გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა",
#68 (7960), 13 აპრილი, 2016 წელი.
"მთაწმინდელობის" ღირსი
ვეხმაურებით პროფესორ ვალერი ასათიანის წერილს_
მთაწმინდისკენ მიმავალი გზა
(გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა", 5 აპრილი, 2016წ.)
მართლაც რომ დროულია, მართლაც რომ საეტაპო და ისტორიული მნიშვნელობისა ვალერი ასათიანის ეს საგაზეთო წერილი. თითქოს-და იგი, ყველა ჭეშმარიტი ქართველისა და მამულიშვილის გულში იჯდა და არა მარტო თავისი, არამედ მათი ამოძახილიც აღმოხდა გულიდან.
ბევრი, თავის თავს უსაყვედურებს, რატომ არ ვიღებდით აქამდე ხმას, რატომ ვდუმდით ასე დიდხანს. ახლა კი, თვით დროის გავლენამ და ძალამ განსაზღვრა ასე დასმა ქართველთა აუცილებელი მოთხოვნისა. ეს, ასწლიანმა დრომ გვაგრძნობინა და გვიკარნახა. ასმა წელმა, რამდენისაც იქნებოდა დღეს ლადო ასათიანი.
საქართველოს მდიდარი პოეზიის ფართოდ მოცულ სივრცეში ბევრი მოკიაფე და ბევრი კაშკაშა ვარსკვლავია. ეს მთელი პოეტური გალაქტიკაა, რამაც დაიპყრო მსოფლიო.
საქართველოს პოეტურ თანავარსკვლავედში ამ ასი წლის წინ გაჩნდა ლადო ასათიანის მოკიაფე ვარსკვლავი, რომელმაც სხვებისაგან განსხვავებით მალევე დაიწყო კაშკაში და ასეთივე კაშკაშითვე გადავიდა მარადიულობაში. ეს პოეზიის ბუნების განსაკუთრებულობა იყო, მოულოდნელი და თითქოსდა ამოუხსნელიც.
ლადო ასათიანის პოეზია სწორედაც რომ სხვებისაგან განსხვავებული, თავისთავადი, განუმეორებელი, შეუდარებელი და გამორჩეული, ამავე დროს თავისებური საიდუმლოებითაც არის მოცული.
ლადო ასათიანის ყველა ლექსი მღერის, ომახიანობს, მკითხველის ხასიათსა და სურვილებს ესადაგება და ესალბუნება, და, საოცარია, რომ თითქოს ყოველი წაკითხვისას მაღლდება, უკიდეგანო სივრცეებს სწვდება და მკითხველსაც ამღერებს, რწმენას უსადგურებს, ზეციურ ძალას აზიარებს.
ლექსმა რომ გამღეროს თვით პოეტი უნდა მღეროდეს, თავისივე რითმების გავლენასა და გარემოცვაში მყოფი.
ლადო ასათიანის ლექსის რითმა მგრძნობიარეა, ტევადი, სრულიად ახლებური, მხოლოდ მისეული, დამატყვევებელი. მკითხველი ამ რითმების მოტრფიალე და მოსიყვარულე ხდება. როგორც მუხრან მაჭავარიანმა თქვა: მისმა ლექსებმა ხალხის გული იპოვა.
აი, რაში გამოიხატება ჩვენი სათაყვანებელი პოეტის ლადო ასათიანის პოეტური გენია.
ვამბობთ, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილს რომ დაეწერა მხოლოდ `მერანი~, ესეც კი იკმარებდა მის უკვდავსაყოფად. ასევე ითქმის ლადო ასათიანზეც. მას რომ დაეწერა მხოლოდ ერთი, თავისი პოეტური შედევრებიდან, ვთქვათ `ბასიანის ბრძოლა~, ესეც კი იკმარებდა მისი პოეტური გენიის ასაღიარებლად.
ლადო ასათიანი, ჭეშმარიტად მოვლენა იყო ქართულ პოეზიაში. თავისი პოეტური პარამეტრებით ის ერთადერთია, განუმეორებელი, ყველასათვის ახლობელი და საყვარელი, რომელიც ჭაბუკად დარჩა მარად.
ამის მერე, განა კი შეიძლება საორჭოფო იყოს ის, რომ მისი საუკუნო სასუფეველი მთაწმინდის პანთეონში უნდა იყოს. ეს, არა მარტო მისი, როგორც პოეტი-შედევრისა, არამედ მთელი ქართული პოეზიის, როგორც დიდებული ფენომენის დაფასება და პატივისცემაა.
გურამ ალექსიძე,
გივი ჯაფარიძე,
ომარ ქეშელაშვილი,
ელგუჯა შაფაქიძე,
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა
აკადემიის აკადემიკოსები.