2020 წლის 29 იანვარს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა აგრარული ინოვაციების კომისიის (თავმჯდომარე აკად. ა. დიდებულიძე) სხდომა, რომელზეც მოხსენებით - „ქართული ხორბლის მნიშვნელობა მსოფლიოში და მისი წარმოების სტრატეგია საქართველოში“, გამოვიდა პროფესორი ცოტნე სამადაშვილი - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების სამსახურის უფროსი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი; თანამომხსენებელი იყო აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი. აღინიშნა, რომ საქართველოს კულტურული ფლორის ერთ-ერთი უძველესი მცენარეა ხორბალი და მსოფლიოში აღწერილი ხორბლის 27 სახეობიდან საქართველოში აღრიცხული და რეგისტრირებულია 14 ბუნებრივი სახეობა, მათ შორის 5 ენდემურია, რომლებიც ხასიათდება უნიკალური თვისებებით, რის გამოც ითვლებიან საუკეთესო გენეტიკურ წყაროდ მსოფლიო სელექციაში. უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართულ ხორბლებზე მოთხოვნილება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში წარმატებით მიმდინარეობს ხორბლის ქართული გენოფონდის მოძიება, აღდგენა, შენახვა და გამრავლება. ცენტრის საცდელ ბაზებზე რეგიონების მიხედვით მრავლდება ხორბლის ქართული ენდემური სახეობები, აბორიგენული და ინტენსიური ჯიშები, რომ პოპულარიზაცია გაუწიოს და დააკმაყოფილოს ფერმერთა მოთხოვნილება. აღინიშნა, რომ მართალია, სამთავრობო დოკუმენტებში მითითებულია ხორბლის კულტურის მოსავლიანობის გაზრდის მოთხოვნა, მაგრამ სასურველია მკაფიოდ იქნეს წარმოდგენილი ხორბლის სტრატეგია, რადგან ქვეყანაში ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდა პირველ რიგში უნდა მიღწეული იქნეს მაღალხარისხოვანი სათესლე მასალის და ახალი აგროტექნოლოგიური ღონისძიებების გამოყენებით, რისთვისაც აუცილებელია თესლის გადამამუშავებელი-დამამზადებელი ინფრასტრუქტურის განვითარება და იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი მასალით, რაც შეუძლებელია მწარმოებლებსა და გადამამუშავებელ მრეწველობას შორის გრძელვადიანი, სტაბილური, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების გარეშე.
სხდომის მონაწილეებისათვის მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიჩინა. განხილულ საკითხზე გაიმართააზრთა გაზიარება და დისკუსია. მიღებული იქნა შესაბამისი სარეკომენდაციო წინადადებები.