საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 2023 წლის
6 ივლისს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ფონდ „განვითარება და გარემო“ -ს შორის.
საზეიმო სხდომა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ფონდ „განვითარება და გარემო“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მან მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ აუდიტორიას, რომელიც ფართო სპექტრით იყო წარმოდგენილი. მასპინძელთა მხრიდან სხდომას ესწრებოდნენ: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა, აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამაზ ბაციკაძე, აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნები, აკადემიკოსები: გოგოლა მარგველაშვილი, ლაშა დოლიძე, თენგიზ ყურაშვილი, რევაზ ასათიანი; სტუმართა მხრიდან იყვნენ: ფონდ „განვითარება და გარემო“ -ს თავმჯდომარე, ბატონი თეიმურაზ ტყემალაძე და აღმასრულებელ დირექტორი, ბატონი გოჩა კობერიძე. სხდომას ასევე ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარე, სატყეო ინსტიტუტის დიექტორის მ.შ., დოქტორი გიორგი ქავთარაძე, აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი, ბიოლოგიის დოქტორები: არჩილ სუპატაშვილი და მედეა ბურჯანაძე, სოფლის მეურნეობის დოქტორები: ნანა გოგინაშვილი, ზვიად ტიგინაშვილი, ნატო კობახიძე, სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ხაბეიშვილი, ჟურნალ „აგრარული საქართველოს“ რედაქტორი შოთა მაჭარაშვილი, ასევე აკადემიის სამეცნიერო საბჭოს და ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრები.
აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ მისალმების შემდეგ ფართოდ ისაუბრა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ფონდ „განვითარება და გარემო“ -ს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების მიზანზე. აღნიშნა, რომ საჭიროა კიდევ ერთხელ გააზრებული იქნეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ტყესთან მიმართებაში, რასთან დაკავშირებითაც აკადემიამ გარკვეულწილად თავისი სიტყვა უნდა თქვას. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აკადემიის წევრებს, პრაქტიკოს-მეტყევეებს და საკითხის მცოდნე პირებს საშუალებას მისცემს აქტიურად ჩაერთონ ფონდ განვითარება და გარემო“ -ს მიერ გამოცემული ჟურნალის „ველური ბუნება“ თემატიკაში, მეცნიერული კუთხით გააძლიერონ იგი და ამდენად კიდევ უფრო მეტად გაზარდონ მისი მნიშვნელობა. ხაზი გაუსვა იმას, რომ აკადემიას ქვეყნის მასშტაბით ჩამოყალიბებული აქვს სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრები, სადაც გავრცელდება აღნიშნული ჟურნალი და მეცნიერულ წრეებსა და არა მარტო მათ, საშუალება ექნებათ გაეცნონ ტყესთან, ბუნებასთან, ეკოლოგიასთან და ა.შ. დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს. ბატონმა გ. ჯაფარიძემ ყურადღება გაამახვილა ჩვენი ტყეების მნიშვნელობაზე, რომელსაც ჩამორჩებიან ტყესთან დაკავშირებით თავისი კანონმდებლობით ცნობილი ისეთი ქვეყნის ტყეები, როგორებიცაა, ავსტრია, გერმანია და მრავალი სხვა. აღინიშნა ისიც, რომ ტყეს ოდითგანვე საქართველოს მოსახლეობისათვის ჰქონდა, როგორც სოციალური პრობლემების გადაჭრის დატვირთვა, ასევე მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ქვეყნის თავდაცვის გაძლიერების თვალსაზრისით, გარდა ამისა საქართველოში დღესაც არსებობს ე. წ. „ქალწულებრივი“ ანუ ხელუხლებელი ტყეები, რაც უნიკალური შემთხევაა და იშვიათობაა მთელ მსოფლიოში, საქართველოს ტყეები გამორჩეულია იმთაც, რომ ისინი არ არის სამრეწველო დანიშნულების და სხვ. მომხსენებელი მიესალმა იმ ფაქტს, რომ რომ ტყის საერთო ფართობი, ქვეყნის ტერიტორიასთან მიმართებაში 44% -მდე გაიზარდა, თუმცა შეეხო ტყის მართვასთან, მის პოლიტიკასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებსაც და იმასაც, რომ სამწუხაროდ ქვეყანაში შეინიშნება სპეციალისტთა კადრების და დარგით დაინტერესებული ახალგაზრდების სიმცირე. მოხსენების ბოლოს აკადემიის პრეზიდენტმა, ბატონმა გ. ჯაფარიძემ იმედი დაიტოვა რომ აკადემიის და ფონდის „განვითარება დ გარემო“-ს მიერ წამოჭრილი მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში აქტიურად ჩაებმება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც (საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის მოხსენების სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე).
საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ ფონდ „განვითარება და გარემო“-ს აღმასრულებელი დირექტორი, ბატონი გოჩა კობერიძე და ფონდის თავმჯდომარე, ბატონი თეიმურაზ ტყემალაძე. ბატონმა გოჩა კობერიძემ ისაუბრა ფონდის მიერ შესრულებულ და სამომავლოდ შესასრულებელ პროექტებზე. აღნიშნა, რომ თითოეული პროექტის საფუძველი - მეცნიერული კვლევაა. ამჟამად საჭიროა, რომ ის ცოდნა, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაშია დაგროვილი ტყესთან და ზოგადად გარემოს დაცვასთან დაკავშირებით წარმატებით იქნეს რეალიზებული კომერციაში. სამწუხაროდ საქართველოში და არამარტო საქართველოში, ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებში პრაქტიკულად ამის პრეცენდენტი არ არსებობს. აღნიშნული საკითხი კი უკვე დიდი ხანია დადებითადაა გადაწყვეტილი, როგორც ევროპის მოწინავე ქვეყნებში, ასევე აშშ-ში. აუცილებელია ჩვენთანაც დანერგოს ამის პრაქტიკა და ორი მნიშვნელოვანი საკითხი: ეკოლოგია და ეკონომიკა ერთ ჭრილში იქნეს მოაზრებული. ამის მაგალითს კი თავისი საქმიანობით თავად ფონდი „განვითარება და გარემო“ იძლევა. რაც შეეხება ბატონ თეიმურაზ ტყემალაძეს, მან მსმენელთა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ უკანასკნელ პერიოდში გარემოს დაცვასა და ტყესთან დაკავშირებით ქვეყანაში არაერთი პრობლემა გაჩნდა: ჰაერის დაბინძურება, ბრაკონიერობა, ხე-ტყის უკანონო ჭრები, ყოველივე ნეგატიურად ისახება ქვეყნის კეთილდღეობაზე. საქართველოში, რომელიც ცნობილია თავისი ბიომრავალფეროვნებით, შეიძლება წარიმართოს შეუქცევადი პროცესები და ჩვენ დავკარგოთ ის, რასაც ვეღარასოდეს დავიბრუნებთ. ამ მხრივ აუცილებელია გამკაცრდეს თითოეული ღონისძიება, რომელიც დაგვიცავს მსგავსი ტიპის უარყოფითი მოვლენებისაგან. ბატონმა თეიმურაზმა დარბაზში მყოფთ ამცნო „მთაწმინდის პროექტთან“ დაკავშირებული სასიხარულო ამბავიც. კერძოდ, ის რომ აღნიშნული პროექტი აღმოჩნდა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, რაც მისი თქმით, სწორად დალაგებულმა და გადაწყვეტილმა საქმიანობამ განაპირობა. ბატონი თ. ტყემალაძე შეეხო ასევე ახალგაზრდა თაობის აღზრდის საკითხს გარემოს დაცვის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება სტუდენტებზე გაამახვილა, როგორც ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელებზე. აღნიშნა, რომ საჭიროა მათი აქტიური ჩართულობა გარემოსთან, ტყესთან და ზოგადად ეკოლოგიასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში, ამის სტიმული კი გახდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და ფონდ „განვითარება და გარემო“- ერთობლივი საქმიანობა. ახალგაზრდებმა უნდა ნახონ თუ რა არის ქვეყნის პრიორიტეტი და რა მიმართულებით უნდა წარიმართოს მათი საქმიანობა. გარდა ამისა, ბატონმა თ. ტყემალაძემ ერთ-ერთ საკითხად განიხილა აკადემიის წევრების ჩართულობა, მათ მიერ სტატიების გამოქვეყნება ჟურნალში „ველური ბუნება“.
სხდომის მსვლელობისას მემორანდუმთან დაკავშირებით თავიანთი აზრი გამოხატეს აკადემიკოსებმა: ნ. ჭითანავამ, გ. ალექსიძემ, გ. მარგველაშვილმა, ზ. ცქიტიშვილმა, რ. ასათიანმა, დოქტორმა გ. ქავთარაძემ. მათ გამოთქვეს აქტიური ჩართულობის მზაობა აკადემიისა და ფონდის ერთობლივ საქმიანობაში.
სხდომის დასასრულს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ფონდ „განვითარება და გარემო“-ს შორის. აკადემიის მხრიდან მემორანდუმს ხელ მოაწერა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, ხოლო ფონდ „განვითარება და გარემო“-ს მხრიდან, ფონდის თავმჯდომარემ, ბატონმა თეიმურაზ ტყემალაძემ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ფონდ „განვითარება და გარემო“-ს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი იხილეთ ბმულზე.
აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა
მიმდინარე წლის 5 ივლისს შედგა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იქნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის მოხსენება საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის შესახებ.
სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა აღნიშნული კონცეფციის დიდ მნიშვნელობას და საძოვრების შესახებ კანონის მიღების დაჩქარების აუცილებლობას.
თავის მოხსენებაში გიორგი მიშელაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საძოვრების ფართობი დაახლოებით 1,7 მლნ ჰა-ს შეადგენს, რომელთაგან 500 ათას ჰექტარამდე ეროზირებულია. საძოვრების ეკოსისტემას და მცენარეულ საფარს განსაკუთრებით აზიანებს პირუტყვის გადამეტძოვება და არარაციონალური გამოყენება, რის შედეგად მცირდება ბალახნარი, ბუნებრივი საფარი იცვლება უხეში, საკვებად გამოუსადეგარი და ზოგჯერ მავნე მცენარეებით, აგრეთვე ბუჩქნარით, რომლებიც ხელს უშლიან სასარგებლო მცენარეულობის განვითარებას, ნიადაგის სტრუქტურის შეცვლას. ქვეყანაში არსებული საძოვრების ბუნებრივი პირობები, კლიმატი, რელიეფის სირთულეები, ტექნიკასა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, საგრძნობლად ზღუდავენ ამ სავარგულებზე ძირეული გაუმჯობესების ღონისძიებების ჩატარებას, რაც შესაბამისად იწვევს საძოვრების დეგრადირებას. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში მიწის რესურსების მართვის დღეს არსებულ პირობებში ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს საძოვრებით სარგებლობისა და მათი მდგრადი მართვის სწორი პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და დამკვიდრება.
აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ, შემუშავებულია „საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია“, რომლის მიზანია საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და მათი დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს სოფლის მოსახლეობის და ფერმერების მიერ საძოვრებით სარგებლობის სამართლებრივი და სამეურნეო პირობების განსაზღვრა-დამკვიდრებას, საძოვრებზე მიწის დეგრადაციის პრევენციასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ხელს შეუწყობს მათი ნაყოფიერების გაუმჯობესებას, მეცხოველეობის დარგის მდგრად განვითარებას და პროდუქტიულობის გაზრდას.
კონცეფცია ეფუძნება კომპლექსურ მიდგომას, რომელიც საძოვრების მდგრადი გამოყენებისა და დაცვის საკითხებს განიხილავს მეცხოველეობის განვითარების საკითხებთან ერთად. საძოვრები განიხილება ბუნებრივი და ნახევრად ბუნებრივი ეკოსისტემების ნაწილად, რომლებიც გამოიყენება მოსახლეობისა და ფერმერების სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური კატეგორიების მიერ და რომელთაც აქვთ განსხვავებული პრიორიტეტები და მიზნები მეცხოველეობის განვითარების კუთხით. ასევე, გათვალისწინებულია ზაფხულისა და ზამთრის საძოვრების ინტეგრირებული მართვისა და ტრადიციული მომთაბარეობის საკითხები.
აღნიშნულის საფუძველზე კონცეფცია აყალიბებს საძოვრების მდგრადი მართვის ხედვასა და პრინციპებს, განსაზღვრავს საძოვრად გამოყენებული მიწების საკუთრებისა და საძოვრებით სარგებლობის უფლებების საკითხებს, ინსტიტუციურ მოწყობას საძოვრების მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად, პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრული მიდგომების სამართლებრივ შედეგებს, განიხილავს საძოვრების მართვის ეკონომიკურ და ფისკალურ ასპექტებს, საძოვრებით სარგებლობის დაგეგმვას და მონიტორინგს. დოკუმენტმა საფუძველი შეუქმნა საძოვრების მართვის შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის მომზადებას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი და წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში საძოვრების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვისა და დამკვიდრებისათვის.
შემდეგ კონცეფციის ცალკეული პოზიციის შესახებ ვრცელი პრეზენტაციით გამოვიდა კავკასიის რეგიონული ეკოლოგიური ცენტრის პროექტის მრჩეველი ანა რუხაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ კონცეფცია ეფუძნება კომპლექსურ მიდგომას და საძოვრების მდგრად სარგებლობას განიხილავს მეცხოველეობის დარგის განვითარების საკითხებთან ერთად და ძირითადად ეფუძნება ევროპის ქვეყნების მაღალმთიან რეგიონებში საძოვრების მართვის არსებულ მიდგომებს, რომლებიც ესადაგება საქართველოში საძოვრებით სარგებლობის ტრადიციებს.
მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ალ.დიდებულიძე, ივ. ახალბედაშვილი, ო.კაჭარავა, კ.ნადირაძე, შ. მაჭარაშვილი, ო. ქარჩავა, ე.კაციტაძე, გ.ქუთელია, ა.სუპატაშვილი, გ.გოგოლი, ალ.რუსეცკი, თ.გომიაშვილი, რ.იუხნევიჩი, რომლებმაც აღნიშნეს კანონის ინფორმაციულობა და საავტორო კოლექტივის მიერ ჩატარებული დიდმოცულობიანი და სასარგებლო მუშაობა.
სხდომამ მოიწონა წარმოდგენილი მოხსენება და პრეზენტაცია და მიმართა სამეცნიერო და ბიზნეს წრეების, ფერმერებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს, აქტიურად ჩაერთონ საძოვრების მდგრადი მართვის საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების და განხილვის პროცესებში, რათა მაქსიმალურად მოხდეს საძოვრების გამოყენების და დაცვის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტის გათვალისწინება და სრულყოფილი საკანონმდებლო რეგულაციების მიღება, ასევე ეთხოვოთ მედია საშუალებებს, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აქტიურად გააშუქონ საძოვრების მდგრადი მართვის, შემუშავებული კონცეფციისა და საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობის აქტუალური საკითხები.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გასვლითი სხდომა
მიმდინარე წლის 30 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა გასვლითი სხდომა ჩაატარა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაში. სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა იური ნოზაძემ, აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ, აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ, აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა, აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა, აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა რევაზ ასათიანმა, აკადემიკოსებმა: ნოდარ ჩხარტიშვილმა და ზაურ ჩანქსელიანმა, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, დოქტორმა მარინე ბარვენაშვილმა, აკადემიის მთავარმა სპეციალისტმა, დოქტორმა თინათინ ეპიტაშვილმა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლევან უჯმაჯურიძემ, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, დოქტორმა ნოდარ ხატიაშვილმა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის მეცნიერ-თანამშრომელმა ლეილა გეგენავამ.
სტუმრებს ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ლაბორატორია დაათვალიერებინა და ლაბორატორიაში წარმოებული კვლევების შესახებ ესაუბრა სოფლის მეურნეობის დოქტორი გიორგი ღამბაშიძე. აღინიშნა, რომ ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი მოწყობილობებით, აქ წარმოებს, როგორც ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური შემადგენლობის შესწავლა, ასევე ხდება მისი მიკრობიოლოგიური კვლევა. ლაბორატორიის დათვალიერების შემდეგ დამსწრე საზოგადოებამ გადაინაცვლა საკონფერენციო დარბაზში, სადაც ჩატარდა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე. მოკლე მისალმების შემდეგ, მან ისაუბრა აკადემიისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ურთიერთთანამშრომლობაზე, მის მნიშვნელობაზე ქვეყანაში აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, ასევე დარგში არსებულ გარკვეულ პრობლემებზე და მათი გადაჭრისათვის ღონისძიებების დაგეგმვა-ჩატარების აუცილებლობაზე.
სხდომა გააგრძელა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლევან უჯმაჯურიძემ, რომელმაც დღის წესრიგის შესაბამისად ინფორმაცია გააკეთა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ 2022 წელს გაწეული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგებისა და სამომავლო გეგმის შესახებ.
აკადემიკოსმა ლ. უჯმაჯურიძემ ფართოდ გააშუქა სამეცნიერო-ცენტრში არსებული თითოეული სამსახურის საქმიანობა, მათი მიზნები და სამომავლო გეგმები, აღნიშნა რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქმიანობას აგრარული მეცნიერების, სოფლის მეურნეობისა და სურსათის წარმოების განვითარების, მცენარეთა და ცხოველთა აგრო-ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის, ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერებისა და სანაშენე საქმიანობის ხელშეწყობის, ვეტერინარიის, თესლისა და სარგავი მასალის სტანდარტებისა და სერტიფიცირების სისტემის შემუშავების; ყურძნის, ხილის, სოფლის-მეურნეობის პროდუქტთა შენახვა გადამუშავების, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის, აგროსაინჟნრო, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში რისკის შეფასების უზრუნველყოფის, ბიომეთოდების შემუშავების და ბიომეურნეობების განვითარების ხელშეწყობის, ახალი ტექნოლოგიების გავრცელების და სხვა მიმართულებებით ახორციელებს. ბატონმა ლევანმა ასევე ისაუბრა სამეცნიერო-კვლებით ცენტრში განხორციელებული პროგრამების შესახებ, ყურადღება დაუთმო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: საქართველოს მიწის ფონდის შესწავლა და ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესება, სანაშენე საქმიანობა, მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემების კვლევა და შედეგების დანერგვის ხელშეწყობა, ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარება და სხვ. (ანგარიშის შემოკლებული ვერსია იხ. ბმულზე).
ინფორმაციის მოსმენის შემდეგ გაიმართა დისკუსია და აზრთა გაცვლა-გამოცვლა. განხილულ საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი შეხედულება გამოხატეს ბატონებმა: იური ნოზაძემ, ნოდარ ხატიაშვილმა, გურამ ალექსიძემ, რევაზ ასათიანმა, თენგიზ ყურაშვილმა, ალექსანდრე დიდებულიძემ, ნოდარ ჩხარტიშვილმა, ზაურ ჩანქსელიანმა, ქალბატონმა გოგოლა მარგველაშვილმა. სხდომამ მოიწონა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ 2022 წელს გაწეული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა და უსურვა ცენტრის ხელმძღვანელობას წინსვლა და წარმატებები შემდგომ საქმიანობაში.
პრეზიდიუმის სხდომა შეაჯამა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და პრეზიდიუმის სხდომაში აქტიური მონაწილეობის მიღებისათვის. ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გასვლითი სხდომების ჩატარების პრაქტიკა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ურთიერთთანამშრომლობას აკადემიასა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის, რაც შემდგომში დადებითად აისახება მათ მიერ გაწეული საქმიანობის ხარისხზე.