საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სემინარი აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებთა განყოფილებაში

311493189 630734775156491 2010741327323293914 nმიმდინარე წლის 18 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა სემინარი თემაზე: „თრიალეთის ქედის ნიადაგების ორგანული ნახშირბადის მარაგები და მდგრადი მართვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფარგლებში.“ სემინარს ესწრებოდნენ აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების წევრები: განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, აკადემიკოსები: ნოდარ ჩხარტიშვილი, ზაურ ჩანქსელიანი, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის სტიპენდიატი, ქიმიის დოქტორი გიგა ქვარცხავა, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები: სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი და აკადემიკოსი ლაშა დოლიძე და მოწვეული სტუმარი სოფლის მეურნეობის დოქტორი გიორგი ღამბაშიძე.

სხდომა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა. მისალმების შემდეგ ქალბატონმა გოგოლა მარგველაშვილმა ისაუბრა საქართველოს ნიადაგების მდგომარეობის შესახებ, ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის ღონისძიებებზე. აღინიშნა, რომ აგრარული სექტორის წარმატების უდიდესი წილი ნიადაგებზეა დამოკიდებული, ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ნიადაგების ამჟამინდელ მგომარეობას, რათა სწორად დაიგეგმოს მათი ექსპლუატაციისა და გაუმჯობესების გზები.

აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა შემდეგ სიტყვა გადასცა აკადემიკოს ზაურ ჩანქსელიანსა და სოფლის მეურნეობის დოქტორს გიორგი ღამბაშიძეს, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს მოხსენება თემაზე „თრიალეთის ქედის ნიადაგების ორგანული ნახშირბადის მარაგები და მდგრადი მართვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფარგლებში.“ მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ დღეისათვის, არ არსებობს ერთიანი მონაცემთა ბაზა ნიადაგის შესახებ, რომლის შექმნა აუცილებელია როგორც ნიადაგზე მონიტორინგის დაწესების, ისე არსებული რესურსების შეფასების მხრივ. მათ მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით ხაზი გაუსვეს იმას, რომ ნიადაგის ორგანული ნახშირბადის მარაგის შეფასება მოხდა NASA-ს და FAO-ს მეთოდოლოგიით. პროექტის ფარგლებში ციფრულ კარტოგრაფირებასთან ერთად, რომელიც განხორციელდა ნიადაგის მსოფლიო საინფორმაციო სისტემის GLOSIS მოთხოვნების და FAO-ს მიერ შემუშავებული თემატური მიმართულების მეთოდური სახელმძღვანელოების შესაბამისად, ადგილზე მოხდა ნიადაგის მაღალნაყოფიერი ფენის შესწავლა ნიმუშების აღების საშუალებით (2კმx2კმ) წერტილების განმსაზღვრელი ბადის მეშვეობით. კვლევის შედეგები დიდ დახმარებას გაუწევს, როგორც ფერმერებს, ისე სახელწიფო და კერძო ორგანიზაციებს სივრცითი დაგეგმარების, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ასევე სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტიციების მოსაზიდად.

მოხსენება მოწონებული იქნა მსმენელების მიერ. აღინიშნა, რომ შესრულებულია დიდი მოცულობის მნიშვნელოვანი სამუშაოები, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ნიადაგების შესწავლის მიმართულებით.

სემინარი შეაჯამა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და სემინარის მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com