2022 წლის 10 ივნისს კომპანია „ფირმა ლომთაგორაში“ გაიმართა ღია კარის დღე. კომპანია ყოველწლიურად აწყობს ღია კარის დღეს, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ სამთავრობო, სამეცნიერო, სასწავლო ორგანიზაციები და ფერმერები. სადემონსტრაციო დღის მოწყობის მიზანია მიღებული შედეგების გაცნობა და შეფასება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკდემიიდან აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ და აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკად. ელგუჯა შაფაქიძემ.
ღია კარის დღე შესავალი სიტყვით გახსნა კომპანია „ლომთაგორას“ გენერალურმა დირექტორმა, დოქტ. კახა ლაშხმა. მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია „ფირმა ლომთაგორას“ საქმიანობის შესახებ. აღინიშნა, რომ „ფირმა ლომთაგორა“ მოიცავს 500 ჰა მიწის ფართობს, რომელიც მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში ზღვის დონიდან 430 მეტრ სიმაღლეზე. ფირმა მრავალდარგოვანი სასოფლო-სამეურნეო საწარმოა, რომლის საქმიანობის უმთავრესი მიმართულება ხორბლისა და სიმინდის სელექცია-მეთესლეობა და მინდვრის კულტურების წარმოებაა. კომპანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სასოფლო-სამეურნეო კვლევის ცენტრებთან თანამშრომლობასა და მათი მიღწევების საწარმოო გამოცდას. „ფირმა ლომთაგორას“ მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს სიმინდისა და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრთან - CIMMYT, ასევე მშრალი რეგიონების სასოფლო-სამეურნეო კვლევის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან - ICARDA. საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გზით, კომპანიამ დიდ წარმატებას მიაღწია როგორც ახალი ჯიშების გამოყვანაში, ისე მოწინავე აგროტექნოლოგიის დანერგვაში. „ლომთაგორას“ უკვე შექმნილი და დარეგისტრირებული აქვს უხვმოსავლიანი და დაავადებებისადმი გამძლე სიმინდისა და ხორბლის ჯიშები, რომლებიც ითესება საქართველოს სხვადასხვა აგროკლიმატურ ზონაში. დღეს, შეიძლება ითქვას, რომ „ლომთაგორა“ მეთესლეობის სფეროში ქვეყანაში ერთ-ერთი სპეციალიზებული საწარმოა, რომელიც სულ უფრო
აფართოებს მის საქმიანობის სფეროს.ფირმა მნიშვნელოვან ადგილს უთმობს ხორბლისა და სიმინდის ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნება-გაუმჯობესებას. „ფირმა ლომთაგორაში“ შემუშავებულია ახალი ჯიშების მიღებისა და მინდვრის კულტურების მოვლა-მუყვანის ტექნოლოგიები:
· რეგიონისათვის ადაპტირებული ჯიშების გამორჩევა საერთაშორისო სანერგეებიდან;
· ნიადაგის დამუშავების ახალი ტექნოლოგია;
· საშემოდგომო ხორბლის ბაძოებზე თესვა;
· დადგენილია სიმინდის ჰიბრიდების დგომის ოპტიმალური სიხშირე.
საწარმომ იაფი კრედიტის ფარგლებში შემოიტანა და დაასრულა „TUDORS“ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მარცვლეულის შესანახი ნაგებობის მშენებლობა-მონტაჟი, სადაც ერთდროულად 2000 ტონა მარცვლეულის შენახვაა შესაძლებელი.
კიდევ ერთი სიახლე, რასაც „ფირმა ლომთაგორა“ სთავაზობს ფერმერებს, უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით დამუშავებული ხორბლის თესლია. ხორბლისა და სხვა მარცვლეული კულტურების გადასამუშავებელი საწარმო, რომელიც ახლახანს USAID-ის პროგრამის დახმარებით ამოქმედდა ლომთაგორაში, მარცვლეულის გაწმენდა-დახარისხებას ევროპული ტექნოლოგიების შესაბამისად ანხორციელებს.
აღინიშნა აგრეთვე, რომ ქართველი სელექციონერების მიერ „ფირმა ლომთაგორაში“ მიღებულია ხორბლის უხვმოსავლიანი ჯიშები, როგორიცაა: ჯიში „ლომთაგორა 126“ - მოსავლიანობა 8-10 ტ/ჰა; ჯიში „ლომთაგორა 143“-ის მოსავლიანობა 6,5 ტ/ჰა-ზე. ჯიში „ლომთაგორა 149“-ის მოსავლიანობა 5,0-5,5 ტ/ჰა-ზე. ჯიში „გორდა 16“ - მოსავლიანობა 6,5-7,5 ტ/ჰა და ა.შ.
შეხვედრაზე სიტყვებით გამოვიდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკად. გურამ ალექსიძე, საქართველოს პარლემენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი ივერი ახალბედაშვილი, მეწარმე რომან რურუა, საქარტველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი რამაზ გახოკიძე.
სადემონსტრაციო დღის მონაწილეებმა დაათვალიერეს „ფირმა ლომთაგორას“ საცდელი ნაკვეთები, გაეცნენ მარცვლეული კულტურების სხვადასხვა ჯიშებს, სადაც თითოეულ სადემონსტრაციო ჯიშზე განმარტებას იძლეოდა კომპანიის გენერალური დირექტორი კახა ლაშხი.