“მაღალმთიანი აჭარის ტყის შემქმნელ ძირითად ფორმაციებში
ბუნებრივი განახლებისა და აღმონაცენ-მოზარდის ფორმირების თავისებურებების შესწავლა”
შემსრულებლები: პროფ. ლაშა დოლიძე, დოქტ. მერაბ მამულაძე, დოქტ. არჩილ ძირკვაძე
თემატიკიდან გამომდინარე, ნაძვნარ-სოჭნარებში ტყის ბუნებრივი განახლების მდგომარეობის შესწავლის მიზნით პროგრამაში მონაწილეებმა: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ლაშა დოლიძემ; ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიურმა დოქტორმა, ასისტენტ პროფესორმა მერაბ მამულაძემ და სოფლის მეურნეობის აკადემიურმა დოქტორმა არჩილ ძირკვაძემ 2020 წლის 29 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მარშუტული გამოკვლევებით შეისწავლეს ხულოში (გოდერძის უღელტეხილი), შუახევში (მთა ღომა) და ქედის სატყეო მეურნეობაში წიფლნარ- კორომებში ტყის ტიპის, ბონიტეტის, შემადგენლობის, ხნოვანების კლასის, სიხშირის, ზღვის დონიდან სიმაღლის, ექსპოზიციის და ფერდობთა დაქანების მიხედვით.
საკვლევ ობიექტებზე ნაძვისა და სოჭის კორომებს ტყით დაფარული ფართობების დაახლოებით 30 % უკავია. ისინი ქმნიან როგორც წმინდა, ისე შერეულ კორომებს, ხშირ შემთხვევაში წიფელთან ერთად. ნაძვს და სოჭს გარემო პირობებისადმი შეგუებაში თითქმის ერთნაირი ბიოლოგიურ-მეტყევეობითი თვისებები ახასიათებთ, ამიტომ ბუნებრივი განახლების მდგომარეობა შესწავლილ იქნა ნაძვნარ-სოჭნარ სხვადასხვა ტიპის კორომებში. მათი ვერტიკალური გავრცელების ზედა საზღვარი 2200-2400 მ-მდეა და ტყის მცენარეულობის ალპურ საზღვრამდე გადის. თუმცა მაღალი პროდუქტიულობის კორომებს 1200-1800 მ სიმაღლეზე ქმნიან.
სანიმუშო ფართობებზე ნაძვისა და სოჭის აღმონაცენ-მოზარდის რაოდენობის დათვლის მიზნით აღებული იქნა სააღრიცხვო ბაქნები სიდიდით 2 X 2 მ, სადაც აღმონაცენ- მოზარდის დათვლა ცალკეული სახეობების მიხედვით ხდებოდა. ზღვის დონიდან სიმაღლის დასადგენად გამოიყენეს JPS, სიმაღლისა და დიამეტრის დასადგენად შესაბამისად ეკლიმეტრი და სტანდარტული ორთითა, სიხშირისათვის კი ბიტერლიხის სიხშირმზომი, ხის ხნოვანების დასადგენად მოჭრილი ხის ძირკვები, რომელზედაც ხდებოდა წლიური რგოლების დათვლა და ხნოვანების დადგენა. მიღებული მონაცემები შეტანილია ცხრილის სახით სპეციალურ ჟურნალში.
კვლევები გრძელდება.