გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა", #42, 6 მარტი, 2013 წ.
ჩვენ უნდა შევქმნათ ქართული სასოფლო – სამეურნეო წარმოების მეცნიერული საფუძვლები
დღეს საქართველოში ახალი რეალობაა, ქვეყანა შევიდა განვითარების ახალ სტადიაში, რომელიც საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი იქნება. წინა პერიოდში დაზარალდა არა მარტო ეკონომიკა, არამედ უფრო მეტად მეცნიერება და უმაღლესი განათლება. დღეს, საბედნიეროდ, რეალობა შეცვლილია, ახალი ხელისუფლება სერიოზულად დაინტერესედა მეცნიერებით, ჩვენ ვდგევართ საინტერესო გამოწვევების წინაშე. ქართულმა აგრარულმა მეცნიერებმა უნდა შევქმნათ ქართული სასოფლო – სამეურნეო წარმოების მეცნიერული საფუძვლები.
ამას წინათ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კადემიაში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს – აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.
***
მოკლე ბიოგრაფიული ცნობარი
გურამ ალექსიძემ 1962 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიის ფაკულტეტი. იმავე წელს ჩაირიცხა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1966 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1975 წელს – სადოქტორო დისერტაცია. 1989 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1990 წელს აირჩიეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლი 1992 წელს – ნამდვილ წევრად.
ბატონი გურამი 13 წლის განმავლობაში მუშაობდა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტში უმცროსი, ხოლო შემდეგ უფროსი მეცნიერი მუშაკის თანამდებობაზე. 1973 წლიდან გადაიყვანეს მეცნიერებათა დაცვის ინსტიტუტში,სადაც მუშაობდა ჯერ ლაბორატორიის ხელმძღვანელად, ხოლო შემდეგ, 1974 წლიდან, დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. 1995 წლიდან 2004 წლამდე იყო აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, ხოლო 2004 წლიდან ვიცე-პრეზიდენტი.
1983-1987 წ. წ. ბატონი გურამი მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ. ვაშინქტონში საბჭოთა კავშირის საელჩოში მთავარი აგრონომის თანამდებობაზე, როგორც საკავშირო სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი.
გამოქვეყნებული აქვს 160-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 62 საერთაშორისო გამოცემებში.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, საერთაშორისო ორგანიზაციების ,,სიჯიარისა” და ,,იკარდას” მიერ ორჯერ, 2005 და 2008 –მიღებული აქვს ვერხლის დიდი მედალი ერთობლივ კვლევებში შეტანილი წვლილისთვის.
ბატონი გურამი დღეს ჩვენი გაზეთის სტუმარია.
***
დღეს საქართველოში, ახალი რეალობაა, ქვეყანა შევიდა განვითარების ახალ სტადიაში, რომელიც საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი იქნება.
წინა პერიოდში, დაზარალდა არა მარტო ეკონომიკა, არამედ მეტად მეცნიერება და უმაღლესი განათლება.
დღეს, საბედნიეროდ რეალობა შეცვლილია, ახალი ხელისუფლება სერიოზულად დაინტერესდა მეცნიერებით, ჩვენ ვდგევართ საინტერესო გამოწვევების წინაშე. ქართულმა აგრარულმა მეცნიერებამ, უნდა უზრუნველყოს ქართული სასოფლო – სამეურნეო წარმოებისათვის მეცნიერული საფუძვლების შექმნა.
როგორც კარგადაა ცნობილი, აკადემიის მუშაობის ძირითადი მიმართულება იყო და არის აგრარულ კვლევების სფეროში მომუშავე ყველა ორგანიზაციის სწორი კოორდინირება, რაც ჩვენი მოსახლეობის მაღალხარისხოვანი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით დაკმაყოფილების გარანტი უნდა გახდეს.
კორესპონდენტი: ბატონო გურამ, რა მიგაჩნიათ უპირველეს ღონისძიებად რაც უნდა განხორციელდეს აკადემიის უკეთ ფუნქციონირებისათვის?
პირველ რიგში აკადემია უნდა გახდეს აგრარული კვლევის ერთიანი ძლიერი ცენტრი. ამ მიზნით აგრარული პროფილის კვლევითი ინსტიტუტები, რომლებიც ამჟამად აგრარული უნივერსიტეტის დაქვემდებარებაშია, გამოყვანილი უნდა იქნას ამ სისტემიდან და დაექვემდებაროს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას. ამავე დროს, ინსტიტუტებს უნდა გადაეცეს ადრე ამ ინსტიტუტების კუთვნილებაში მყოფი შენობა – ნაგებობები და ექსპერიმენტული ფართობები. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია უკლებლივ ყველა ინსტიტუტის ცალკე ფუნქციონირება, მაგრამ მათი შესაძლო გაერთიანებები, გამსხვილებები თემატიკიდან გამომდინარე, სრულად მისაღებია. ამავე დროს, ჩვენი აზრით, საჭირო იქნება აკადემიაში შეიქმნას “დანერგვის (ახალი ტექნოლოგიების გავრცელების) განყოფილება”, რომლის ძირითადი ფუნქციაც იქნება მოწინავე ტექნოლოგიების შერჩევა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, მათი გავრცელება.
აკადემიაში უნდა ჩამოყალიბდეს აგრეთვე “ფერმერთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის კურსები”, სადაც ეს უკანასკნელნი გაივლიან მოკლევადიან თუ გრძელვადიან მოსამზადებელ კურსებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროში. ვფიქრობთ, რომ ასეთი კურსები საწყის ეტაპზე, უნდა იყოს სახელმწიფო დაფინანსებით, შემდგომში კი შესაძლებელია მთლიანად ან ნაწილობრივ გადავიდეს თვითდაფინანსებაზე. ამავე დროს, ძალზედ მნიშვნელოვანია რათა აკადემიის სისტემაში დაბრუნდეს დოქტურანტურა და აღდგეს აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოები.
ყოველოვე ამის შედეგად, ჩვენ გვექნება ერთიანი ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც გააერთიანებს აკადემიას (მეთოდურ ხელმძღვანელს), კვლევით ინსტიტუტებს (კვლევების უშუალო მწარმოებელს), დანერგვის განყოფილებას (ახალი ტექნოლოგიების უშუალო გამავრცელებელს), ფერმერთა კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრს (ახალი ტექნოლოგიების გამტარებელს საკუთარ მეურნეობაში), და ახალგაზრდა კადრების მომზადების ცენტრს (დოქტურანტურას).
ამ სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების შემდეგ შესაძლებელია საერთაშორისო ორგანიზაციების ან ექსპერტების მხარდაჭერის იმედი ვიქონიოთ, რომლებსაც დღემდე ვერ გაუგიათ, რატომ ინგრევა ქვეყანაში აგრარული მეცნიერება.
ზევით მოცემული საკითხების განხორციელება საკმაოდ რთულია, რადგან მოითხოვს სამთავრობო და საპარლამენტო გადაწყვეტილებებს, აგრეთვე მიზნობრივ დაფინანსებას, რადგან აკადემიას ამის შესასრულებლად საჭირო თანხები არ გააჩნია.
კორესპონდენტი: ბატონო გურამ, რა ღონისძიებებს თვლით საჭიროდ, რათა თვითონ აკადემიაში გააქტიურდეს და უფრო მიზანმიმართული გახდეს მუშაობა?
აკადემიის მუშაობაში აკადემიკოსების და წევრ – კორესპონდენტების მეტი ჩართულობის მიზნით, აკადემიაში ვაყალიბებთ სპეციალურ დარგობრივ ჯგუფებს (მეხილეობის, მევენახეობის, მემარცვლეობის, მეცხოველეობის და ასე შემდეგ, სულ გვექნება 10-12 ჯგუფი), სადაც გაერთიანდებიან ამ დარგის აკადემიკოსები (წევრ – კორესპონდენტები), აგრეთვე მოწვეული ცნობილი სპეციალისტები (სამინისტროდან, უნივერისტეტებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სხვა.). ჯგუფის ხელმძღვანელად - ეროვნულ კოორდინატორად აკადემიიდან აირჩევიან ამ დარგის გამორჩეული სპეციალისტები. ეროვნულმა კოორდინატორმა, ჯგუფთან ერთად, უნდა მიიღოს ინფორმაცია ქვეყნის ყველა მომქმედი ორგანიზაციიდან (მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა), გაანალიზოს დარგში არსებული მდგომარეობა, განსაზღვროს პრიორიტეტები და ის მიმართულებები, რაც აუცილებელია დარგის შემდგომი განვითარებისათვის. ამისათვის ის აწყობს სემინარებს, თათბირებს, “მრგვალ მაგიდას”, ამზადებს პრაქტიკულ წინადადებებს საბჭოს სხდომაზე განსახილველად, მათი სამინისტროში ან სხვა ზემდგომ ორგანიზაციაში წარსადგენად.
კორესპონდენტი: როგორც ჩვენთვის ცნობილია, აკადემიაში მუშაობს აკადემიური საბჭო 11 მეცნიერის შემადგენლობით. რამდენად ეფექტურია ასეთი მცირერიცხოვანი საბჭოს მუშაობა?
მართალი ბრძანდებით, ჩვენ უკვე დავიწყეთ მართველობითი სისტემის გაუმჯობესება. ამჟამად აკადემიაში ფუნქციონირებს აკადემიური საბჭო, რომლის ძირითადი ფუნქციაა ოპერატიული, ფინანსური და სამეცნიეროო საკითხების განხილვა. ვფიქრობთ, რომ აკადემიაში, იმ ცვლილებების განხორციელების შემდეგ, რაც ზევით მოგახსენეთ, საჭირო იქნება აკადემიური საბჭოს ფუნქციების გაყოფა. ჩვენ უკვე შევქმენით აკადემიის სამეცნიერო – საკოორდინაციო საბჭო. რომელშიც გაერთიანდნენ აკადემიის წამყვანი მეცნიერები, ინსტიტუტების დირექტორები, ეროვნული კოორდინატორები, სამინისტროების და უწყებების წამყვანი სპეციალისტები და სხვა, რომლებიც ძირითადად განიხილავენ სამეცნიერო საკითხებს და მიიღებენ პრაქტიკულ რეკომენდაციებს კვლევის მიმართულებებიდან გამომდინარე. რაც ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებასთან იქნება დაკავშირებული.
კორესპონდენტი: ბატონო გურამ, საინტერესოა რა ურთიერთობები აქვს აკადემიას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და როგორ აპირებთ ამ ურთიერთობების გაფართოებას?
ამჟამად ჩვენ გვაქვს ორმხრივი ხელშეკრულებები კვლევებზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: “იკარდა” (მშრალი რეგიონების აგრარული კვლევის ცენტრი, ქ. ალეპო, სირია), “სიმიტი” (ხორბლის და სიმინდის სელექციის საერთაშორისო ცენტრი, ქ. მეხიკო, მექსიკა), “იკრისატი” (ნახევრად მშრალი სუბტროპიკული რეგიონების კვლევის ცენტრი, ქ. პატაჩერუ, ინდოეთი), “ბიოვერსიტი” (საერთაშორისო მცენარეთა გენეტიკური რესურსების ინსტიტუტი, ქ. რომი, იტალია), მცენარეთა გენეტიკური რესურსების ევროპის კოოპერირებული პროგრამა, “კაკაარი” (შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების კვლევითი ორგანიზაციების ასოციაცია), ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, გერმანიის ბონის უნივერსიტეტი, რუსეთის ვავილოვის მემცენარეობის ინსტიტუტი. რომელთა ურთიერთობითაც ჩვენი სპეციალისტების მიერ შექმნილია ხორბლის, ქერის, სამარცვლე პარკოსნების, ბოსტნეული კულტურების და სხვათა ახალი ჯიშები და ჰიბრიდები. დამუშავებულია მათი მოვლა – მოყვანის ახალი ტექნოლოგიები და სხვა. ვფიქრობთ ჩვენმა აკადემიამ კიდევ უფრო უნდა გააფართოვოს ეს წრე და გააფორმოს ხელშეკრულებები რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის მეცნიერებათა აკადემიებთან, მებოსტნეობის მსოფლიო ცენტრთან (ტაივანი). თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა მაშინ იქნება ეფექტური, თუ ჩვენ შევძლებთ დავიბრუნოთ აგრარული პროფილის კვლევითი ორგანიზაციები, სადაც უნდა მოხდეს ამ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული ჯიშების თუ ტექნოლოგიების აპრობირება ჩვენს ქვეყანაში.
კორესპონდენტი: და ბოლოს, ყველასათვის ცნობილია, რომ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსების (წევრ – კორესპონდენტების) ჰონორარი ძალზედ დაბალია, რას ფიქრობთ ამაზე?
მართლაც ამჟამად აკადემიკოსების და წევრ – კორესპონდენტების ჰონორარი ძალზედ დაბალია (800 და 500 ლარი). ისიც გაუგებარია, თუ რატომ უნდა ჰქონდეს ჩვენს აკადემიკოსს ეროვნული აკადემიის წევრის 50%. გამომდინარე, ჩვენი მუშაობის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება ძველი მოწვევის პარლამენტის ამ გადაწყვეტილების შეცვლა, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც ქვეყნის განვითარებისათვის სოფლის მეურნეობა ერთ – ერთ ძირითად პრიორიტეტად არის დასახული. ამავე პრობლემას უკავშირდება აკადემიის ნამდვილი წევრების არჩევნები. ჩვენ ამჟამად გვაქვს რამოდენიმე წევრის ვაკანსია, რომელთა შესავსებად გამოცხადდება კონკურსი. ამასთან ერთად, არ მიგვაჩნია სწორედ როდესაც კანონმდებლობით გვეკრძალება წევრ – კორესპონდენტების არჩევა, რაც აკადემიის გაახალგაზრდავებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გახდეს.
პრეზიდენტი
აკად. გ. ალექსიძე
26.02.2013 წ.