2020 წლის 10 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბატონი გიორგი სურმანიძე. მინისტრად დანიშვნის შემდეგ ეს მისი პირველი ვიზიტი იყო აკადემიაში. აღსანიშნავია, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო იყო პირველი ორგანიზაცია, ვისთანაც აკადემიამ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი 2013 წელს და ამის შემდეგ თანამშრომლობა ყველა მიმართულებით სულ უფრო მტკიცდება.
სტუმარს აკადემიის საქმიანობაზე ესაუბრა აკად. გ. ალექსიძე. სტუმარი გაეცნო აკადემიის სტრუქტურას და სამეცნიერო თემატიკას, მის საერთაშორისო თანამშრომლობას მსოფლიო აგრარული მიმართულების ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, აკადემიის მიერ ჩატარებულ სამეცნიერო ღონისძიებებს, აკადემიის საგამომცემლო საქმიანობას, აჭარაში მოღვაწე აკადემიის ნამდვილი წევრების სამეცნიერო მიმართულებებს და მათ მოღვაწეობას. სტუმარმა დაათვალიერა აკადემიის მუდმივმოქმედი საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზები, ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო ცენტრი, გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი, აკადემიის სამუშაო კაბინეტები და ა.შ.
მინისტრმა გ. სურმანიძემ ისაუბრა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის გეგმებზე და სამომავლო პერსპექტივებზე, აკადემიასა და სამინისტროს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკული საქმიანობის მიმართულებით.
აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკად. ელგუჯა შაფაქიძე, პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი დოქტ. ანატოლი გიორგაძე, სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი, დოქტ. მარინე ბარვენაშვილი.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე და აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე.