2021 წლის 16 ივნისს ჩატარდა აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „მეცხვარეობის განვითრების პერსპექტივები საქართველოში“ გამოვიდა ცნობილი ფერმერი და ამავე დროს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ბექა გონაშვილი. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მეცხვარეობის დარგის განვითარებაზე უარყოფითი ზეგავლენა იქონია წინა საუკუნის 90-იანი წლების მოვლენებმა, როდესაც დაირღვა კავშირი პრაქტიკოს ფერმერებსა და დარგის სპეციალისტებს შორის და ფერმერებს მიაჩნდათ, რომ მათ იცოდნენ ყველაფერი, არ ჭირდებოდათ სპეციალისტები - სელექციონერები, ვეტერინარები, ტექნოლოგები და სხვ., მეტიც, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ყველაფერს კარგად უძღვებოდნენ, თუმცა გავიდა წლები და შეიძლება განვაცხადოთ, რომ ამ ხიდჩატეხილობამ ბევრი ღრმული გააჩნია, რომლის ამოვსებასაც წლები სჭირდება და ალბათ თაობათა ცვლაც. დღეს მეცხვარეობაში ჩართულნი მეტწილად თავისი შრომის ანაზღაურებას იღებენ და ეს ნაკლებად არის ბიზნესი ამ სიტყვის სტანდარტული გაგებით. სპეციალისტების მომზადება არ ხდება, რადგან არ არის მოთხოვნა მათზე და ფერმერებში არც არის იმ დონის განათლება, რომ მათ დროზე იგრძნონ პრობლემის არსი. საჭიროა მეცხვარეობა იქცეს უფრო მეტად ბიზნესზე ორიენტირებული, ამის მისაღწევად კი სასიცოცხლოდ აუცილებელია ახალი ტექნოლოგიების მოძიება და მისადაგება ქართულ რეალობასთან. ასევე საჭიროა სხვა უფრო მეტად ეფექტიანი ჯიშების ინტროდუქცია, შეუძლებელია წინასწარი გაანალიზების გარეშე მხარი დავუჭიროთ რაიმე ჯიშის გავრცელებას ქვეყანაში.
დადებით ტენდენციად უნდა ჩაითვალოს ცოცხალი ცხვრის და ცხვრის ხორცის ექსპორტის ზრდა, მაგრამ ჩვენი მეცხვარეობის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია დივერსიფიცირებული საგარეო ბაზრების არსებობა, სადაც დაუბრკოლებლად მოხდება პროდუქციის რეალიზება, რადგან ადგილობრივი ბაზარი ძალიან პატარაა. განსაკუთრებული სიტუაცია შექმნა ამ კუთხით კორონავირუსის პანდემიამ, ვინაიდან წინა წლებში არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრების ხარჯზე მატულობდა შიდა მოხმარებაც. სამწუხაროდ კვლავ ამოუხსნელ ამოცანად რჩება ჩვენი ცხვრის მატყლის რეალიზაციის საკითხი, რაზეც მოთხოვნა ზოგადად არ არის, რასაც მრავალი განმაპირობებელი ფაქტორი აქვს, მსოფლიოში ძირითადი მოთხოვნა კი მერინოსის ჯიშის ცხვრის მატყლზეა.
ცხვრის ყველის გასაღება ძირითადად ადგილობრი ბაზარზე ხდება და ბევრია სამუშაო, პირველ რიგში ელემენტარული ჰიგიენური ნორმის დასანერგად და ასევე ამ პროდუქტის ექსპორტის და პოპულარიზაციის კუთხით.
სხდომაზე გამოსულებმა აკადემიკოსებმა - ნოდარ ჭითანავამ, თენგიზ ყურაშვილმა, ელგუჯა გუგუშვილმა, ალექსანდრე დიდებულიძემ, ექსპერტმა გოჩა ცოფურაშვილმა, პროფესორმა ომარ თედორაძემ, პროფესორმა გიული გოგოლმა, დოქტორმა ლაშა ავალიანმა, ხაზი გაუსვეს წარმოდგენილი მასალის აქტუალურობას და მხარი დაუჭირეს მომხსენებლის მიდგომასა და წინადადებებს საქართველოს მეცხვარეობის განვითარების მიმართულებით.