2021 წლის 05 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე მოწერელია და კომიტეტის აპარატის უფროსი ივერი ახალბედაშვილი. უნდა აღინიშნოს, რომ აკადემიას ყოველთვის საქმიანი და კოლეგიალური ურთიერთობა ჰქონდა მეცხრე მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან და მეტად სასიამოვნოა, რომ ამ კარგ ტრადიციას მეათე მოწვევის აგრარული კომიტეტის ხელმძღვანელობაც აგრძელებს.
საპატივცემულო სტუმრებს უმასპინძლა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა პრეზიდენტის აკად. გურამ ალექსიძის ხელმძღვანელობით - აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკად. გ. ჯაფარიძემ, აკადემიკოსებმა ე. შაფაქიძემ, რ. ასათიანმა, ჯ. გუგუშვილმა, თ. კუნჭულიამ, რ. მახარობლიძემ, ნ. ჩხარტიშვილმა, ზ. ცქიტიშვილმა, ნ. ჭითანავამ, დოქტ. ა. გიორგაძემ, სწავლულმა მდივნებმა დოქტორებმა მ. ბარვენაშვილმა, რ. ლოლიშვილმა, წამყ. სპეც. მ. მოსაშვილმა. სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის შენობა - ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების კურსების კაბინეტ-ლაბორატორიები, სასოფლო-სამეურნეო ექსპონატების საგამოფენო დარბაზი, გამომცემლობა „აგროს“ სივრცეები და აკადემიის სამუშაო ინფრასტრუქტურა.
თავის შესავალ სიტყვაში აკად. გურამ ალექსიძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტს და განსაკუთრებით მის აგრარულ კომიტეტს ყოველთვის საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა აკადემიასთან და ეხმარებოდა მას საკანონმდებლო საქმიანობით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო საკანონმდებლო აქტი 2019 წელს - კანონი აკადემიის სტიპენდიატების არჩევის შესახებ, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიტანა აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ და იგი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. აკად. გ. ალექსიძემ სტუმრებს შეთავაზა აკადემიიდან აგრარული მიმართულების დარგებისათვის მეცნიერული და პრაქტიკული წინადადებების, აგრეთვე სამეცნიერო ნაშრომებისა და რეკომენდაციების მომზადება, რომელსაც აგრარული კომიტეტი კანონშემოქმედებით საქმიანობაში გამოიყენებს.
პარლამენტთან და მის აგრარულ კომიტეტთან თანამშრომლობის მეთოდებზე და ფორმებზე ისაუბრეს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკად. გ. ჯაფარიძემ, აკად. ზ. ცქიტიშვილმა, აკად. რ. ასათიანმა, აკად. ჯ. გუგუშვილმა, აკად. ნ. ჭითანავამ.
პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა მადლობა გადაუხადა აკადემიის პრეზიდიუმს თბილი მიღებისათვის და იმ კეთილი სურვილებისათვის, რომელიც მან მოისმინა აკადემიკოსების გამოსვლებიდან. აღინიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს და სამეცნიერო დაწესებულების ამ სახის შეხვედრები და თანამშრომლობის ურთიერთ სურვილები მეტად სასარგებლო იქნება როგორც აკადემიისათვის და მისი თითოეული წევრისათვის, ისე აგრარულ საკითხთა კომიტეტისათვის და მისი კანონშემოქმედებითი საქმიანობისათვის.
აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე მოწერელიამ ისაუბრა იმ სიძნელეებზე, რომელიც გვხვდება რეგიონებში - სასოფლო-სამეურნეო დარგებში კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობა, სოფლის მოსახლეობის არასაკმარისი მზაობა გარკვეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოვლა-მიყვანის საქმეში, მემცენარეობის პროდუქტების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების დაბალი დონე და ტექნიკური საშუალებების სიმცირე, მეცხოველეობაში და განსაკუთრებით ვეტერინარიაში სპეციალისტების დეფიციტი და ა.შ. მან გამოთქვა სურვილი, რომ ამ მიმართულებით იგი ელოდება დიდ დახმარებას აკადემიის მხრიდან მეცნიერულად დასაბუთებული ღონისძიებების ცხოვრებაში გასატარებლად და აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა სასარგებლო იყო ორივე მხარისათვის და ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.
შეხვედრა შეაჯამა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გ. ალექსიძემ, რომელმაც კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა სტუმრებს და აღნიშნა, რომ კომიტეტსა და აკადემიას შორის შეხვედრებს ექნება სისტემატური ხასიათი და იმედი გამოთქვა, რომ აკადემიის მეცნიერები თავიანთ წვლილს შეიტანენ კომიტეტის კანონშემოქმედებით საქმიანობაში.