საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინფორმაცია

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის: „მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობა: ისტორია, თანამედროვეობა და მდგრადი განვითარების პერსპექტივები“- ს  შესახებ.

 

       2022 წლის 01 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის და ბიზნესტექნოლოგიებისა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტების, ასევე „იტერ ვიტის საქართველოს“ და მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობა: ისტორია, თანამედროვეობა და მდგრადი განვითარების პერსპექტივები.“ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს,  გერმანიის, იტალიის, ისრაელისა და  ესპანეთის მეცნიერებმა.

     კონფერენცია დაყოფილი იყო სამ სამუშაო სექციად: მეღვინეობის  (მოდერატორი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გურამ პაპუნიძე), მევენახეობის (მოდერატორები: აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი კობა კობალაძე) და ღვინის ბიზნესი, ტურიზმი და მარკეტინგის (მოდერატორები: პროფესორები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები:  ნინო ადამაშვილი და ლელა კოჭლამაზაშვილი). 

      კონფერენციის პლენარული სხდომა გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, რომელმაც მოკლე მისალმების შემდეგ ისაუბრა ქვეყანის ეკონომიკური განვითარების საქმეში მევენახეობისა და მეღვინეობის ადგილსა და როლზე, მის პერსპექტივებზე, საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის საკითხებზე. კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ისრაელის სახელმწიფოს სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი რან გიდორი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე, საერთაშორისო ექსპერტი, კადასტრის პროგრამის კოორდინატორი, პროფესორი დავით მაღრაძე, ისრაელის მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი დრორი შივი. 

     საქართველოს სოფლის მეურენობის მეცნიერებათა აკადემიიდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ და პრეზიდენტის მოადგილემ, აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ. 

    სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგა მოხსენებით, რომელშიც შეეხო საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ისტორიასა და დარგის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.  აღნიშნა, რომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი სამუშაოების ჩატარება ქართული ღვინის ექსპორტის გაფართოებისა  და საერთაშორისო ბაზარზე ხანგრძლივი ვადით მდგრადი ადგილის დაკავების მისაღწევად.  

    პლენარული სხდომის შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა შესაბამის სექციებში გააგრძელეს მუშაობა. მოფლიოში მევენახეობა-მეღვინეობის დღევანდელ მდგომარეობასა და დარგის პერსპექტივებზე  სექციებზე სულ წაკითხული იყო 55 მოხსენება, მათ შორის 17 მოხსენებით კონფერენციაზე  წარსდგნენ საზღვარგარეთის  მევენახეობა - მეღვინეობის დარგის წამყვანი მეცნიერები, ხოლო 38 მოხსენებით გამოვიდნენ ქართველი მეცნიერები.

აკადემია კონფერენციაზე

კონფერენციის მონაწილეები აკადემიიდან, მარჯვნიდან: აკად. გურამ პაპუნიძე, აკადემიის პრეზიდენტი,

აკად. გურამ ალექსიძე, აკად. ანატოლი გიორგაძე.

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com