საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ღონისძიებები

 

ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი

მრგვალი მაგიდა

 

 

344308892 908255576925443 6896339582185833932 n

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მიმდინარე წლის 27 აპრილს გაიმართა ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა თემაზე: ვეტერინარია დღეს, მიღწევები, გამოწვევები. მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ: მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის სწავლული მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი, აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ქეთევან ჭიპაშვილი და ლარისა ჩაიკა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორები: დავით გოდერძიშვილი და მაია კერესელიძე, ვეტერინარიის დოქტორები მარინა ჭიკაიძე, ირაკლი თათრიშვილი, ალექსანდრე ყურაშვილი, ნუნუ ომარაშვილი, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი დავით ბოსტაშვილი, საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის პრეზიდენტი ლალი ვაშაკიძე და ვეტერინარი ექიმი ანნა ბოჭორიშვილი. 

344289786 632979138243585 4972522311078911971 n

მრგვალი მაგიდა გახსნა მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ისაუბრა ვეტერინარიის მნიშვნელობაზე, მის დღევანდელ მდგომარეობაზე, პრობლემებზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დარგის სპეციალისტთა დეფიციტზე, ამ პროფესიისადმი ახალგაზრდების დაბალ ინტერესზე. შემდეგ სიტყვა გადასცა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ვეტერინარიის მეცნიერებთა დოქტორს დავით გოდერძიშვილს, რომელიც მსმენელთა წინაშე წარსდგა მოხსენებით: ვეტერინარია დღეს, მიღწევები, გამოწვევები. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ დღეს ვეტერინარიის დეპარტამენტი თავის საქმიანობას ახორციელებს ხუთი მიმართულებით, ესაა: ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა, ცხოველთა იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია, ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაცია, ცხოველთა გადაადგილების კონტროლი, ვეტერინარული კონტროლი. მნიშვნელოვანია, რომ ვეტერინარული დეპარტამენტის თაოსნობით ქვეყანაში ცხოველთა დაავადებების თავიდან აცილების მიზნით ყოველწლიურად სახელმწიფოს დაფინანსებით ტარდება სხვადასხვა მანიპულაციები. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ისეთი საშიში დაავადების მხრივ, როგორიც თურქულია, საქართველო მე-3 საფეხურზე დგას, მე-4 საფეხურის შემდეგ მოდის თურქულისგან სრულიად გათავისუფლება, რაც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივი პროდუქცია გაიტანოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. შემდეგ საუბარი წარიმართა ზოგადად ეპიზოოტურ დაავადებებზე, რომლებიც ორ ჯგუფადაა დაყოფილი. პირველ ჯგუფში შედის სწრაფ შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებები (15) რა დროსაც ტარდება შედარებით მკაცრი შეზღუდვები ექსპორტთან/ტრანზიტთან დაკავშირებით 1-3 წელი, ხოლო მეორე ჯგუფში - აგრეგირებულ შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებები (208), რა დროსაც მოთხოვნები არის შედარებით ნაკლებად მკაცრი, შეზღუდვები ექსპორტთან/ტრანზიტთან დაკავშირებით რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გრძელდება. დოქტორი დ. გოდერძიშვილი ასევე შეეხო ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის საკითხებს, ცხოველთა გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის გზებს, მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველთა ექსპორტს ვეტერინარული კონტროლსა და სხვ.

მოხსენების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მსმენელთა მხრიდან დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზეც ბატონმა დავითმა ამომწურავი პასუხები გასცა.

მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა, მრგვალი მაგიდის დღის წესრიგის თანახმად სიტყვა გადასცა აკადემიკოს თენგიზ ყურაშვილს, რომელმაც განავრცო მისი წინამორბედის მოხსენება. ბატონმა თენგიზმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ვეტერინარ ექიმთა კადრების სიმცირეზე. აღნიშნა, რომ რაიონებში ძირითადად 65 წელს გადაცილებული სპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სამსახურებში ხელშეკრულებით არიან გაფორმებულები. დასაქმებული სპეციალისტები, რომელთა ხელფასიც დიდ თანხას არ შეადგენს, დასაქმების გამო ვერ ღებულობენ კუთვნილ პენსიას, მაშინ როდესაც პენსიონერ ექიმებსა და მასწავლებლებს ხელფასთან ერთად პენსიაც ერიცხებათ. აკადემიკოსმა თ. ყურაშვილმა გამოხატა დამსწრე საზოგადოების სურვილი, რათა აკადემიიდან წერილი გაიგზავნოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში თხოვნით, რომ მთავრობის წინაშე შუამდგომლობა გაეწიოთ პენსიონერ ვეტექიმებს, რათა მათ ხელფასთან ერთად პენსიაც დაერიცხოთ.

მრგვალი მაგიდის დასასრულს აკადემიკოსმა ჯ. გუგუშვილმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის.

 

 

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

ჩატარდა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა

საბჭოს მე-3 სხდომა

 

343442487 231263832884545 268117022216415968 n მიმდინარე წლის 26 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს მე-3 სხდომა. სხდომაზე მოსმენილი იყო შემდეგი მოხსენებებით: 1. „ნატურალური სოფლის მეურნეობის საუკეთესო თანამედროვე გამოცდილების შესახებ (იაპონიისა და სამხრეთ კორეის პრაქტიკა)“. მომხსენებელი: მაგისტრი ალექსანდრე საკანდელიძე, აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრი. 2. მიკობაქტერიების ზეგავლენა ცხოველების  ჯანმრთელლობაზე,  ზოგიერთი ვექტორული დაავადებების გავრცელების  დინამიკა საქართველოში (ყირიმ - კონგოს  ჰემორაგიული ცხელება, ნოდურალური დერმატიტი)“. მომხსენებელი: დოქტორი ვლადიმერ ბარათაშვილი, აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრი.

აღნიშნულ მოხსენებებზე მოკლე ტექსტური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ბმულზე.

 

 

 

 

სამეცნიერო საბჭოს სხდომა  

 

 

340095690 1961356770877000 1765510214017501762 n 2023 წლის 21 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა.

            სხდომაზე მოხსენებით  გამოვიდნენ: სტუ-ს მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე, რომელიც მსმენელთა წინაში წარსდგა თემით: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის განვითარების ფაკულტეტის საქმიანობა   (მიზნები, ამოცანები, მიმართულებები) და   სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იოსებ სარჯველაძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა თემა: ბუნებრივი საკვები სავარგულების გაუმჯობესების და მათი სტაციონალურად გამოყენების შესახებ.

           პირველ თემასთან დაკავშირებით მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ახალად დაარსებული მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციისა და პოპულარიზაციის მიმართულებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

       მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ოთხივე პრიორიტეტულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა სახელმწიფოს მიერ სრულად არის დაფინანსებული. ეს პროგრამებია: მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი; მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა; ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა; მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება. მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან კოლაბორაციის ერთობლივი მოდელის შემუშავება.

     ფაკულტეტს ტექნიკურ და პრაქტიკულ საკითხებზე უკვე ჩამოყალიბებული აქვს თემატური პარტნიორობა ისეთ ცნობილ ევროპულ უნივერსიტეტებთან, როგორიცაა: შოტლანდიის მაღალმთიანეთისა და მყინვარების უნივერსიტეტი და იტალიის UNIMONT-. ამ ეტაპზე შემუშავებულია თანამშრომლობის მოდელი, რაც საშუალებას იძლევა, მომზადდეს ერთობლივი ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამები. ფაკულტეტის ხელმძღვანელობას მიჩნია, რომ განათლების მიღებისა და სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, მსგავსი კოლაბორაცია უმნიშვნელოვანესია, რადგან წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემა, მოიპოვონ ორი დიპლომი, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე ევროპული.

        საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, არაერთი ღია კარის დღე იქნა გამართული საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში - დუშეთისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში, რომელზეც მიწვეული იყვნენ საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები, სტუდენტები, აბიტურიენტების მშობლები, პედაგოგები, სკოლების დირექტორები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები.

 რაც შეეხება მეორე თემას, ბატონმა იოსებ სარჯველაძემ ვრცლად ისაუბრა ბუნებრივი საკვები სავარგულების გაუმჯობესების გზებზე. კერძოდ აღნიშნა, რომ მეცხოველეობის განვითარების, მისი პროდუქტიულობის გადიდებისა და ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს მტკიცე საკვები ბაზის შექმნა. ბუნებრივი საკვები სავარგულების გამოყენება დღეისათვის ერთადერთი საშუალებაა სახნავად გამოუსადეგარი მრავალი ათეული ათასი ჰექტარიდან მიღებული იქნეს მეცხოველეობის იაფი პროდუქცია (რძე, ხორცი, მატყლი და სხვ.) ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, სადაც სახნავი მიწების სიმცირის პირობებში სწორედ ბუნებრივი სათიბ-საძოვრები წარმოადგენს ბევრ რეგიონში მაღალხარისხოვანი საკვების წარმოების თითქმის შეუცვლელ და საიმედო წყაროს. გარდა აღნიშნულისა ეს სავარგულები საზღვრისპირა რეგიონშია განლაგებული, და ამდენად მათ გონივრულ გამოყენებას მოსახლეობის მთაში დამაგრების თვალსაზრისით, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ბუნებრივ სავარგულებზე წარმოებული საკვების ხვედრითი წილი საკვებთა საერთო ბალანსში. აღნიშნულიდან გამომდინარე ახლებურად უნდა იქნეს განხილული და შესწავლილი მინდვრად საკვებწარმოების პრაქტიკული საკითხები, დაზუსტდეს სავარგულების ცალკეული მასივების გაუმჯობესების საჭიროება, დაინერგოს უახლესი ტექნოლოგიები, სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სისტემები და სხვა.

საკვები სავარგულების არასწორი გამოყენებისა და მოუვლელობის გამო წლიდან წლამდე თანდათან მცირდება სათიბ-საძოვრების ფართობი, მდელოები იფარება ბუჩქნარით, ჭაობდება და შეიმჩნევა სხვა უარყოფითი პროცესები, რომლებიც აფერხებს გაუმჯობესების სამუშაოების მექანიზაციას.

ბუნებრივი საკვები სავარგულების ძირეული გაუმჯობესების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნიადაგის დროულ, სწორ და ხარისხიან დამუშავებას, დასათესი ბალახების თესლის სიწმინდეს, ბალახების თესვის ტექნოლოგიების სრულად დაცვას. ნახევრად უდაბნოსა და მაშრალი ველის ზონებში საჭიროა ადრე გაზაფხულზე მრავალ წლიანი ბალახების ნათესების დაფარცხვა,რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტენის შენარჩუნებას,სარეველების მოსპობას.

მეცხოველეობის მტკიცე საკვები ბაზის შესაქმნელად მინდვრად საკვებ წარმოებასთან ერთად ბუნებრივი სათივ-საძოვრების გაუმჯობესება და მათი რაცონალური გამოყენება გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს, რისთვისაც ფართოდ უნდა იქნეს გამოყენებული მეცნიერების თანამედროვე მიღწევები და ქვეყანაში არსებული მდიდარი გამოცდილება.

მოხსენებების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაება დამსწრე საზოგადოება. შემდეგ მოხსენებებში განხილული საკითხების ირგვლივ თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს აკადემიკოსებმა: ჯ.კაციტაძემ, ჯ.გუგუშვილმა, პროფესორებმა მ. კერესელიძემ და გ.მაძღარაშვილმა, დოქტორებმა: ე.კალანდიამ და გ.ცოფურაშვილმა. აღინიშნა, რომ 1) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მთის მცოდნე სპეციალისტთა მომზადებით, სამომავლოდ, სფეროში პროფესიონალი კადრების დეფიციტის პრობლემას გადაჭრის და პირველად საქართველოს პირობებში, რეგიონული დონის ყველა სამსახურისთვის მთის მცოდნე, მდგრადი განვითარების ექსპერტ-სპეციალისტებს მოამზადებს; 2) საკვები სავარგულების მოსავლიანობის ამაღლება წარმოადგენს საკვების წარმოების მნიშვნელოვან რეზერვს, ამიტომ საჭიროა მათი რაციონალურად გამოყენება, კულტურული საძოვრების შექმნა - განსაკუთრებით სარწყავ მიწებზე. საქართველოს სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციის ზონების ბუნებრივ ეკონომიკური და სოციალური მავენებლების გათვალისწინებით საჭიროა შეიქმნას საკვებწარმოების განვითარების გეგმა.

     სამეცნიერო საბჭოს მუშაობა შეაჯამა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ აკადემიკოსმა ჯ. გუგუშვილმა.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com