2021 წლის 19 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების ორგანიზებით გაიმართა ტყის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების წევრები: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოადგილე, აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, ს/მ დოქტორი ანატოლი გიორგაძე, განყოფილების სტიპენდიატი, ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მ/შ, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე, განყოფილების სწავლული მდივანი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ლაშა დოლიძე, ბიოლოგიის დოქტორები: ნატო კობახიძე და მედეა ბურჯანაძე, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი, ს/მ დოქტორი მარინე ბარვენაშვილი და მოწვეული სტუმრები: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვის და განვითარების სამსახურის უფროსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნატო სულთანიშვილი და მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორი, ს/მ დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი.
სხდომა გახსნა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მოკლე მისალმების შემდეგ მან საუბარი წარმართა საქართველოს ტყეებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, ამჟამად არსებულ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე. ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში სატყეო მიმართულებით მაღალკვალიფიცირებულ სპეციალისტთა მომზადების აუცილებლობაზე და ქვეყნისათვის ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის სპეციალობისადმი ახალგაზრდა თაობის დაინტერესებაზე. შემდეგ აკად. გ. ჯაფარიძემ სიტყვა გადასცა ქალბატონ ნატო სულთანიშვილს, რომელიც დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა მოხსენებით თემაზე: „საქართველოს დაცული ტერიტორიები - არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები“. მომხსენებელმა ისაუბრა დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე, მათ როლზე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში. აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკოლოგიური უსაფრთხოების და კონსერვაციის მყარი გარანტი დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებაა. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო დაცული ტერიტორიების მიზნები, დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე კონსერვაციული პროექტები, როგორიცაა მაგ., ჯეირნის რეინტროდუქცია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე; იმერული მუხის აღდგენა აჯამეთის აღკვეთილში და სხვ. გარდა ამისა, ხაზი გაუსვა სამართალდარღვევებთან ბრძოლისა და ხანძრების პრევენციისთვის ჩატარებულ შესაბამისი ღონისძიებების მნიშვნელობას; მომხსენებელმა ისაუბრა აგრეთვე საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარების შესახებ. მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო 2021 წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებები, კერძოდ ახალი დაცული ტერიტორიის დაარსება და ზოგიერთის გაფართოება, მათ შორის მარიამჯვრის დაცული ტერიტორიის, რომელსაც დაემატება ცივ-გომბორის აღკვეთილი დაახლოებით 5000 ჰა. ქალბატონ ნ. სულთანიშვილს მიერ წარმოდგენილი მოხსენების მსვლელობის დროს გარკვეულ საკითხებს მასთან ერთად აშუქებდა თანამომხსენებელი ბატონი ზ. ტიგინაშვილი, რამაც მოხსენება კიდევ უფრო საინტერესო გახადა.
სხდომა შეაჯამა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებლებსა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის, აღნიშნა რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს ტყესთან დაკავშირებულ პრობლემატური საკითხების რაციონალურ გადაწყვეტას.