მიმდინარე წლის 31 ოქტობერს შედგა კომისიის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის მეცხოველეობის განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელის გვანცა ბეჟანიშვილის მოხსენება: „მსხვილფეხა მეცხოველეობის განვითარების პროგრამა“.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მეცხოველეობის დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მიზნობრივი საგრანტო და საკრედიტო პროგრამების შემუშავება და განხორციელება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს, რომ დაიხვეწოს და გაიზარდოს შესაძლებლობები ფერმერებისთვის, განხორციელდეს ქვეყანაში მაღალპროდუქტიული ჯიშების შემოყვანა და ფერმების სათანადო აღჭურვა-მოდერნიზაცია.
მსხვილფეხა მეცხოველეობის განვითარების პროგრამის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს წარმოადგენს სოფლად ეკონომიკის განვითარება და დივერსიფიკაცია, შემოსავლების ზრდა; მსხვილფეხა მეცხოველეობის მდგრადი და ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობა; ცხოველთა პროდუქტიულობის გაუმჯობესება; ცხოველური წარმოშობის სურსათის ხარისხის გაუმჯობესება; რძის/ხორცის წარმოების პრაქტიკის მოდერნიზაცია; ცხოველთა ჯანმრთელობის და კეთილდღეობის გაუმჯობესება; კლიმატგონივრული წარმოების პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა.
მსხვილფეხა მეცხოველეობის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, მოხდა მიზნობრივი პროგრამის შემუშავება, რომელიც მსხვილ, საშუალო და მცირე ფერმერებს სთავაზობს მერძეული, მეხორცული, კომბინირებული, სანაშენე და სასუქი სულადობისთვის ფერმების აშენება/რეკონსტრუქცია/აღჭურვას და ცოცხალი სულადობის შეძენის შესაძლებლობას.
მსხვილფეხა მეცხოველეობის განვითარების ძირითადი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად განსაზღვრულია სამი მიმართულება. პირველი განკუთვნილია ფერმებისთვის, ვისაც ჰყავს სულ მცირე 25 სული უშობელი და მეტი, ხოლო სანაშენეს შემთხვევაში 50 უშობელი. სესხის მაქსიმალური ოდენობა არის 5 მლნ ლარი სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება-სესხის პროცენტის სუბსიდირება 11%-ია, ხანგრძლივობით არაუმეტეს 7 წლისა. მიმართულება მოიცავს ფერმის აშენება/რეკონსტრუქციას, აღჭურვას, ცოცხალი პირუტყვის, მ.შ. უშობლებისა და კურო-მწარმოებლის შეძენას.
მეორე მიმართულება მოიცავს სასუქი სულადობისთვის სადგომის მოწყობას. არანაკლებ 100 მოზარდისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. სესხის მაქსიმალური ოდენობა 1,000,000 ლარი, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება-სესხის პროცენტის სუბსიდირება 11%-ია, ხანგრძლივობით არაუმეტეს 4 წლისა. მიმართულება ფარავს სადგომის აშენებას, აღჭურვა-რეკონსტრუქციას.
მესამე მიმართულება მცირე მეურნეობების ხელშეწყობას ემსახურება, ფერმერებს ვისაც ჰყავს 25 სულზე ნაკლები. ეს მიმართულება მოიცავს საგრანტო კომპონენტს არაუმეტეს 40,000 ლარის. შეღავათიანი აგროკრედიტი მცირე მეურნეობების ხელშეწყობისთვის განსაზღვრულია არაუმეტეს 250,000 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსება-სესხის პროცენტის სუბსიდირება 11%, ხანგრძლივობით არაუმეტეს 4 წლისა. დასაშვები ინვესტიციააშენობა-ნაგებობისა (სადგომი) და ფერმის მოწყობისთვის საჭირო აღჭურვილობა-დანადგარები.
მოხსენების შემდეგ გამართულ კამათში მონაწილეობდნენ აკადემიკოსები ნ.ჭითანავა, რ.ასათიანი, ე.გუგუშვილი, ალ.დიდებულიძე, პროფესორები გ.გოგოლი, ო.თედორაძე, დოქტორები ი.ახალბედაშვილი, გ.ცოფურაშვილი, ე.კაციტაძე, გ.ქუთელია, თ.ფირცხალაიშვილი, ზ.კაზალიკაშვილი. სხდომამ მიიღო დადგენილება, რომლითაც, გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით, მოიწონა წარმოდგენილი პროგრამა.