საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ნიადაგების მსოფლიო დღე აღინიშნა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2022 წლის 5 დეკემბერს ნიადაგების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა ღონისძიება. ღონისძიებას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის მოადგილეები: გიორგი ხანიშვილი, იური ნოზაძე, კახა კაკაბაძე, სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აგრარული უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA), ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაციის „ელკანა”, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus), კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელის (CENN) წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გურამ ალექსიძე, პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე და აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.
ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ. მისალმების შემდეგ ო. შამუგიამ ისაუბრა ნიადაგის მნიშვნელობასა და მისი დაცვის აუცილებლობაზე. აღინიშნა, რომ ნიადაგის რაციონალური მართვა პირდაპირ კავშირშია სასურსათო უსაფრთხოებასთან. ეს უკანასკნელი კი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისათვის პირველი რიგის გადასაწყვეტ ამოცანებს შორისაა. ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ დღეს კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე მწვავედ დგას ნიადაგის დეგრადაციის საკითხი. ამ მხრივ საჭიროა ახალგაზრდა, კვალიფიციური სპეციალისტების აღზრდა, რომლებიც თავის საქმიანობას წარმართავენ ნიადაგების დაცვისა და აღდგენის მიმართულებით.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნების გზით ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველოს ნიადაგების მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ, რომელმაც ამ მხრივ ჩვენი ქვეყნის უნიკალობას გაუსვა ხაზი.
ღონისძიების ფარგლებში, აგრარული მიმართულების საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებულ წარმატებულ ახალგაზრდა სპეციალისტებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს, სამეცნიერო და კვლევით სექტორში მოღვაწე მკვლევარებს ნიადაგმცოდნეობის ქართული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, აკადემიკოს თენგიზ (გიზო) ურუშაძის სახელობის საპატიო სიგელები გადაეცათ.