მიმდინარე წლის 29 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას სტუმრად ეწვია სვეტიცხოვლის მამათა მონასტრის იღუმენი, არქიმანდრიტი, მამა ილია (სანდრო) კავსაძე. მამა ილიამ ტრადიციულად, აკურთა აკადემიის შენობა, მოიარა მისი თითოეული კაბინეტი, დალოცა აკადემიის თანამშრომლები, რის შემდეგაც აკადემიის საკონფერენციო დარბაზში იქადაგა. ქადაგების დროს მან დარბაზში მყოფთ ესაუბრა პეტრე-პავლობის მარხვის შესახებ, მის მნიშვნელობაზე, ლოცვის მადლსა და ძალაზე. აღნიშნა, რომ ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში, სიკეთის კეთებასა და სიყვარულში გაატარებს თავის სიცოცხლეს თუ არა. ეს ღვთის მიერ ბოძებული უფლებაა, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ბოროტება, ბოღმა და შური ამძიმებს ადამიანის სულს და სატანჯველად უხდის მას. მამა ილიამ ასევე ყურადღება გაამახვილა ადამიანის ყოფაზე, მის სულიერ მდგომარებაზე, იმაზეც, თუ რაოდენ დიდი ბედნიერებაა, როდესაც კაცს შინიდან სამსახურში და სამსახურიდან შინისაკენ ერთნაირი სიხარულით მიუწევს გული. შემდეგ მამა ილიამ პასუხი გასცა აკადემიის თანამშრომელთა მიერ დასმულ შეკითხვებს და აღუთქვა მზაობა, რომ თითოეულ მათგანს და მთლიან კოლექტივს სიამოვნებით იხილავს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. ქადაგების ბოლოს მან აკადემიას საჩუქრად გადასცა ხელნაკეთი წმინდა ნინოს ჯვარი, აკადემიის თითოეულ თანამშრომელს კი იესო ქრისტესა და წმინდა გიორგის ხატები.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ პირადად თავისი და მთელი კოლექტივის სახელით მადლობა გადაუხადა მამა ილიას მობრძანებისთვის, აკადემიის შენობის კურთხევისა და თანამშრომელთა დალოცვისათვის.