საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

394486077 880620710264270 8559158322468587105 n  მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს შედგა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ ეთერ ხარაიშვილის მოხსენება თემაზე: „ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობაში: ტენდენციები და გამოწვევები“.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სამყარო მუდმივი ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის პროცესშია. თანამედროვე სოფლის მეურნეობის სექტორიც მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის მსოფლიოში მიმდინარე პროცესების, განსაკუთრებით სურსათზე მოთხოვნის   ზრდის, მომხმარებელთა პრეფერენციებში ცვლილებების,   ტექნიკურ-ტექნოლოგიური განვითარების, გლობალიზაციის, ურბანიზაციისა და სხვა ფაქტორების გავლენის გამო.

ციფრიზაცია კონკურენტუნარიანობის ზრდის, პროდუქტიულობის   მდგრადი განვითარების შესაძლებლობაა. თუმცა, სხვა სექტორებთან შედარებით, ეს პროცესი სოფლის მეურნეობაში გართულებულია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებების გამო. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ციფრული ტრანსფორმაციის ტენდენციების შეფასება საქართველოს სოფლის მეურნეობაში, უცხოური გამოცდილების შესწავლა, ციფრიზაციის პროცესში არსებული გამოწვევების გამოვლენა და განვითარების პერსპექტიულ მიმართულებებზე რეკომენდაციების შემუშავება.

მოხსენებაში დასაბუთებული იყო ციფრული ტრანსფორმაციის განხორციელების აუცილებლობა საქართველოს სოფლის მეურნეობაში, შედარდა მეცნიერთა განსხვავებული მოსაზრებები ციფრიზაციის კონცეფციის შესახებ. საქართველოს სოფლის მეურნეობის ციფრულ ტრანსფორმაციაში არსებული გამოწვევების გამოსავლენად ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა მაიდენტიფიცირებელი, კომპეტენციების, პრაქტიკული და შეფასებითი სექციების მიხედვით. კვლევით დადგინდა: რესპონდენტთა ციფრული უნარების ფლობის დონე, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების პერიოდი და მიზნები, აპლიკაციები და სერვისები; შეფასდა ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა, ,,ციფრული განხეთქილებისდონე, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, ციფრული ტექნოლოგიების ბარიერები; განსაზღვრულია სახელმწიფოს როლი სოფლის მეურნეობის სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციაში; გამოვლინდა სოფლის მეურნეობის სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის საჭიროებები; შეფასდა სოფლის მეურნეობის სექტორის ციფრული ტრანსფორმაციიდან მიღებული სარგებელი.

კვლევაში გამოყენებული იქნა შემდეგი მეთოდოლოგია: ბიბლიოგრაფიული კვლევა, ანალიზის, სინთეზის, შედარების, ექსპერტული, მატრიცული, ფაქტორული და სხვადასხვა სტატისტიკური მეთოდი.

ზემოაღნიშნულის გარდა ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა, მრავლობითი რეგრესიის მოდელის საშუალებით დადგინდა მწარმოებლურობაზე ინტერნეტისა და სოციალური მედიის მომხმარებელთა რაოდენობის გავლენის შედეგები. წარმოდგენილი იქნა დასკვნები ციფრული ტრანსფორმაციის ტენდენციებსა და გამოწვევებზე, შემოთავაზებული იყო რეკომენდაციები ციფრიზაციის განვითარების პერსპექტიულ მიმართულებებზე.

წარმოდგენილი თემის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: . ჭითანავამ, ალ. დიდებულიძემ, . ასათიანმა; დოქტორებმა: . ცოფურაშვილმა, . ხოხაშვილმა, . კაციტაძემ, . ქარჩავამ, . ქუთელიამ, . ძიძიკაშვილმა, რომლებმაც აღნიშნეს მომხსენებლის მიერ ჩატარებული მუშაობის აქტუალურობა, მოხსენების ინფორმატიულობა და მიდგომის ინოვაციურობა. სხდომამ მიიღო შესაბამისი დადგენილება.

 

 

„ღვინის დღეები“-ს ფარგლებში გამართული კონფერენცია:

„ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო-პროექტი - შედეგები და სიახლეები“

 

400334641 634135005339658 7780591248257476873 n მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს სასტუმრო „შერატონ მეტეხში“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო-პროექტი - შედეგები და სიახლეები“. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ მსოფლიოს 11 ქვეყნის მეცნიერ-მკვლევარები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან კონფერენციას ესწრებოდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გ. ალექსიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ა. გიორგაძე, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ა. დიდებულიძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მ. ბარვენაშვილი.

კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და კონფერენციის მუშაობაში წარმატება უსურვეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბატონმა ოთარ შამუგიამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ნოდარ პაპუკაშვილმა. აღინიშნა, რომ ღვინის დღეებით ჩვენ ვახსენებთ მთელ საზოგადოებას, რომ ქართული ღვინო არის ჩვენი კულტურის და ისტორიის ნაწილი და რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ღვინის დაყენების 8000 წლიანი უწყვეტი ისტორიით.

კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის მულტიდისციპლინარულ სამეცნიერო პროექტში ქართველ მეცნიერებთან ერთად, ჩართული იყვნენ პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტების, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRA) მეცნიერები. ქართული ვაზისა და ღვინის ისტორიის, თანამედროვე მდგომარეობისა და მევენახეობა – მეღვინეობის მომავალი განვითარების პოტენციალის წარმოჩინების მიზნით, პროექტის ფარგლებში მოხდა ქართულ ვაზისა და ღვინის შესწავლა სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინის საშუალებით.  399785158 359016496683214 5740216610324367211 n 1

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერი, მკვლევარი პატრიკ მაკგოვერნი, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის პროექტით უკვე დადასტურდა ქართული ღვინის დაყენების 8000 წლიანი ისტორია. კონფერენციაზე ასევე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ: საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი, ბატონი დავით ლორთქიფანიძე, რომლის მოხსენება გახლდათ: „ბიოკულტურული პროცესები ღვინის ისტორიის მიღმა“; ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერი სტეფან ბატიუკის მოხსენება იყო: „გადაჭრილი გორის“ რეგიონალური არქეოლოგიური პროექტის ექსპედიცია (GRAPE) 2016-2023: სამხრეთ კავკასიის ნეოლითური ლანდშაფტების გამოკვლევა და რა მნიშვნელობა აქვს მას მსოფლიო ისტორიისათვის“; მონპელიერს უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშროელმა ლორან ბუბმა ისაუბრა თემაზე: „ძველი ვაზების დახასიათება წიპწის ფორმის ანალიზის საშუალებით და კულტივირებული ვაზების ევოლუცია საქართველოში ათასწლეულების განმავლობაში“ და სხვ.

„ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის“ კოორდინატორმა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დავით მაღრაძემ აღნიშნა, რომ გაიზარდა პროექტში ჩართული მეცნიერების რაოდენობა, ნათლად გამოჩნდა პროექტის საქმიანობის გაფართოების პერსპექტივა, რაც მომავალში ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის იმ მრავალფეროვანი საკითხების შესწავლას წაადგება, რითაც ასე მდიდარია ეს დარგი.

 

 

 

29 სექტემბრის პრეზიდიუმის სხდომა

 

მიმდინარე წლის 29 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები, აკადემიკოსები: გ. ჯაფარიძე, გ. ალექსიძე, რ. ასათიანი, ჯ. გუგუშვილი, ა. დიდებულიძე. ლ. დოლიძე, გ. მარგველაშვილი, რ. მახარობლიძე, ლ. უჯმაჯურიძე, ზ. ფუტკარაძე, ნ. ჩხარტიშვილი, ზ. ცქიტიშვილი, ნ. ჭითანავა, დოქტორები: ი. ახალბედაშვილი, მ. ბარვენაშვილი, ო. კაჭარავა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორები: ზ. მახარობლიძე, ო. თედორაძე, ო. ქარჩავა, ტექნიკის დოქტორები: ვ. მარუაშვილი, თ ნადირაშვილი, თ. ცარციძე, გ. ქუთელია. მ. ბენაშვილი, ხ. გოჭოშვილი, ასევე პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრები და აპარატის თანამშრომლები.

პრეზიდიუმი გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ. შემდეგ მან აუდიტორიას გააცნო პრეზიდიუმის მუშაობის დღის წესრიგი:

1. ინფორმაცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2023 წლის საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომის გამოსავლენად ჩატარებულ კონკურსის შედეგების შესახებ. (გამარჯვებულთა დაჯილდოება).

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

3. ინფორმაცია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, „სასოფლო-სამეურნეო მცენარეებისა და ცხოველების ბიომრავალფეროვნება, კონსერვაცია და გამოყენების პერსპექტივები“, მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

4. საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მანქანების რემონტის და წარმოების აუცილებლობის შესახებ.

მომხსენებელი: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა მახარობლიძე.

  1. მიმდინარე საკითხები

1. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნულ კოორდინატორებთან მრგვალი მაგიდის ჩატარების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე

პირველ საკითხთან დაკავშირებით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები შეთანხმებულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელობასთან. უახლოეს პერიოდში შედგება ხელმოწერის ცერემონია, რომელიც უფრო მნიშვნელოვანს და ნაყოფიერს გახდის ორივე აკადემიის საქმიანობას.

მეორე საკითხის ირგვლივ ისაუბრა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, დოქტორმა მ. ბარვენაშვილმა. მან აღნიშნა, რომ აკადემიის მიერ 2023 წლის საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომის გამოსავლენად გამოცხადებული კონკურსი ჩატარდა შესაბამისი დებულების სრული დაცვით. გამარჯვებულები გახდნენ და პრემიები გადაეცათ 10 ნაშრომის ავტორებს. მათი გვარები და ნაშრომები ატვირთულია აკადემიის ვებ-გვერდზე. აღნიშნულის შემდეგ, აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ კონკურსის გამარჯვებულებს გადასცა სამახსოვრო დიპლომები.

           საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, „სასოფლო-სამეურნეო მცენარეებისა და ცხოველების ბიომრავალფეროვნება, კონსერვაცია და გამოყენების პერსპექტივები“ ჩასატარებლად მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, დოქტორმა მარინე ბარვენაშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნულმა პროექტმა გაიმარჯვა მიმდინარე წლის დასაწყისში შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში. პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, მთავარი კოორდინატორი - აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, ძირითადი შემსრულებლები: აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი. განცხადება კონფერენციის ჩატარებისა ვადებისა და სამეცნიერო სტატიების მიღების წესების შესახებ გამოქვეყნდა აკადემიის ვებ-გვერდზე, გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში. საინფორმაციო ვიდეო რგოლი მთელი თვის განმავლობაში გადიოდა „საფერავი ტვ“-ის ეთერში. ინფორმაციები ასევე დაეგზავნათ ადგილობრივი და საზღვარგარეთის პარტნიორ ორგანიზაციებს. ჩატარდა მთელი რიგი სამუშაოები, რომელიც გათვალისწინებული იყო საკონფერენციო გრანტის გეგმა-გრაფიკით. მომზადდა კონფერენციის მოსაწვევები, პროგრამა და სამეცნიერო კრებული. სულ შემოსულია 100 სამეცნიერო სტატია 200-ზე მეტი მეცნიერის ავტორობით. სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს საფრანგეთის, ლატვიის, რუმინეთის, ალბანეთის და უკრაინის მეცნიერებმა. სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება 2023 წლის 4-6 ოქტომბერს.

            ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა მახარობლიძე დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა მოხსენებით „საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მანქანების რემონტის და წარმოების აუცილებლობის შესახებ“ (მოხსენების სრული ტექსტი იხ. ბმულზე). წარმოდგენილმა მოხსენებამ აუდიტორიის მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზედაც მომხსენებელმა ამომწურავი პასუხები გასცა.

            პრეზიდიუმის დასასრულს, აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია აკადემიის ეროვნულ კოორდინატორებთან მრგვალი მაგიდის ჩატარების შესახებ და პრეზიდიუმის წევრებს გააცნო ანგარიშის ახალი ფორმა, რომლის მიხედვითაც ეროვნულმა კოორდინატორებმა უნდა წარადგინონ მათ მიერ შესრულებული სამუშაოები.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com