საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია - „სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა და ცხოველთა ბიომრავალფეროვნება,
კონსერვაცია და გამოყენების პერსპექტივები“
მიმდინარე წლის 4-6 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (MG-ISE-23-923) ჩატარდა საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია „სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა და ცხოველთა ბიომრავალფეროვნება, კონსერვაცია და გამოყენების პერსპექტივები“.
კონფერენციის საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტი წარმოდგენილი იყო 9 ქვეყნის (საქართველო, საფრანგეთი, ლატვია, უკრაინა, იტალია, რუმინეთი, ლიეტუვა, ჩეხეთი, შვედეთი, სლოვაკეთი) მეცნიერთა შემადგენლობით, ხოლო საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტი - 5 ქვეყნის (საქართველო, საფრანგეთი, ლატვია, უკრაინა, რუმინეთი), მეცნიერთა შემადგენლობით.
კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სოფლის მეურნეობის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ავთანდილ კორახაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბატონი იური ნოზაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბატონი აპოლონ კაკაბაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბატონი ზაზა მარუაშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი, ბატონი ივერი ახალბედაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, აკადემიკოსი ლევან უჯმაჯურიძე, საქართველოს საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი ბაკურ გულუა, ასევე უცხოელი და ქართველი მეცნიერები.
4 ოქტომბერს კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მან ისაუბრა კონფერენციის თემის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ დღეს მთელ მსოფლიოში მეტად მწვავედ დგას როგორც ზოგადად ბიომრავალფეროვნების, ასევე სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა და ცხოველთა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სისტემების მდგრადობის, სასურსათო სუვერენიტეტის, ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, ნედლეულით მომარაგებისა და შემოსავლების ზრდის ხელშემწყობია. შემდეგ ბატონმა გივი ჯაფარიძემ სიტყვა მისალმებისათვის გადასცა ქართველ და უცხოელ სტუმრებს. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და კონფერენციის მუშაობაში წარმატება უსურვეს ბატონებმა: როინ მეტრეველმა, იური ნოზაძემ, ზაზა მარუაშვილმა, ივერი ახალბედაშვილმა, ლევან უჯმაჯურიძემ, უცხოელ სტუმართაგან: საფრანგეთის სოფლის მეურნეობის აკადემიის ყოფილმა პრეზიდენტმა, პროფესორმა მიშელ ტიბიერმა, ლატვიის სოფლის მეურნეობის და სატყეო მეცნიერებების აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა ბაიბა რივზამ, რუმინეთის ქ. სუჩავას გენბანკის დირექტორმა, დოქტორმა სილვია სტრაჯერუმ, უკრაინის აგრარულ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ცხოველთა ბიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სელექცია-გენეტიკის ლაბორატორიის უფროსმა, უკრაინის აგრარულ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, პროფესორმა ელიზავეტა ფედოროვიჩმა.
მისალმებების შემდეგ, კონფერენციის მუშაობის პროგრამის შესაბამისად გაიმართა პლენარული სხდომა, რომელზეც მოხსენებებით გამოვიდნენ: პროფესორი მიშელ ტიბიერი. მისი მოხსენების თემა გახლდათ: „განსაკუთრებული აქცენტი ფრანგული პირუტყვის ჯიშებზე, რომლებსაც გადაშენება ემუქრებათ“; პროფესორი ბაიბა რივზა მსმენელთა წინაშე წარსდგა მოხსენებით: „ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადი გადაწყვეტილებების შესწავლა: მიკრობული ინოვაციების ინტეგრირება სასოფლო-სამეურნეო კულტურების კულტივაციაში ლატვიაში“; აკადემიკოს გურამ ალექსიძის მოხსენება ეხებოდა „სასოფლო-სამეურნეო კულტურების ბიომრავალფეროვნებას საქართველოში“; პროფესორმა ელიზავეტა ფედოროვიჩმა ისაუბრა თემაზე: „მეთოდოლოგიური ასპექტები სასოფლო-სამეურნეო ცხოველების გენეტიკური რესურსების კონსერვაციის მეთოდოლოგიაში უკრაინაში“, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ კი წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „საქართველოს ტყის ეკოსისტემების ბიომრავალეროვნება“.
მოკლე შესვენების შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა სამუშაოდ გადაინაცვლეს შესაბამის სექციებში. მუშაობა წარიმართა 2 სექციაში. I სექციას - სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა ბიომრავალფეროვნება ხელმძღვანელობდა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, II სექციას - სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ბიომრავალფეროვნება კი - აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი. სექციების მუშაობის დასრულების შემდეგ გაიმართა შემაჯამებელი დისკუსია, რომელზეც აკადემიკოსმა გ. მარგველაშვილმა და აკადემიკოსმა თ. ყურაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს სექციების მუშაობის შედეგები. აღინიშნა, რომ სექციებზე წარმოდგენილი თითოეული მოხსენება დამსწრე საზოგადოების მხრიდან დიდ ინტერესს იწვევდა და მეტად პრობლემატურ საკითხებს ეხებოდა. წარმოდგენილ მოხსენებებს შორის ყურადღება მიიპყრო რუმინეთის დელეგაციის წარმომადგენელის ანდრა-საბინა ნიკულაუ-ვალეანუს ნაშრომმა, რომელმაც იგი პოსტერის სახით წარმოადგინა. არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლდათ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლის, პროფესორ ტატიანა სუპროვიჩის მოხსენებაც, რომელიც ეხებოდა ძროხის BOLA-DRB3 გენის ბიომრავალფეროვნებას.
შემაჯამებელი დისკუსიის შემდეგ უცხოელი სტუმრებისათვის რესტორან „აფაზეთში“ გაიმართა საზეიმო ვახშამი.
5 ოქტომბერს სექციებმა მუშაობა დილის 10 საათიდან გააგრძელეს. მუშაობის დასრულების შემდეგ გაიმართა შემაჯამებელი დისკუსია. აღინიშნა, რომ სულ 2 დღის განმავლობაში I სექციაში - სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა ბიომრავალფეროვნება მოსმენილი იქნა 17 მოხსენება, ხოლო II სექციაში - სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ბიომრავალფეროვნება - 12 მოხსენება. ამის შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც ნათლად იყო წარმოჩენილი კონფერენციის მიზანი და ის საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა და ცხოველთა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.
კონფერენციის მუშაობა შეაჯამა და კონფერენცია დახურა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თითოეულ მონაწილეს კონფერენციის მუშობაში მონაწილეობის მიღებისათვის და წარმატება უსურვა შემდგომ სამეცნიერო საქმიანობაში.
კონფერენციის მონაწილეებმა, კონფერენციის ორგანიზატორებთან ერთად გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, რის შემდეგ მოწვეული უცხოელი სტუმრებისათვის მოეწყო თემატური ექსკურსია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე. ადგილზე სტუმრებს დახვდნენ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, აკადემიკოსი ლევან უჯმაჯურიძე და კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები.
აკადემიკოსმა ლ. უჯმაჯურიძემ სტუმრებს მოუთხრო ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების შესახებ. ვაზის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და ადგილზე ქართველი კაცის ყოფაში. აღნიშნა, რომ ქართული ვაზის ჯიშების რაოდენობა 500-ს აჭარბებს. შემდეგ სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს რთველში. მასპინძლებმა უცხოელ სტუმრებს ანახეს ჩურჩხელის ამოვლების პროცესი. თითოეულ მათგანს საშუალება მიეცა თავად დაემზადებინათ ეს ნუგბარი. სტუმრებმა ყურძნის გარდა დააგემოვნეს ჯიღაურას ბაზაზე მოყვანილი ხილი და ქართული ღვინოები. ექსკურსიის დასასრულს გაიმართა საზეიმო ვახშამი.
7 ოქტომბერს კონფერენციის უცხოელი სტუმრებისათვის მოეწყო ექსკურსია ბოდბის დედათა მონასტერში და ყვარლის ღვინის გვირაბში, რომლის სპონსორიც გახლდათ კომპანია ხარება, აღნიშნული კომპანია წლების განმავლობაში მხარს უჭერს აკადემიის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო ღონისძიებებს. ყვარლის გვირაბში სტუმრებს მეგზურობა გაუწია გიდმა, რომელმაც დაწვრილებით მოუთხრო მათ მისი შექმნის ისტორია და ამჟამად გვირაბის მფლობელის კომპანია „ხარების“ შესახებ. სტუმრები გვირაბის დათვალიერების შემდეგ ქვევრის გახსნის ცერემონიალის მომსწრეები გახდნენ. მათ დააგემოვნეს ქვევრის ღვინო და თიხის ფიალებითაც დასაჩუქრდნენ. ღვინის გვირაბის გარე ტერიტორიაზე სტუმრები გაეცნენ შოთის პურის გამოცხობის პროცესს და თავადაც ჩააკრეს პური თონეში. ასევე ამოავლეს ჩურჩხელები, რის შემდეგ კომპანია „ხარებამ“ მათ საზეიმო ვახშამი მოუწყო.
უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენციის მუშაობაში უშუალო მონაწილეობა მიიღო 200-მდე მეცნიერ-მკვლევარმა, დაიბეჭდა სამეცნიერო შრომათა კრებული, რომელშიც გაშუქდა 100 სამეცნიერო სტატია. მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო ჩანთები, საწერ-კალმები, ბლოკნოტები, სამეცნიერო შრომათა კრებულები და სერტიფიკატები. კონფერენციის სამივე დღე გაშუქებული იქნა საფერავი ტვ-ს მიერ.
კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები ლატვიის მეცნიერებათა აკადემიასთან და უკრაინის ქ. კამიანეც-პოდოლსკის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან.
კონფერენციის პროგრამა: https://gaas.dsl.ge/images/Program_1.pdf
კონფერენციის შრომათა კრებული: https://gaas.dsl.ge/images/2023/Conference_Proceedings_2023.pdf