საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აგრძელებს სტატიების ციკლს ხორბლის წარმოშობის, ჯიშების და მათი მოვლა მოყვანის შესახებ და აღნიშნავს ამ კულტურის განსაკუთრებულ ადგილს მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს სოფლის მეურნეობაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს მსოფლიოში პანდემიისა და ქვეყნებს შორის საომარი მოქმედებების პიობებში, როდესაც სასურსათო უსაფრთხოებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მთელი კაცობრიობისათვის.
ისტორიამ დაგვიდასტურა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაში ხორბლის კულტურას განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. ქართველი ხალხი ქმნიდა ადგილობრივი პირობებისადმი შეგუებულ ფორმებს რაც გარანტირებული მოსავლის მიღების საშუალება იყო. სწორედ ამიტომ საქართველოს მოსახლეობამ შექმნა ხორბლის ისეთი ბიომრავალფეროვნება, რომელიც უნიკალურია მთელ მსოფლიოში. ქართული ენდემური სახეობები ხასიათდება უნიკალური თვისებებით, რის გამოც ითვლებიან საუკეთესო გენეტიკურ წყაროდ მსოფლიო სელექციაში.
ქართველი ხალხის ისტორიული გამოცდილება ხორბლის წარმოებაზე ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. მე-19 საუკუნის ბოლოს საქართველოს, ჯერ კიდევ, გაჰქონდა ხორბალი საზღვარგარეთ. ქართველმა ხალხმა ბუნებრივ გენეტიკურ ლაბორატორიაში გამოარჩია და “ოქროს ზოდები” უანდერძა თანამედროვე მსოფლიოს.
გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო ხორბლის ფართობების შემცირება იმ მოტივით, თითქოს ხორბალი ნაკლებ შემოსავლიანია. საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველო გადაიყვანა ძირითადად ოთხ ძირითად შემოსავლიან კულტურაზე: ვაზი, ჩაი, ხილი და ციტრუსი. ხორბლის გავრცელების ზონა შემცირდა და მხოლოდ კახეთში, ქართლში და მესხეთ-ჯავახეთის მცირე ნაწილში დარჩა. ამან კი გამოიწვია დარგთა შეთანაწყობის რღვევა, რაც სამწუხაროდ დღესაც გრძელდება.
ხორბლის მოსავლიანობა საქართველოში ბოლო პერიოდში არათანაბარი, მაგრამ მეტ-ნაკლებად ზრდადი ტენდენციით ხასიათდებოდა და 2015-2016 წლებში დაფიქსირდა ბოლო ათწლეულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ერთ ჰექტარზე 2,6 ტონის ოდენობით. ამის მიუხედავად, ხორბლის საჰექტარო მოსავლიანობა ქვეყანაში უფრო დაბალია ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში — გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებზე დაყრდნობით, 2011 წლიდან მოყოლებული ხორბლის საშუალო მოსავლიანობა მსოფლიოში სტაბილურად აღემატება 3 ტ/ჰა-ზე.
აღნიშნული საკითხებისა და თავისებურებების გათვალისწინება დასავლეთ საქართველოს რეგიონებში შესაძლებელს გახდის ხორბლის კულტურის წარმოებაში დაბრუნებას, მოცდენილი ფართობების ათვისებას და ქვეყნის მარცვლეულით მომარაგების სტაბილურობას.
ზემოთ აღნიშნულ პრობლემებს და დასავლეთ საქართველოში, რომელიც ხორბლის კულტურის წარმოშობის ძირითადი კერაა საქართველოში, კერძოდ, კოლხეთის დაბლობი და რაჭა-ლეჩხუმი, ხორბლის წარმოების პერსპექტივებს ეხება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მინდვრის კულტურების მიმართულების ეროვნული კოორდონატორის პროფ. ც. სამადაშვილის სტატია (პროფ. ც. სამადაშვილის სტატიას გთავაზობთ ბმულზე