საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს დამფუძნებელი სხდომა
2022 წლის 11 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს დამფუძნებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, პრეზიდენტის მოადგილე აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, სწავლული მდივანი დოქტ. მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის თანამშრომლები, ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარის მ/შ გიორგი ქავთრაძე და საბჭოს წევრობის კანდიდატები.
სხდომას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საბჭოს დაფუძნების შესახებ აკადემიის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აკადემია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საბჭოს შექმნას, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა მეცნიერების და სპეციალისტების მხარდაჭერას, მათი ინტეგრაციის ხელშეწყობას აკადემიურ სივრცეში და ხაზი გაუსვა აკადემიის მზაობას მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიოს საბჭოს საქმიანობაში.
შემდეგ ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ქავთრაძემ, საბჭოს გააცნო ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წესდებით გათვალისწინებული საკითხები, რომლის შემდგომ წარადგინა საბჭოს წევრობის კანდიდატები.
საბჭოს დაფუძნებას მიესალმნენ და საქმიანობაში წარმატებები უსურვეს აკადემიკოსებმა ელგუჯა შაფაქიძემ, ანატოლი გიორგაძემ, ლაშა დოლიძემ და დოქტორმა მარინე ბარვენაშვილმა. ხაზი გაესვა საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობის აუციელებლობას აკადემიის სამეცნიერო განყოფილებებთან.