აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილე
მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს ქ. ქუთაისში აღინიშნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილე. საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები,
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან კი აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე და აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე. აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ შალვა კირთაძეს გადასცა აკადემიის პრეზიდენტის მისალოცი ადრესი, რომელშიც იგი აკადემიის სახელით გულითადად ულოცავდა ამ ღირსშესანიშნავ თარიღს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, მათ ვინც დაუღალავად ემსახურება უნივერსიტეტის განვითარებას და ფასდაუდებელ ცოდნასა და გამოცდილებას გადასცემს ქვეყნის ხვალინდელი დღის მშენებლებს – ახალგაზრდობას, სტუდენტებს. ადრესთან ერთად რექტორს გადაეცა სამახსოვრო საჩუქარი.
რექტორთან მიღების შემდეგ ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა საზეიმო ღონისძიება, სადაც მისალოცი სიტყვით გამოვიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი გიორგი ამილახვარი. საზეიმო ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ბატონი ნოდარ პაპუკაშვილი, მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბატონი ზაზა მარუაშვილი და სამინისტროს სხვა ოფიციალური პირები.