მიმდინარე წლის 14 დეკემბერს გაიმართა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე. განხილული იქნა ორი საკითხი:
1. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში;
მომხსენებელი:ლევან მეხუზლა - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე;
2. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 2023 წლის რთველის შესახებ;
მომხსენებელი: ლევან მეხუზლა - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.
სხდომას თავმჯდომარეობდა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული.
აღინიშნა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს - რომელიც შექმნილია „ვაზისადა ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე - საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: მევენახეობის განვითარება; ქართული ღვინის პოპულარიზაცია; ღვინის ხარისხის კონტროლი; რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები; ქართული ვაზის კულტურის კვლევა და პოპულარიზაცია; ქართული ღვინის ადგილწარმოშობების სისტემის განვითარება. ღვინის ეროვნული სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებსა და მეღვინეობის სფეროში მოქმედ კომპანიებთან თანამშრომლობის რეჟიმში. სააგენტოს მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას უწყების თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ წარმოადგინა.
მომხსენებლის თქმით, მეღვინეობა-მევენახეობის დარგი ქვეყნისთვის სტრატეგიულია და, შესაბამისად, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. „მნიშვნელოვანია, რომ ეს ყოველთვის იგრძნობა როგორც მოსახლეობისგან, ასევე მთავრობისა და პარლამენტისგან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ დარგის განვითარებისა და წინსვლისათვის. ღვინის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამების მიხედვით მოქმედებს. ამ ეტაპზე გვაქვს ექვსი პროგრამა: რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები; მევენახეობის განვითარების ღონისძიებები; ღვინის ლაბორატორიული კვლევა; ქართული ვაზის წარმოშობის პოპულარიზაცია; ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებები და ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების სისტემის განვითარებისა და დაცვის ხელშეწყობის ღონისძიებები“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს თითოეული პროგრამის მიხედვით სააგენტოს აქტივობა გააცნო და იმ მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წელს მიაღწია.
აღინიშნა, 2022 წელი ზოგადად მეღვინეობა-მევენახეობის დარგისთვის გამოწვევებით დაიწყო. რეგიონში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე, წლის პირველ ნახევარში ქართული ღვინის ექსპორტმა იკლო რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე. წლის მეორე ნახევრიდან მდგომარეობა დასტაბილურდა და ექსპორტის ზრდის ბოლო წლების ტენდენცია გაგრძელდა. შედეგად, 2022 წელს, მსოფლიოს 66 ქვეყანაში, ექსპორტირებული იყო 104 მილიონ ლიტრამდე, 252,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 2021 წელთან შედარებით გაზრდილია 5,5%-ით, ხოლო რაოდენობა - 30%-მდე, ყურძნისეული ალკოჰოლიანი სასმელების წილი კი მთლიან ექსპორტში 4,5%-ია.
ლევან მეხუზლამ კომიტეტის წევრებს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რთველის შესახებ და აღნიშნა, რომ წლევანდელი რთვლის ფარგლებში საქართველოში მოსავალი სრულად დაბინავდა. ქვეყნის მასშტაბით გადამუშავდა 221,2 ათას ტონამდე ყურძენი, მისი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი კი 303 მილიონ ლარს აღემატება. სააგენტოს თავმჯდომარის ინფორმაციით, რთველი ორგანიზებულობით გამოირჩეოდა და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ჩატარდა.
აკადემიკოსმა ალქსანდრე დიდებულიძემ თავის გამოსვლაში აღვნიშნა, რომ აკადემია ძალიან აფასებს კომიტეტთან მჭიდრო ურთიერთობებს, რაშიც დიდია აკადემიის პრეზიდიუმის წევრის, აგარული კომიტეტის აპარატის უფროსის დოქტორ ივერი ახალბედაშვილის დამსახურება. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის აგრარული სექტორის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა აგრარული პროდუქციის ნეტო-ექსპორტიორად ტრანსფორმაცია, რაშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ღვინის ექსპორტს. ასევე ხაზი გაესვა ვენახების კადასტრის პროექტის წარმატებით განხორციელებას.