2019 წლის 16 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა მრგვალი მაგიდა, სადაც განიხილეს საქართველოს ტყეების არსებული მდგომარეობა, პრობლემები და სამომავლო პერსპოექტივები.
მრგვალ მაგიდაზე მოწვეული იყვნენ აკადემიის წევრები, საქართველოს სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები, სატყეო დარგის ექსპერტები, სატყეო მიმართულების სტუდენტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან და აკადემიის საშეფო 31-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები სკოლის დირექტორის, ქალბატონ მარინა ნიჟარაძის ხელმძღვანელობით.
მრგვალ მაგიდა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ, რომელმაც აღნიშნა ღონისძიების მნიშვნელობა და სატყეო საქმის მიმართულებით აკადემიის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, მიღებული წინადადებები, რომლებიც გადაეგზავნა როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ სტრუქტურებს.
შეხვედრაზე ძირითადი მოხსენება „საქართველოს სატყეო მეურნეობის დარგში არსებული პრობლემები და მისი გადაწყვეტის გზები“ გააკეთა სატყეო დარგის ექსპერტმა, დოქტორმა მერაბ დვალმა.
მოხსენების ირგვლივ გამართულ კამათში მონაწილეობა მიიღეს სატყეო საქმის მეცნიერებმა და ღვაწლმოსილმა სპეციალისტებმა - დოქტ. ა. სუპატაშვილმა , დოქტ. გ. გაგოშიძემ, მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენელმა და ღვაწლმოსილმა მეტყევემ, ბატონმა ა. მგელაძემ, საპატრიარქოს სახელით გამოვიდა ბატონი ბ. გულუა, სატყეო სააგეტოდან - ბატონი ნ. ბერეჟიანი. მრგვალი მაგიდის წევრებს მიესალმა თბილისის 31-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი მ. ნიჟარაძე.
მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გივი ჯაფარიძემ, რომელმაც ვრცლად ისუბრა სატყეო მიმართულებით აკადემიის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ წინადადებზე, რომელიც გაითვალისწინა პარლამენტმა, ისაუბრა ტყის კოდექსის ახალი ვარიანტის შემუშავების მიმდინარეობაზე. აკად. გ. ჯაფარიძემ მრგვალი მაგიდის მონაწილეებს სთხოვა წერილობით წარმოადგინონ მათი ხედვები საქართველოში სატყეო მეუნეობის პრობლემების გადაწყვეტის გზების შესახებ, რომელთა განხილვაც მიზანშეწონილია გაიმართოს რაც შეიძლება ჩქარა, რათა კიდევ ერთხელ მიეწოდოს აკადემიიდან საკანონმდებლო და აღმასრულებელ სტრუქტურებს საქართველოს სატყეო მეურნეობაში შექმნილი დღევანდელი პრობლემების დაძლევის კონკრეტული და დროულად გასატარებელი ღონისძიებების ჩამონათვალი.