11 თებერვალი მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც მეცნიერებაში მოღვაწე ქალთა საერთაშორისო დღე. ამ დღის აღნიშვნის გადაწყვეტილება გაერთანებული ერების ორგანიზაციამ 2011 წელს მეცნიერებასა და განათლებაში ქალების თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობად დააწესა.
ყველა დროის უდიდეს მეცნიერებს შორის ქალები მრავლად არიან და მათ არაერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ეკუთვნით. ზოგიერთი მათგანის ღვაწლმა სამუდამოდ შეცვალა მეცნიერება და ზოგადად, მსოფლიო. მათ შორისაა მარი სკლადოვსკა-კიური, კაროლინა ჰერშელი, მარია მიტჩელი, როზალინდ ფრანკლინი და სხვები. თუმცა ამჯერად ჩვენ ქართველ მეცნიერ ქალებზე გვინდა შევაჩეროთ ყურადღება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი ბარბარე ყიფიანი. იგი იყო პირველი ქართველი მეცნიერი ქალი, რომელიც ევროპაში წარმატებით მოღვაწეობდა. მან წარჩინებით დაამთავრა ბრიუსელის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ბარბარე ლექციებს კითხულობდა როგორც ბრიუსელის, ასევე პარიზისა და ჟენევის უნივერსიტეტებში. მის შესახებ წერდნენ ევროპული გამოცემებიც. ბარბარე ყიფიანი სამეცნიერო ნაშრომების გარდა, ევროპაში გაბნეულ ქართული ხელოვნების ნიმუშებსაც ეძებდა, რათა ეროვნული განძი არ დაკარგულიყო. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თავისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე იგი სათავადაზნაურო გიმნაზიაში ფრანგულ ენას ასწავლიდა. იყო აკაკი შანიძის თანაშემწეც და საქართველოს ხელოვნებათა კავშირის წევრიც, თუმცა 1921 წელს, მაშინ, როცა რუსეთმა ისევ მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, ის იძულებული გახდა ბრიუსელში დაბრუნებულიყო, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.
აგრარულ დარგში მოღვაწე ქართველ მეცნიერ ქალთა შორის გამორჩეული ადგილი უკავია ქსენია ბახტაძეს. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, სოციალისტური შრომის გმირმა, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებულმა მოღვაწემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი მემცენარეობის განხრით 1922 წელს.
1921-1926 წწ. მუშაობდა თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ყარაიაზის (გარდაბნის რაიონი) და განჯის საცდელ სადგურებში. 1927 წლიდან მან თავისი საქმიანობა გააგრძელა ჩაქვის საცდელ სადგურში, სადაც ხელმძღვანელობდა ჩაის სელექციისა და მეთესლეობის განყოფილებას. მის მიერ გამოყვანილი ჩაის 19 ჯიშიდან აღსანიშნავია "ქართული სელექციური ჩაი №1", "ქართული სელექციური ჩაი №2", და "სელექციური №8", "ზამთრის გმირი". ქ. ბახტაძისეული ჯიშებს მაღალი საგემოვნო თვისებები აქვს და ამავე დროს უხვმოსავლიანია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ყოველწლიურად საზეიმოდ აღნიშნავენ 11 თებერვალს. ამ დღეს აგრარული დარგში მოღვაწე წარმატებულ მეცნიერ-ქალბატონებს აკადემიის ხელმძღვანელობა აჯილდოებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელით. დაჯილდოებულ ქალბატონთა შორის გამორჩეული ადგილი უკავიათ ჩვენი აკადემიის აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანს, აკადემიკოს გოგოლა მარგველაშვილს, ზოოტექნიკის დარგში საქართველოში პირველ მეცნიერებათა დოქტორს ქალბატონ ლამარა ჯიქიას, ვეტერინარიის დარგში საქართველოში პირველ მეცნიერებათა დოქტორს ქალბატონ ზაირა ქაფიაშვილს, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს მზაღო ლობჟანიძეს და სხვ. აქვე უნდა აღინიშნოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატი ქალების - ნატო ჯაბნიძის, ეკატერინე კაციტაძის და დარეჯან დუღაშვილის წვლილი აგრარული მეცნიერებების განვითარების საქმეში.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს ამ ღირშესანიშნავ დღეს ქართველ მეცნიერ-აგრარიკოს ქალბატონებს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს თავიანთ საქმიანობაში.