საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში 2023 წლის 2 მარტს აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა ველური ბუნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები: აკადემიკოსი ლაშა დოლიძე და სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის სტიპენდიატი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, ასევე მოწვეული სტუმრები: ბიოლოგიის დოქტორები: პროფესორი მედეა ბურჯანაძე და არჩილ სუპატაშვილი, დოქტორანტი ნატალია ხარაბაძე.
სხდომა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მან აღნიშნა, რომ ველურ ბუნებაზე ზრუნვა თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა, განსაკუთრებით დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ადამიანის ხშირდ გაუაზრებელი მოქმედების გამო ყოველწლიურად ცხოველთა მრავალი სახეობების გადაშენება ფიქსირდება. საქართველო, თავისი ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ქვეყანაა. მას გაფრთხილება სჭირდება, რადგან სხვა შემთხვევაში შეიძლება გამოუსწორებელი ფაქტის წინაშე დავდგეთ. აკადემიკოსმა ლ. დოლიძემ ასევე ისაუბრა იმ ტრადიციებზე, რომელიც ველური ბუნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, უკვე წლებია დამკვიდრდა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილებაში. შემდეგ მან სიტყვა გადასცა ბიოლოგიის დოქტორს, პროფესორ მედეა ბურჯანაძეს, რომელიც აუდიტორიის წინაშე წარსდგა მოხსენებით: „პირველი ქართული მიკრობიოლოგიური პრეპარატი ბოვერ–ჯი (Bover-Ge) მავნე მწერების კონტროლისათვის“.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პრეპარატი შექმნილია ენტომოპათოგენური სოკოს Beauveria bassiana-ს ადგილობრივი შტამის საფუძველზე. ახალი ბიოპესტიციდის შესახებ მომზადდა საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც მიაწვდის ინფორმაციას ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს. ბოიპესტიციდი ბოვერ–ჯი იაფია ვიდრე შემოტანილი მსგავსი ტიპის პრეპარატები, ადაპტირებულია ადგილობრივ პირობებთან, ეფექტურია მავნე მწერების წინააღმდეგ (წარმატებით მოქმედებს შემთხვევათა 70-90%-ში), ახასიათებს ხანგრძლივი პესტიციდური მოქმედება სასოფლო-სამეურნეო, დეკორატიული, სატყეო, სათბურის, წყლის, ადამიანის და დაავადების გადამტანი მწერების წინააღმდეგ მიწისზედა და ნიადაგში მცხოვრები მავნებლების წინააღმდეგ. იგი უსაფრთხოა, უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა და ორგანული პროდუქციის წარმოებას, არ არის ტოქსიკური, უსაფრთხოა ადამიანისა და გარემოსათვის, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები.
მოხსენებამ მსმენელთა მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზეც ქალბატონმა მედეამ ამომწურავი პასუხები გასცა.
სხდომა შეაჯამა აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას დიდი მადლობა გადაუხადა მობრძანებისა და სხდომის მუშაობაში აქტიური მონაწილეობის მიღებისათვის.