2022 წლის 30 მარტს შედგა კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „ხორბლის ქართული ენდემური სახეობების და ხალხური ჯიშების მდგრადი გამოყენების მნიშვნელობა და შესაძლებლობები“, წარსდგა ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების დამფუძნებელი და გამგეობის თავჯდომარე ასმათ ლალი მესხი.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველო გამორჩეულია მარცვლეული კულტურების მრავალფეროვნებით, მისი ტერიტორია ხორბლის, ქერის, ჭვავის, ღომის, ფეტვის, სელის ერთ-ერთ სამშობლოდაა მიჩნეული, ხოლო ხორბალი – პური არსობისა, წამყვანია მარცვლეულ კულტურებს შორის. მსოფლიოს ვერც ერთი ქვეყანა ვერ ედრება საქარველოს ხორბლის სახეობათა და ფორმათა მრავალფეროვნებით. ხორბლის ქართული ენდემური სახეობები: მახა, კოლხური ასლი, ზანდურები და დიკა საუკეთესო მასალაა სელექციისთვის, მათი ძლიერი იმუნიტეტის, არახელსაყრელ გარემოსთან შეგუების უნარის და სტაბილური მოსავლიანობის გამო. აღსანიშნავია ენდემების და ხალხური ჯიშების მაღალი კვებითი ღირებულება და საუკეთესო გემო.
რადგან ხორბლის ქართული ენდემური სახეობები და ხალხური ჯიშები გადაშენების საფრთხის ქვეშაა, ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების ინიციატივით „ქართული ხორბლის კულტურა“ იუნესკოს გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია წარდგენილი. ამ ჯიშების გადარჩენის ერთ-ერთი გზა არის მათი დაბრუნება ჯანსაღ კვებაში. მნიშვნელოვანია მათი გავრცელება და ადგილწარმოშობის დასახელების საქპატენტში რეგისტრაცია.
მომხსენებლვა აღნიშნა, რომ შესაძლებელია ხორბლის აბორიგენი ჯიშები გავხადოთ შემოსავლიანი და მდგრადი, ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის თესლი, მარცვალი, ფქვილი, პურეული, ბურღული, მაკარონი. უახლოეს მომავალში, ქართულმა ხორბალმა ისევე უნდა დაიმკვიდროს თავისი ადგილი შიდა და გარე ბაზრებზე, როგორც ქართულმა ღვინომ, რადგან საქართველო პურისა და ღვინის სამშობლოა.
მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, პროფესორმა ცოტნე სამადაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველმა ომარ კაჭარავამ, მეწარმე-მეფუტკრემ თეიმურაზ ღოღობერიძემ, პროფესორმა ალექსი ნონიაძემ, აკადემიკოსებმა ნოდარ ჭითანავამ და ალექსანდრე დიდებულიძემ, რომლებმაც ხაზი გაუსვეს წარმოდგენილი მასალის აქტუალობასა და ინფორმაციულობას. ერთხმად მიღებული კომისიის სხდომის დადგენილება გადაეცემა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმს.