საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში
მიმდინარე წლის 5 დეკემბერს, ნიადაგების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „დავიცვათ ნიადაგი - ჩვენი მარჩენალი და ეროვნული სიმდიდრე“.
კონფერენციას ესწრებოდნენ აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების წევრები, განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, აკადემიკოსი ზაურ ჩანქსელიანი, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები: დოქტორი მარინე ბარვენაშვილი და აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების სტიპენდიატი, დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ლაბორატორიის უფროსი, დოქტორი გიორგი ღამბაშიძე და ამავე სამსახურის თანამშრომლები.
კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა. მისასალმებელ სიტყვაში, ქალბატონმა გოგოლამ ისაუბრა ნიადაგების მსოფლიო დღის დაარსების წინაპირობაზე, ხაზი გაუსვა იმას, რომ აუცილებელია ჯანმრთელი ეკოსისტემების შენარჩუნება, ინკლუზიური კოლექტიური ქმედებების საფუძველზე ნიადაგების დაცვა და გაჯანსაღება. შემდეგ აკადემიკოსმა გ. მარგველაშვილმა მიმოიხილა მსოფლიო და საქართველოს ნიადაგების მდგომარეობა, კერძოდ მსმენელებს გააცნო მსოფლიოს მიწის ფონდის მდგომარეობა, ნიადაგების დეგრადაციის ხარისხი და ფართობი, ყურადღება გაამახვილა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სტრუქტურასა და დაბალნაყოფიერი ნიადაგების გავრცელებაზე, ნათეს ფართობებზე და სხვ.
კონფერენციაზე მოხსენებებით ასევე გამოვიდნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ლაბორატორიის უფროსი, დოქტორი გიორგი ღამბაშიძე და გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების სტიპენდიატი, დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი. დოქტორ გიორგი ღამბაშიძის მოხსენების თემა გახლდათ „ნიადაგში ორგანული ნახშირბადის დაგროვებასა და მინერალიზაციაზე მოქმედი ფაქტორები“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ნიადაგები უზრუნველყოფენ ეკოსისტემურ სერვისებს, ნიადაგში არსებული ორგანული ნახშირბადი, ისევე როგორც მიწის პროდუქტიულობა და მიწის დაფარულობა, წარმოადგენს მიწის დეგრადაციის ინდიკატორს. გარდა აღნიშნულისა მომხსენებელმა ისაუბრა საქართველოს ნიადაგებში ორგანული ნახშირბადის მარაგებზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნიადაგებში ორგანული ნახშირბადის დაგროვების პოტენციალზე, ორგანული ნახშირბადის მინერალიზაციის და მისი ნიადაგში ხანგრძლივი დაგროვების ხელშემწყობ ფაქტორებზე. რაც შეეხება დოქტორ ზვიად ტიგინაშვილის მოხსენების თემას, იგი ეხებოდა „აღმოსავლეთ ფიჭვნარების ნიადაგებში ჰუმუსისა და ნახშირბადის მარაგებს.“ მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კვლევები ჩატარდა სამცხე-ჯავახეთის (ბორჯომ-ხარაგაულის, ადიგენის) ტერიტორიაზე. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ფიჭვნარის საერთო ფართობი 66737 ჰა-ია, ნიადაგში ჰუმუსის საერთო მარგი 10,28x106 ტონაა. მასში აკუმულირებულია 5,95x106 ნახშირბადი, რაც ატმოსფეროდან აბსორბირებული 21,83x106 ტ ნახშირბადის დიოქსიდის შესატყვისია.
მოხსენებების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მსმენელთა მხრიდან დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზედაც მომხსენებლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.
კონფერენციის მუშაობა შეაჯამა აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოსმა-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებლებს და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში აქტიური მონაწილეობის მიღებისათვის.