აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას ახალი მონოგრაფია
აკადემიკოსმა ნოდარ ჭითანავამ ქართველ საზოგადოებას მიაწოდა მეტად მნიშვნელოვანი მონოგრაფია - „გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში (საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციის ხილული და უხილავი პრობლემები)“- სამეცნიერო რედაქტორი იური პაპასქუა - ეკონიმიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი; რედაქტორ-გამომცემელი ზაურ ნაჭყებია - ჟურნალის „ბიზნესი და კანინმდებლობა“ რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე, პუბლიცისტი.
წარმოდგენილ ნაშრომში გაანალიზებულია ეროვნული ეკონომიკის ტრანსფორმაციის 30-წლიანი გამოცდილება, მიზეზ-ფაქტორები, რომლებმაც განაპირობეს ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ზიგზაგისებური ხასიათი, კონტრასტული ნიშანთვისებები, საზოგადოებაში ინტერესების დაპირისპირების პროცესები, კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული პრობლემები. შემოთავაზებულია სისტემური კრიზისიდან გამოსვლის დაჩქარებისა და ეკონომიკის თვისებრივად ახალ ტრაექტორიაზე გადასვლისათვის კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური რეკომენდაციები.
წიგნი განკუთვნილია საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით დაინტერესებული მკითხველისათვის.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით 2021 წელს გამოიცა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიეებათა აკადემიის აკადემიკოს რეზო ჯაბნიძის 650 გვერდიანი წიგნი: „სუბტროპიკული კულტურები“ (ტირაჟი - 400 ცალი), რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემა აგრარულ სფეროში მომუშავე ფერმერებს, სპეციალისტებს, მეცნიერებს, სტუდენტებს და ამ დარგით დაინტერესებულ პირებს. ავტორი მადლობას უხდის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს ბატონ გიორგი სურმანიძეს, წიგნის გამოცემაში მხარდაჭერისა და შეტანილი წვლილისთვის.
ნაშრომში განხილულია 28 სახელწოდების კულტურა, რომლის ამოცანაა სუბტროპიკული კულტურების ბიოლოგიურ თავისებურებათა ღრმა ცოდნის საფუძველზე სრულყოს მოვლა-მოყვანის პროგრესული ტექნოლოგია, კონკრეტული ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს მცენარეთა უხვი და მაღალხარისხიანი მოსავლის მიღებას.
კურსი მოიცავს ორ მთავარ ნაწილს, სადაც განხილულია სუბტროპიკული ჩაი და ხეხილოვნები _ ციტრუსები, ხურმა, ფეიჰოა, კივი, ლეღვი, მუშმულა, ბროწეული, ზეთისხილი, უნაბი, ავოკადო, აქტინიდია, აზიმინა, წყავი;
- სუბტროპიკული კაკლოვნები _ თხილი, კაკალი, ფსტა, პეკანი, წაბლი;
- სუბტროპიკული ტექნიკური და სამკურნალო მცენარეები - ევკალიპტი, კეთილშობილური დაფნა, ბამბუკი, ტუნგი, ევგენოლის რეჰანი, ყაზანლიყის ვარდი, სტევია და სხვა.