2019 წლის 23 ოქტომბერს აკადემიაში ჩატარდა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: “აღმოსავლეთ ევროპაში ორმაგი პროდუქტიულობის მსხვილფეხა პირუტყვის შენარჩუნება და განვითარება“ გამოვიდა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ლევან თორთლაძე. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ХХ საუკუნის განსაკუთრებული მიღწევა ზოოტექნიკურ მეცნიერებაში იყო მსხვილფეხა პირუტყვის ახალი, კავკასიური წაბლას ჯიშის გამოყვანა, რომელიც კავკასიის ქვეყნების მეცნიერთა ძალისხმევის გაერთიანების საუკეთესო მაგალითია. კავკასიური მსხვილფეხა პირუტყვის შეჯვარება შვიცურ ჯიშთან პირველად განახორციელა ევროპიდან საქართველოში გადმოსახლებულმა ა.კუჩენბახმა. დაგროვილი მონაცემების ანალიზის საფუძველზე 1940 წელს დაიგეგმა სამუშაოები საქართველოს მთიან რეგიონებში ახალი, წაბლა ჯიშის პირუტყვის გამოყვანის მიზნით. შემდეგ ქართველი მეცნიერებისა და პრაქტიკოსების ძალისხმევა გაერთიანდა მსგავს შედეგებთან, რომელიც ხორციელდებოდა სომხეთში, აზერბაიჯანსა და დაღესტანში. შესაძლებელი გახდა ახალი ჯიშის გენეტიკური სტრუქტურის კონსოლიდაციის დაჩქარება და მისი აპრობაცია მოხდა 1960 წელს. უკვე 1990 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში კავკასიური წაბლა ჯიშის პირუტყვის რაოდენობამ მიაღწია 171 ათასს. მაგრამ ამ საუკუნეში ჯიში გადაშენების ზღვარზე აღმოჩნდა; საკითხი ჯიშის აღდგენის შესახებ მომხსენებლის მიერ პირველად დაისვა ქ.ერევანში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე 2002 წელს. დარგის განვითარების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების საფუძველზე და მეცნიერთა ძალისხმევით შესაძლებელია კავკასიურის წაბლას ჯიშის გადარჩენა, რაც დაწყებულია გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს მიერ დაფინასებული TCP/RER/3604 პროექტით.
2014 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შექმნილი სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად ატარებს სამუშაოებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაცია შეაფასეს მოწვეულმა მეცნიერებმა და პრაქტიკოსებმა, გაიმართა საინტერესო დისკუსია.