მიმდინარე წლის 13 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საზეიმო სხდომა, რომელიც მიეძღვნა მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს. სხდომას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოს გურამ ალექსიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები: დოქტორი მარინე ბარვენაშვილი და აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის აკადემიური და ადმინისტრაციული დეპარტამენტების თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები, რომელთა შორის ბრძანდებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსი ზაზა მარუაშვილი, მეცნიერების დეპარტამენტის თანამშრომელი ზურაბ ხუციშვილი და აგრარულ დარგში მოღვაწე მეცნიერ-აგრარიკოსი ქალბატონები.
სხდომა გახსნა და აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მან მოკლედ მიმოიხილა მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღის დაარსების მიზანი. აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში მეცნიერების სხვადასხვა დარგში არაერთი მეცნიერი ქალბატონი მოღვაწეობს, რომელთა შორის მრავლად არიან წარმატებული მეცნიერი აგრარიკოსი-ქალბატონები. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის აგრარული მეცნიერების და შესაბამისად დარგის განვითარებაში, რის გამოც აღნიშნული ქალბატონების შრომა და ღვაწლი მეტად საგულისხმო და დასაფასებელია. შემდეგ ბატონმა გურამმა სიტყვა გადასცა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლულ მდივანს, დოქტორ მარინე ბარვენაშვილს, რომელიც დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა მოხსენებით: „საქართველოს აგრარული დარგის გამოჩენილი მეცნიერო ქალები“.
დოქტორმა მ. ბარვენაშვილმა მიმოიხილა აგრარულ დარგში მოღვაწე წარსულის და თანამედროვეობის გამოჩენილი მეცნიერი ქალბატონების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ამსახველი მნიშვნელოვანი ეპიზოდები, მ. შ. ქსენია ბახტაძის, რომელიც გახლდათ პირველი ქართველი აკადემიკოსი ქალბატონი. მის მიერ გამოყვანილი ჩაის 19 ჯიშიდან, "ქართული სელექციური ჩაი №1"-ს, და "ქართული სელექციური ჩაი №2"-ს, შექმნისათვის 1948 წელს ქალბატონ ქსენია ბახტაძეს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია. ქვეყნის წინაშე არანაკლები დამსახურება მიუძღოდა ქალბატონ რუსუდან ხუბუტიასაც, რომლის სამეცნიერო მოღვაწეობა ეხებოდა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კულტურების დასარეველიანობის პრობლემას, აგროცენოზის ფორმირების კანონზომიერებებს, სარეველების მავნეობის, ბიოეკოლოგიის ასპექტებს. ქალბატონი რუსუდანი გახლდათ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ/კორესპონდენტი.
რაც შეეხება დღევანდელობას, მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსზე, ქალბატონ გოგოლა მარგველაშვილზე, რომელიც ამავდროულად გახლავთ აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. სპეციალობით აგროქიმიკოსი, იგი საქართველოს ისტორიაში ამ დარგში ერთადერთი ქართველი აკადემიკოსი ქალია. საყურადღებოა ისიც, რომ აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი ითვლება აღმოსავლეთ საქართველოს ძირითადი ტიპის ნიადაგებში ფოსფორიანი სასუქების ეფექტური გამოყენების თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების დამუშავების ქართული სამეცნიერო სკოლის ხელმძღვანელად. შემდეგ დოქტორმა მ. ბარვენაშვილმა ისაუბრა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის ლამარა ჯიქიას, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი ზაირა ქაფიაშვილის, ბიოლოგიის მეცნირებათა დოქტორის მზაღო ლობჟანიძისა და სოფლის მეურნეობის დოქტორის ნატალია დიაკოვას სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის შესახებ, მათ ღვაწლზე აგრარული მეცნიერების განვითარების საქმეში.
მოხსენების დასასრულს დოქტორმა მ. ბარვენაშვილმა დარბაზში მყოფ მეცნიერ-ქალბატონებს კიდევ ერთხელ მიულოცა მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე, უსურვა დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა და წარმატება სამეცნიერო საქმიანობაში.
დოქტორ მ. ბარვენაშვილის მოხსენების შემდეგ, აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ალექსიძემ სიტყვა გადასცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსს, ბატონ ზაზა მარუაშვილს. ბატონმა ზაზამ დარბაზში მყოფ ქალბატონებს მიულოცა ღირსშესანიშნავი თარიღი და წინსვლა უსურვა თავიანთ დარგებში. შემდეგ ისაუბრა ქართველ მეცნიერ ქალბატონებზე, მათ როლზე ქვეყანაში მეცნიერების განვითარების მიმართულებით, ასევე ქვეყნის მასშტაბით ზემოაღნიშნულ თარიღთან ჩატარებულ ღონისძიებებზე და აქტივობებზე. ბატონმა ზაზამ იმედი გამოთქვა, რომ მეცნიერი ქალი-აგრარიკოსები კვლევაც ჩვეული შემართებითა და ენთუზიაზმით გააგრძელებენ თავიან საქმიანობას და საკუთარ სიტყვას იტყვიან როგორც სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, ასევე მომავალი თაობის განათლების კუთხით.
მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომის ბოლოს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ აგრარულ დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის აკადემიის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა 19 წარმატებული ქალბატონი, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის და სუბტროპიკული კულტურების ინსტიტუტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელებით დაჯილდოებულმა ქალბატონებმა მადლობა გადაუხადეს აკადემიის პრეზიდენტს ესოდენ დიდი დაფასებისათვის და აღუთქვეს, რომ კვლავაც დიდ შემართებით გააგრძელებენ შემოქმედებით და სამეცნიერო საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.