საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების
სხდომის შესახებ.
2020 წლის 22 აპრილს, 12 საათზე, დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სხდომა.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა აკად. რ. ჩაგელიშვილმა, აკადემიკოსებმა გ. ჯაფარიძემ, გ. გაგოშიძემ, აკადემიის სტიპენდიატმა დოქტ. გ. ქავთარაძემ, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა ლ. დოლიძემ, სოფლის მეურნეობის დოქტორმა ზ. ტიგინაშვილმა.
დღის წესრიგი:
1. საქართველოში მინდორსაცავი ტყის ზოლების გაშენების შესახებ.
მომხსენებლები: აკად. გივი ჯაფარიძე და აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე.
2. მიმდინარე საკითხები.
სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე მოხსენება გააკეთა სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოადგილემ, აკადემიკოსმა გიორგი გაგოშიძემ. (მოხსენების მოკლე შინაარსი იხილე ბმულზე).
მოხსენების ირგვლივ თავისი მოსაზრებები გამოთქვა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. აღინიშნა, რომ წარმოდგენილი საკითხი მეტად აქტუალურია და განსაკუთრებით ეხლა, კონოროვირუსის პანდემიის შედეგების ფონზე, როდესაც საქართველოს მოსახლეობის სურსათით მომარაგების საკითხები ქვეყნის სოფლის მეურნეობამ უნდა უზრუნველყოს და აღარ უნდა ვიყოთ დამოკიდებული სხვა ქვეყნებიდან პროდუქტების ექსპორტზე. სასოფლო სამეურნეო სავარგულების დაცვა ქარის მექანიკური ზემოქმედებისაგან ყოველთვის იყო სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურმა და სოციალურმა პირობებმა ქარსაფარი ზოლების განადგურება გამოიწვია და ეხლა ყველაფერი თავიდან არის დასაწყები, რისთვისაც მეცნიერების გადამწყვეტ სიტყვას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს.
სხდომაზე გამომსვლელებმა ჩამოაყალიბეს ის მიმართულებები, რომელიც ქვეყანაში ქარსაფარი ზოლების დაჩქარებული წესით აღდგენის ღონისძიებებს ეხება. ხაზი გაესვა სანერგე მეურნეობების აღდგენის და ქარსაფარ ზოლებში მცენარეთა ჯიშების შერჩევის საკითხებს, ძალზე მნიშვნელოვანია საორგანიზაციო მოსამზადებელი სამუშაოები, აღიშნულ საკითხებზე საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება და ა.შ.
სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების წევრის, აკადემიის სტიპენდიატის, აგრარული უნივერსიტეტის ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის, დოქტორ გიორგი ქავთარაძის ინფორმაციაში აღინიშნა ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ქარსაფარი ზოლების აღდგენის ორგანიზაციულ და პრაქტიკულ საქმიანობაზე, ინსტიტუტის საქმიანობა ამ მიმართულებით და სხვა.
სამეცნიერო განყოფილების სხდომის მუშაობა შეაჯამა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკად. რევაზ ჩაგელიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მინდორსაცავი ტყის ზოლების აღდგენის უმთავრესი წინაპირობაა არსებული ფრაგმენტების ინვენტარიზაცია, მისი შედეგების ანალიზი კი შესაძლებელს გახდის შემუშავდეს ზოლების სარეაბილიტაციო, ეფექტური სატყეო - სამელიორაციო ღონისძიებები, რომელთა პრაქტიკული რეალიზაცია, მხოლოდ მეცნიერებისა და პრაქტიკოსი პროფესიონალების პრეროგატივაა.