ვეტერინარიის დარგში
პირველი ქართველი აკადემიკოსის გუგული გოდერძიშვილის გახსენება
მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში, აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა საზეიმო სხდომა მიძღვნილი ვეტერინარიის დარგში პირველი ქართველი აკადემიკოსის გუგული გოდერძიშვილის დაბადებიდან 95 წლისთავის აღსანიშნავად. სხდომას ესწრებოდნენ: აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების წევრები: განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები: აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, და სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, ასევე მოწვეული სტუმრები, რომელთა შორის იყვნენ როგორც ვეტერინარიის დარგის მეცნიერები და პროფესორ-მასწავლებლები, ასევე პრაქტიკოსი ვეტერინარები.
საზეიმო სხდომა გახსნა აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა. მოკლე მისალმების შემდეგ მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო სხდომის დღის წესრიგი, რის შემდეგ სიტყვა გადასცა აკადემიკოს თენგიზ ყურაშვილს. ბატონმა თენგიზმა მსმენელებს გააცნო აკადემიკოს გუგული გოდერძიშვილის ბიოგრაფია, ხაზი გაუსვა მის ღვაწლს ქართული ვეტერინარული მეცნიერების განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში. აკადემიკოს თენგიზ ყურაშვილის შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ: პროფესორები: ლევან მაკარაძე და მერაბ ნათიძე, ვეტერინარიის დოქტორი ნინო მილაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე, საქართველოში FAO-ს წარმომადგენელი მიხეილ სოხაძე, საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის პრეზიდენტი ლალი ვაშაკიძე, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელი, ბატონი ვლადიმერ გვარჯელაძე. მომხსენებლებმა გაიხსენეს აკადემიკოს გუგული გოდერძიშვილთან გატარებული მუშაობის წლები, ყურადღება გაამახვილეს მის ღვაწლზე ახალგაზრდა ვეტერინარი-ექიმების აღზრდაში, აღნიშნეს მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება მომავალი მეცნიერ-პარაზიტოლოგების მიმართ და სხვა.
გუგული გოდერძიშვილის დაბადებიდან 95 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომას ესწრებოდნენ ასევე მისი ოჯახის წევრები. აღსანიშნავია, რომ მისი ერთ-ერთი შვილი ვეტერინარულ მეცნიერებათა დოქტორი დავით გოდერძიშვილი მამის პროფესიას გაყვა. ამჟამად იგი მუშაობს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. ბატონმა დავითმა სხდომის ორგანიზატორებს და მობრძანებულ სტუმრებს დიდი მადლობა გადაუხადა ბატონი გუგული გოდერძიშვილის ხსოვნის მიმართ პატივის მიგებისა და მამის მიერ ქართული ვეტერინარიის დარგში გაწეული ღვაწლის დაფასებისათვის.
საზეიმო სხდომა დახურა აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მობრძანებისა და ქართული ვეტერინარიის საამაყო შვილის, ბატონი გუგული გოდერძიშვილის გახსენებისათვის.