკრაინა) ბიოტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა პროფ. ნიკოლოზ პოვოზნიკოვმა, რუსეთის ვავილოვის სახ. მემცენარეობის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ პროფ. სერგიე ალექსანიანმა, Yყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სს “ყაზახაგროინოვაციის” გენერალურმა დირექტორმა პროფ. ბაიან ალიმგაზინოვამ, ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის (უკრაინა) პროფ. ვიტალი კუჩერიავიმ, აზერბაიჯანის ზოოლოგიის ინსტიტუტის პროფ. ზაქარია მამედოვმა.
კონფერენციის დარგობრივი სექციების სხდომებზე აღინიშნა, რომ ინოვაცია – ახალი, ან სრულყოფილი პროდუქტის (მომსახურეობის) მიღების, მათი წარმოების წესის, და შემდგომში შიდა და საგარეო ბაზრებზე რეალიზაციის პროცესის შედეგია. იგი არის შემოქმედებითი პროცესის დამასრულებელი ეტაპი მისი პრაქტიკაში განხორციელების თვალსაზრისით და აღიქმება, როგორც სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის გარდასახვა რეალურში, ახალი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების სახით. თუ შემოქმედება გულისხმობს სიახლის შექმნას, ინოვაციის შინაარსში იგულისხმება შექმნილი სიახლის პრაქტიკაში გამოყენება. ამდენად, როგორც სამეცნიერო-საწარმოო ციკლის საბოლოო შედეგი, იგი განიხილება საინოვაციო პროცესებიდან მოუწყვეტლივ. საინოვაციო საქმიანობის ინფრასტრუქტურა, ინოვაციური პროცესის ყოველი შემადგენელი ნაწილი დიდი მოცულობით მოიცავს საინფორმაციო საქმიანობას. ამასთან, გარდა წმინდა საინფორმაციო და საკომუნიკაციო სამსახურებისა, ასევე მოიცავს ისეთ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციულ სტრუქტურებს, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის უწყებები, პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტი, სტანდარტებისა და მეტროლოგიის სამსახურები, საკონსულტაციო ფირმები, საწარმოო ინკუბატორები, ტექნოპარკები და სხვა. საინოვაციო საქმიანობაში დიდია აგრეთვე ვირტუალური ბიზნეს-კლუბებისა და ვირტუალური სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრების როლი.
დღეს, არსებული ტენდენციით, საერთაშორისო ორგანიზაციათა მიერ ხდება მსოფლიოს აგრარული სამეცნიერო საზოგადოებების მობილიზაცია სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის, ერთობლივი სასოფლო-სამეურნეო კვლევების ჩასატარელად, რომელიც საფუძვლად ედება სასოფლო- სამეურნეო კვლევების განვითარების მსოფლიო საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბებას. ამ სისტემაში პირველ დონეზე განლაგებულია ცალკეული ქვეყნების ნაციონალური სასოფლო-სამეურნეო ინფორმაციული სისტემები, მეორე დონეზე განლაგებულია რეგიონალური ინფორმაციული სისტემები, ხოლო მესამე დონეზეა მსოფლიოს საინფორმაციო რესურსები და საშუალებები.
სასოფლო-სამეურნეო ინფორმაციების ეროვნული წყაროების ჩამოყალიბებაში, სასოფლო-სამეურნეო კვლევებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებაში საზღვარგარეთის ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს ეხმარება ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა: მსოფლიო სასურსათო ორგანიზაცია (FAO), აგრარული კვლევების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICARDA), სასოფლო-სამეურნეო კვლევების გლობალური ფორუმი (GFAR), მსოფლიო ბანკი და სხვ.
სამწუხაროდ, კონფერენციაში მონაწილე ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც ეკონომიკური, პოლიტიკური, საკანონმდებლო და ზოგიერთი სხვა ობიექტური და სუბიექტური პირობების გამო, აგრარულ სექტორში შეფერხებულია ინოვაციური საქმიანობა და ამასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების პროცესი. ეს შეეხება საინფორმაციო ინფრასტრუქტურასაც. კონფერენციის ჩატარების მიზანსაც სწორედ ამ ხარვეზების გამოსწორებისათვის გზების გამონახვის მცდელობები წარმოადგენდა.
კონფერენციის სტუმრებმა და მომხსენებლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ამ ტიპის და თემატიკის სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ჩატარება აუცილებელია ყოველწლიურად და მადლობა გადაუხადეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას ამ მნიშვნელოვანი წამოწყებისათვის. კონფერენციის მუშაობის პერიოდში გაფორმდა ორმხრივი ხელშეკრულებები ურთიერთ თანამშრომლობის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და უკრაინის ვინიცის ეროვნულ აგრარულ უნივერსიტეტს, აგრეთვე უკრაინის პოდოლსკის აგრარულ-ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის, რაც მეტად სასარგებლო იქნება ამ ორგანიზაციების სამეცნიერო და საკვლევი მიმართულებების ოპტიმიზაციის მიმართულებით.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
- აკადემიური დეპარტამენტის უფროსი,
- სსმმ აკადემიის წ/კორესპონდენტი, ტექნ. მეცნ. დოქტორი, პროფ. ე. შაფაქიძე
კონფერენციის ფოტოგალერეა