სამუშაო შეხვედრა აგრარული და გარემოსდაცვითი განათლების
ხელშეწყობისა და ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით
2022 წლის 30 ივნისს სასტუმრო „პულმანის“ საკონფერენციო დარბაზში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს ჩართულობით გაიმართა ერთობლივი პროექტის „აგრარული და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება“ – „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების მოდერნიზაცია (ფაზა 2) შედეგების პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები და ფერმერები. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე და აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.
შეხვედრა გახსნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა სოლომონ პავლიაშვილმა. მან ფართოდ გააშუქა საქართველოში ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები, ისაუბრა მათი გადაწყვეტის გზებზე, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პროფესიულ განათლებასა და ინფორმირებულობას. ხაზი გაუსვა აგრარულ დარგში ამ ბოლო დროს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, მათი რეგულირების ფორმებს. ყურადღება გაამახვილა პროექტის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოებსა და მის შედეგებზე.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა UNDP-ის ადგილობრივმა წარმომადგენელმა ნიკ ბერესფორდმა, რომელმაც ისაუბრა პროექტის ძირითად მიზნებზე, მის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების მნიშვნელობაზე და მიღწეულ შედეგებზე.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები, რომლებიც ეხებოდა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პროფესიული მომზადების პროგრამაში შესულ საკითხებს, ციფრული ტექნოლოგიების ექსტენციას, ექსტენციის პროფესიული გადამზადების პროგრამასა და სხვ. გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებმა. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
შეხვედრა შეაჯამა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა, რომელმაც დიდი მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და პროექტის შედეგების განხილვაში აქტიური ჩართულობისათვის.