საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგროინოვაციების კომისიის სხდომა

 

           2022 წლის 16 მარტს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „კლიმატის თანამედროვე ცვლილების გავლენა აგრარულ სექტორზე“ გამოვიდა სოფლის მეურნეობის დოქტორი მაია მელაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორი.

       მომხსენებელმა   აღნიშნა, რომ კლიმატის გლობალურმა ცვლილება საქართველოს ტერიტორიაც მოიცვა და მისგან გამოწვეული უარყოფითი შედეგები, შესაძლოა, კიდევ უფრო მძაფრად გამოვლინდეს მომავალში. ამ მხრივ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად სექტორს სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში ტემპერატურის ცვლილებას არაერთგვაროვანი ხასიათი აქვს, რასაც განაპირობებს ტერიტორიის რთული ოროგრაფიული, ლანდშაფტურ-კლიმატური პირობები. მაღალი ტემპერატურა უარყოფითად მოქმედებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე - ტემპერატურული და ნალექების რეჟიმის ცვლილებამ, სეზონების წანაცვლებამ და სავეგეტაციის პერიოდების ცვლილებამ საგრძნობლად შეამცირა ტრადიციული მეთოდით მოსავლის მიღება.

გამომდინარე იქედან, რომ ადამიანის საცხოვრებელი კონკრეტული არეალისთვის დამახასიათებელი კლიმატი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წესს განსაზღვრავს, კლიმატის ცვლილებასთან ერთად ტრანსფორმაციას განიცდის დარგის პრაქტიკაც. ამ პრობლემის საპასუხოდ დღის წესრიგშია სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი ახლებური მიდგომა, რაც გულისხმობს მის ისეთ გარდაქმნას, რომ გაიზარდოს ეფექტიანად მართვისა და მდგრადი განვითარების შესაძლებლობები - მოიაზრებს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრინციპების განხორციელებას, პასუხობს კონკრეტულ არეალისთვის დამახასიათებელ კლიმატის ცვლილების გამოწვევებს, ითვალისწინებს კლიმატური პარამეტრების მოსალოდნელ ცვლილებას და ხელს უწყობს მოსავლიანობის მატებას.

აღმოსავლეთ საქართველოში გამოვლენილია ტემპერატურის მეტი მატების ტენდენცია, დასავლეთ საქართველოსთან შედარებით. ამიტომ, ჩვენს მიერ აღმოსავლეთ საქართველოში ადგილის სიმაღლის მიხედვით, პერსპექტიული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ელმაგავრცელების აგროკლიმატური ზონების სცენარისათვის გათვალისწინებულია ტემპერატურის 2°C-ით მატება. კლიმატის თანამედროვე ცვლილების ფონზე გამოკვლეული და გაანალიზებულია კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო და შიდა ქართლის მშრალი სუბტროპიკული, მთიანი და მაღალმთიანი ზონების აგროკლიმატური ასპექტები, განსაზღვრულია აგროკლიმატური მახასიათებლების დროში ცვლილების დინამიკა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული არსებული აგროკლიმატური ზონების შესაძლო ტრანსფორმაცია, რის საფუძველზეც გამოყოფილია ზონები შესაბამისი პერსპექტიული კულტურების გავრცელების მიზნით.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა კომისიის 30 წევრი; მოხსენების განხილვაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა გ. ჯაფარიძემ, აკადემიის ექსპერტმა გ.ცოფურაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველმა ო.კაჭარავამ და დეპარტამენტის უფროსმა პროფ. ო.თედორაძემ, აკადემიკოსმა ა.დიდებულიძემ, პროფესორებმა მ.ლობჟანიძემ, ც.სამადაშვილმა, ა.სუპატაშვილმა და ო.ქარჩავამ, დარგის ცნობილმა პრაქტიკოსებმა ლ.მესხმა, ზ.ლოლაძემ, შ.მაჭარაშვილმა.    
             მიღებული იქნა შესაბამისი დადგენილება და რეკომენდაციები.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com