მიმდინარე წლის 21 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა ტყის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სემინარი.
სემინარს ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების წევრები: აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის სტიპენდიატები: სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი; აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ქეთევან ჭიპაშვილი და მარიკა მოსაშვილი; მოწვეული სტუმრები: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ნანა გოგინაშვილი; აგრარული უნივერსიტეტის პროფესორები, ბიოლოგიის დოქტორები: არჩილ სუპატაშვილი და მედეა ბურჯანაძე; ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, სსიპ აჭრის სატყეო სააგენტოს ტყის მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსი, დოქტორი რეზო ვასაძე.
სემინარი გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლულმა მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, რომელმაც მოკლე მისალმების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა ტყის საერთაშორისო დღის დაარსების წინაპირობა. აღინიშნა, რომ ტყის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 23 - ე კონგრესზე დაარსდა. გაეროს ყველა წევრი-ქვეყანა და მათ შორის საქართველოც ამ დღეს ახორციელებს სპეციალურ ღონისძიებებს, რომლის მიზანიც არის ტყის ეკოსისტემების მრავალფეროვნების შენარჩუნება. შემდეგ აკადემიკოსმა ლ. დოლიძემ სიტყვა გადაცა ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორს, სსიპ აჭრის სატყეო სააგენტოს ტყის მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსს, დოქტორ რეზო ვასაძეს, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „აჭარა თურქეთის მერქნიანი მცენარეების ფიტოსანიტარული მდგომარეობა“.
დოქტორმა რეზო ვასაძემ ისაუბრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და თურქეთის რესპუბლიკის საზღვრისპირა (ართვინის, შავშეთი) ტყის ტერიტორიებზე. აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიებზე წარმოდგენილია სხვადასხვა ხნოვანების, სიხშირისა და წარმადობის ტყეები, რომელიც განლაგებულია სხვადასხვა ექსპოზიციის საშუალო, მაღალი და მკვეთრი დაქანების ფერდობებზე, ზღვის დონიდან სახვადასხვა სიმაღლეზე. ტყისშემქმნელი ზოგიერთი სახეობის სანიტარული მდგომარეობა, ზოგიერთ ადგილებში მავნებელ დაავადებების ზემოქმედებით რთულ მდგომარეობაშია. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა წიწვოვნებიდან ნაძვი და ფოთლოვნებიდან ჩვეულებრივი საჭმელი წაბლი. კორომებში გავრცელებულ მავნებელ - დაავადებების აღმოფხვრის მიზნით, აჭარის სატყეო სააგენტოსა და ართვინის სატყეო მეურნეობის სამხარეო სამმართველოს შორის, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ხშირად ხდება შეხვედრები, ტყეების დათვალიერება, ლაბორატორიულ პირობებში სხვადასხვა მიმართულებით მავნებელ-დაავადებების გამოკვლევა, იდენტიფიკაცია, ინფორმაციის გაცვლა, ენტომოფაგი მწერების გამოყვანა და ა. შ.
დოქტორ რეზო ვასაძის მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია მსმენელთა მხრიდან. დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზეც მომხსენებელმა ამომწურავი პასუხები გასცა.
სემინარი შეაჯამა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლულმა მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებელს საინტერესო მოხსენებისათვის, დამსწრე საზოგადოებას კი მობრძანებისა და სემინარის მუშაობაში აქტიური ჩართულობისათვის. აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს საქართველოს ტყეებთან დაკავშირებული პრობლემების განხილვას და მათი გადაჭრისათვის რაციონალური გზების მოძიებას.