აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა
2022 წლის 28 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა.
სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი, დოქტ. ივერი ახალბედაშვილი. მოხსენების თემა: ,,საოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რაციონალურად გამოყენების გამოცდილება ევროკავშირის ქვეყნებში“.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების გამჭვირვალე და ერთიანი სისტემის შექმნა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვის ეფექტური პოლიტიკის განსაზღვრა და კერძო და სახელმწიფო ინტერესების დაცვა წარმოადგენს საბაზრო ეკონომიკის ნაყოფიერი ფუნქციონირების, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისა და მიწის რესურსების რაციონალური გამოყენების საფუძველს.
საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებით, კონსტიტუციური ნორმით დადგინდა საკუთრება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და იგი შეიძლება იყოს სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. აქვე აღინიშნა, რომ გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება განისაზღვროს ორგანული კანონით, რომელიც მიღებულია პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით, რითაც ხაზი გაესვა მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ შემუშავებულ „სახელმძღვანელო პრინციპებში“ ხაზგასმულია მიწის განსაკუთრებული მნიშვნელობა ადამიანის ძირითადი უფლებების რეალიზაციის, სასურსათო უსაფრთხოების, სიღარიბის დაძლევის, მდგრადი საარსებო წყაროების, სოციალური სტაბილურობის, საბინაო უსაფრთხოების, სოფლის განვითარებისა და სოციალურ-ეკონომიკური ზრდისთვის. ევროკომისიის საორიენტაციო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წევრ ქვეყნებს აქვთ უფლება დააწესონ მკაფიოდ განსაზღვრულ მიზნებზე დაფუძნებული შეზღუდვები, რომლებიც უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ ქვეყანაში ფერმერული მეურნეობების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას, გადაჭარბებული ფასებით სპეკულაციის პრევენციას, მდგრადი და ეფექტური სოფლის მეურნეობის ხელშეწყობასა და განვითარებას.
მომხსენებელის მიერ შესწავლილ იქნა ევროპის ქვეყნების გამოცდილება. ქვეყნის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და სახელმწიფოს ეკონომიკური სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის ან იურიდიული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვას სხვადასხვა სახით ითვალისწინებს საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობა.
მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა, თუ როგორ ხდება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გაცემა კონსტიტუციების მიხედვით, მიწის სტატუსის განსაზღვრა და რეგულაციები დაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ ევროკავშირის ქვეყნებში.
მომხსენებლებს შეკითხვებით მიმართეს და შემდეგ გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება მოხსენებაში განხილული საკითხების ირგვლივ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკად. გივი ჯაფარიძემ, აკად. თ. ყურაშვილმა, პროფ. მ. კერესელიძემ, აკად. ჯ. გუგუშვილმა. მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს საკითხის უდიდეს მნიშვნელობას საქართველოს სოფლის მეურნეობის შემდგომი აღმავლობისა და განვითარების მიმართულებით და გამოთქვეს სურვილი, რომ გაგრძელდეს აღნიშნულ ფორმატში საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა.
აკადემიის სამეცნიერო საბჭოს მუშაობა შეაჯამა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ აკად. ჯემალ გუგუშვილმა.