საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია UEAA და GAAS ორგანიზებით
2022 წლის 27-28 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპაში და პერსპექტივები“. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირი ((UEAA) და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია (GAAS).
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე და მისი ხელმძღვანელი გახლდათ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.
კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, რომელმაც აღნიშნა სოფლის მეურნეობაში ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების მოვლა მოყვანის თანამედროვე რესურსდამზოგი ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების მდგომარეობა ევროპაში და საქართველოში, მოკლედ მიმოიხილა ევროპასა და საქართველოში სოფლის მეურნეობის მექანიზაციის თანამედროვე მდგომარეობა და პერსპექტივები და დასახა ის ამოცანები, რომლის შესრულება აუცილებელია საქართველოში ამ მიმართულებით გარკვეული წარმატებების მისაღწევად.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმენ და წარმატებები უსურვეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა - აკად. გიორგი კვესიტაძემ,
ლატვიის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა დოქტ. პროფ. ბაიბა რივზამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა (ონლაინ ჩართვით),, საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა მიშელ ტიბიერმა (პარიზიდან ონლაინ ჩართვით), საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსმა დოქტ. ივერი ახალბედაშვილმა. საქართველოს საპატრიარქოს სახელით კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა ბატონმა ბაკურ გულუამ, აგრეთვე კონფერენციის მნიშვნელობაზე და სოფლის მეურნეობის მექანიზაციის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს და წარმატება უსურვეს კონფერენციას და მის მონაწილეებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველმა დოქტ. ომარ კაჭარავამ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა პროფ. ლევან უჯმაჯურიძემ.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ ევროკავშირის ექვსი ქვეყნის - საფრანგეთის, ლატვიის, შვედეთის, უკრაინის, უნგრეთის და ჩეხეთის მეცნიერები, რაც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია.
კონფერენციის დღის წესრიგით გათვალისწინებული მოხსენებები გააკეთეს აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ, ლატვიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა დოქტ. პროფ. ბაიბა რივზამ. ონლაინ რეჟიმში კონფერენციის წინაშე მოხსენებებით გამოვიდნენ საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი მიშელ ტიბიერი, უკრაინის აგრარულ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, აკად. იური ლუპენკო, საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორი რენე აუტელიტი, შვედეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამეფო აკადემიის პრეზიდენტი დოქტ. კეტრინ ნიბლაუსი და ასოცირებული პროფესორი პერ ფრანკელიუსი, უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის პროფ. ბ. ამბრუსი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგროინჟინერიის მეცნიერებათა სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი აკად. რევაზ მახარობლიძე.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და საწარმოო პროცესების ტექნოლოგიებზე, აგრეთვე საქართველოში სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დღევანდელ მდგომარეობაზე, პრობლემებზე და პერსპექტივებზე კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ: აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, პროფ. ნუგზარ ებანოიძე, პროფ. გელა ჯავახიშვილი, დოქტ. გიორგი ქუთელია, დოქტ. ზაზა მახარობლიძე, აკად. ზაურ ფუტკარაძე, პროფ. რომან მარგალიტაძე, აკად. ე. შაფაქიძე, პროფ. ომარ თედორაძე, დოქტ. თ. ნადირაშვილი და დოქტ. ო. ცარციძე.
სულ კონფერენიაზე წარმოდგენილი იყო სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგის 44 მეცნიერის 26 მოხსენება, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიდან 11 მეცნიერის 8 მოხსენება. აღნიშნული მოხსენებების აბსტრაქტები და ტექსტები გამოქვეყნდება სააერთაშორისო სამეცნიეო კონფერენციის შრომათა კრებულში, რომლის ელექტრონული ვერსია 10 მაისამდე, ხოლო ნაბეჭდი ეგზემპლარები კი 20 მაისამდე გადაეგზავნებათ სტატიების ავტორებს.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე მომხსენებლების მიერ აღინიშნა, რომ აუცილებელია დღეს, 21-ე საუკუნეში, დღის წესრიგში დადგეს ნიადაგის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელთა განხორციელების შედეგად მცირდება პროდუქციის თვითღირებულება, კლებულობს საწვავ-საცხები მასალების ხარჯები, დიდდება პროდუქციის რაოდენობა და ხარისხი. რესურსდამზოგი ტექნოლოგიების დანერგვით უმჯობესდება ნიადაგის ფიზიკო-მექანიკური თვისებები, იზრდება მათი ნაყოფიერება, მნიშვნელოვნად მცირდება ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიის პროცესები. ეს ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგის გადასვლა თანამედროვე რესურსამზოგი ტექნოლოგიების განხორციელებისათვის აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს ევროპის ქვეყნების გამოცდილება რობოტექნიკის, გლობალური პოზიციური სისტემების და მართვის თანამედროვე კომპლექსური ღონისძიებების მიმართულებით. კონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს ის საგანგაშო მდგომარეობაც, რომელიც შექმნილია საქართველოში აგროინჟინერიის და კერძოდ სოფლის მეურნეობის მექანიზაციის კადრების მომზადების მიმართულებით.
საერთაშორისო კონფერენციაზე სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგის განვითარებისა და სრულყოფისავის დასახული ღონისძიებების ნუსხა და წინადადებები იქნება ასახული შესაბამის დეკლარაციაში, რომლის მომზადებაც დავალებული აქვს კონფერენციის სამეცნიერო ხელმძღვანელობას. დეკლარაცია იხილეთ ბმულზე
აღსანიშნავია აგრეთვე, რომ კონფერენციის მსვლელობისას გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ლატვიის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებს შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ და ლატვიის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა დოქ. პროფ. ბაიბა რივზამ.
მიუხედავად შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ კონფერენციის იგნორირებისა, კონფერენცია მაღალ-ორგანიზაციულ დონეზე ჩატარდა, რაშიც დიდი დამსახურება მიუძღვით აკადემიის აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილებას, აკადემიურ და ადმინისტრაციულ დეპარტამენტებს და აკადემიის ტექნიკურ პერსონალს. კონფერენციისათვის აკადემიის ფინანსებით დამზადებული იქნა შესაბამისი თემატური ბანერები და თვალსაჩინო მასალა, დაბეჭდილი იქნა კონფერენციის პროგრამები ინგლისურ და ქართულ ენებზე, ევროპის ქვეყნების მეცნიერების გამოსვლები ონლაინ რეჟიმში განხორციელებული იყო „ზუმის“ პროგრამით, სათანადო სიმაღლეზე იყო ინლისურ ენოვანი ტექსტების ქართულ ენაზე თარგმნაც, რომელიც შესრულებული იყო აკადემიის თანამშრომელების და თარჯიმნის მიერ.