2023 წლის 29-30 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციის "ცხოველთა გენეტიკური ფონდების მართვა - პრობლემები, გადაწყვეტილებები, პერსპექტივები" მუშაობაში, რომელიც გაიმართა მოლდოვას რესპუბლიკაში. იგი მოხსენებით გამოვიდა პლენარულ სხდომაზე.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ მოლდოვას ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ინსტიტუტი ზოოინჟინერიასა და ვეტერინარულ მედიცინაში, მოლდოვას მეცნიერებათა აკადემიის სიცოცხლის მეცნიერებათა დეპარტამენტი, მოლდოვას სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრო და მოლდოვას კვლევისა და განვითარების ეროვნული სააგენტო. კონფერენციის მუშაობა მოიცავდა შემდეგ სფეროებს: მეცხოველეობა და ბიოტექნოლოგია (გენეტიკა, მომშენებლობა, ცხოველთა ფიზიოლოგია და რეპროდუქცია, კვების და საკვების ტექნოლოგია, მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგია), გენების მართვისა და შენარჩუნების ბიოლოგიური საფუძვლები, ადგილობრივ ცხოველთა ჯიშები, სანიტარული და ვეტერინარული ღონისძიებები ცხოველების კეთილდღეობისთვის და მეცხოველეობის პროდუქტების უვნებლობისათვის. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მეცნიერები: მოლდოვადან, საქართველოდან, უკრაინიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან.
კონფერენცია გახსნა მოლდოვას მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ბორის გაინამ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა ზოოინჟინერიასა და ვეტერინარულ მედიცინაში ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ოლეგ მაშნერი.
გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ზოოინჟინერიასა და ვეტერინარულ მედიცინაში ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ინსტიტუტს შორის.