შალვა კერესელიძე
არიან ადამიანები, რომელთა მოღვაწეობა სიცოცხლეშივე მისაბაძია თანამედროვეებისათვის. ასეთ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნება 1913 წლის 25 დეკემბერს ზემო რაჭის მშვენიერ მაღალმთიან სოფელ უწერაში, იასონ კერესელიძისა და ოლღა რეხვიაშვილის მეტად მშრომელ და კეთილსინდისიერ, პატიოსნობით სავსე ოჯახში, დაბადებული შალვა კერესელიძე. ბუნებისგან ჭარბი ნაბოძები ნიჭი, დაუშრეტელი ენერგია და უდრეკი ნებისყოფა შალვა კერესელიძეს დაჰყვა ბავშვობიდანვე.
მამა 1921 წელს გრიპის ეპიდემიისას 41 წლის ასაკში გარდაიცვალა, და ხუთი შვილის აღზრდა დედას მოუწია, თუმცა მას გვერდში ამოუდგნენ და მზრუნველობა გამოიჩინეს ბიძებმა და ბიძაშვილმა.
შალვამ დაამთავრა ონის საშუალო სკოლა, სწავლობდა ფრიადებზე, სოფლიდან ონამდე 12 კილომეტრზე ძირითადად ფეხით დადიოდა. 1931 წელს თბილისში უმაღლეს სასწავლებელში - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მექანიზაციის ფაკულტეტზე მოეწყო და სწავლისას თავს ირჩენდა ფრიადოსნის სტიპენდიით. 1936 წელს ინსტიტუტის წარმატებით დამთავრების შემდეგ მას შესთავაზეს ასპირანტურაში დარჩენა, მაგრამ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით იმავე წელს ის მეცნიერ თანამშრომლად მუშაობას იწყებს ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ანასეულში, სადაც 1938 წლამდე მონდომებით იღწვოდა ამ სტრატეგიულ კულტურებში ტექნოლოგიური პროცესების მექანიზაციის დონის ასამაღლებლად. შემდეგ ბატონი შალვა სწავლობდა ასპირანტურაში მოსკოვის სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ინსტიტუტში, საიდანაც 1941 წელს გაიწვიეს ჯარში.
1943 წელს დემობილიზაციის შემდეგ შ. კერესელიძე უბრუნდება თავის საყვარელ საქმეს და მუშაობას იწყებს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ასისტენტად, ხოლო საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ მას ირჩევენ დეკანის მოადგილედ.
1949 წელს შალვა კერესელიძე დაინიშნა ახლად შექმნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სახელმწიფო სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსად და აქედან იწყება მისი დაუღალავი შემოქმედებითი მეცნიერული და საკონსტრუქტორო მოღვაწეობა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურებისათვის განკუთვნილი მანქანების შესაქმნელად. 1961 წელს იგი იცავს სადოქტორო დისერტაციას, ხოლო 1962 წელს მას პროფესორის წოდება ენიჭება. განუზომელია ბატონ შალვას ღვაწლი ხარისხოვანი ჩაის ფოთლის მექანიზებული კრეფის პრობლემის გადაწყვეტის საქმეში, რაც სათანადოდ დაფასდა - 1967 წელს მას, როგორც ჩაის საკრეფი მანქანა „საქართველოს“ პრინციპული სქემის ავტორსა და მანქანის სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში გავრცელების სამუშაოების ხელმძღვანელს, კონსტრუქტორთა ჯგუფთან ერთად ლენინური პრემია მიენიჭა.
დიდია პროფესორ კერესელიძის დამსახურება საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ინჟინერთა თაობების მომზადების საქმეში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ორმოცდაათამდე საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია, იგი 1954-1962 წლებში მუშაობდა ახლად შექმნილი საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის პრორექტორად და ხელმძღვანელობდა ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრას, შემდეგ 1962-1970 წლებში იყო კონსტანტინე ამირეჯიბის სახელობის საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
1971 წელს შალვა კერესელიძეს მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება და ამავე წელს მისი ინიციატივით შეიქმნა საკავშირო სამთო მიწათმოქმედების და სუბტროპიკული კულტურების მანქანათა საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი, რომლის დირექტორადაც დაინიშნა; ამავე პერიოდში მან მიიღო სუბტროპიკული კულტურების დარგში გენერალური კონსტრუქტორის წოდება. 1975 წლიდან პროფესორი შალვა კერესელიძე დაუბრუნდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, სადაც მიუხედავად ხანდაზმულობისა სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებს სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო საქმიანობას. 1994 წელს იგი არჩეული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ჯერ საპატიო, ხოლო შემდეგ ნამდვილ წევრად.
შალვა კერესელიძე 200 სამეცნიერო შრომისა და მონოგრაფიის ავტორია, მას ეკუთვნის 80-მდე გამოგონება. ბატონმა შალვამ როგორც ღირსეულმა, უმწიკლო პატიოსნებისა და უკომპრომისო პრინციპულობის ქართველმა კაცმა, დიდმა მეცნიერმა, ნიჭიერებისა და შრომისმოყვარეობის დამფასებელმა პედაგოგმა და ნამდვილმა პატრიოტმა ნათელი კვალი დატოვა და მისი ხსოვნა მარად დარჩება ქართველი ერის ცხოვრებაში.
შალვა კერესელიძე გარდაიცვალა 1997 წელს.
აკადემიკოს შალვა კერესელიძის გახსენება
2023 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში აკადემიის აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა მიძღვნილი აკადემიკოს შალვა კერესელიძის 110 წლისთავისადმი. მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; პრეზიდიუმის მრჩეველი აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა; აკადემიის აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის სტიპენდიატი, დოქტორი გიორგი ქუთელია. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: აკადემიკოსები: ჯემალ კაციტაძე, ლევან უჯმაჯურიძე; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორები: ზაზა მახარობლიძე და ნუგზარ ებანოიძე, ტექნიკის დოქტორები: ნიკო ჯავახიშვილი, თამაზ ნადირაშვილი და თენგიზ ცერცვაძე.
მრგვალი მაგიდა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მისალმების შემდეგ მან ისაუბრა აკადემიკოს შალვა კერესელიძის მიერ გაწეულ უდიდეს ღვაწლზე სამამულო სატრაქტორო და სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობის განვითარების საქმეში. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მის საქმიანობაზე თბილისის სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობის ქარხანაში ჩაის საკრეფი მანქანების წარმოების ათვისებასთან დაკავშირებით, სადაც საფუძველი ჩაეყარა ჩაის მოვლა-მოყვანისა და ფოთლის კრეფის მანქანათა კომპლექსის სერიულ გამოშვებას. სწორედ ჩაის საკრეფი მანქანის „საქართველოს“ წარმოებაში დანერგვისათვის პროფესორ შ. კერესელიძეს მიენიჭა იმ დროისათვის მეტად პრესტიჟული ლენინური პრემია. აკადემიკოსი გ. ჯაფარიძე ასევე შეეხო შ. კერესელიძის პიროვნულ თვისებებს. აღინიშნა, რომ აკად. შალვა კერესელიძე იყო არამარტო დიდი მეცნიერი, არამედ მეტად კეთილშობილი, კაცთმოყვარე და ქვეყნისათვის თავდადებული პიროვნება.
აკადემიკოს შალვა კერესელიძის ბიოგრაფიულ მონაცემებზე ფართო მოხსენებით გამოვიდა აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე, რომელმაც თავის მოხსენებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო შ. კერესელიძის მიერ ჩატარებულ ურთულეს სამეცნიერო-კვლევით და საკონსტრუქციო-ტექნოლოგიური სამუშაოების განხილვას. აკად. რ. მახარობლიძემ ასევე ისაუბრა შ. კერესელიძის ნოვატორულ და ორიგინალურ შეხედულებებსა და მიმართულებებზე. ხაზი გაუსვა იმას, რომ შ. კერესელიძემ არა მარტო პირველმა დააყენა სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპიკული კულტურების მექანიზაციის პრობლემები და გვიჩვენა მათი პრაქტიკული განხორციელების გზები, არამედ გვიკარნახა სისტემური კვლევის ელემენტების ფართოდ გამოყენების აუცილებლობაც.
მრგვალ მაგიდაზე შ. კერესელიძის ავტობიოგრაფიულ მონაცემებთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდნენ აკადემიკოსები: ნ. ჭითანავა, რომელმაც ბატონი შალვა ქვეყნისათვის გაწეული მეტად მნიშვნელოვანი საქმიანობიდან გამომდინარე არაერთი თბილი სიტყვით მოიხსენია; გ. ალექსიძემ და ა. დიდებულიძემ აღნიშნეს, რომ ბატონი შალვას ცხოვრება ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი. მიუხედავად დიდი აღიარებისა, მას მრავალი სირთულის გადალახვა მოუწია, თუმცა არასდროს არ დაუყრია ფარ-ხმალი და მუდამ საკუთარი პრინციპების ერთგული დარჩენილა. აკადემიკოსმა ჯ. კაციტაძემ დამსწრე საზოგადოების ყურადღება შ. კერესელიძის პიროვნულ ღირსებებზე შეაჩერა და სიამაყით აღნიშნა, რომ მისი აღზრდილი იყო.
აკადემიკოსი შ. კერესელიძე დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გაიხსენეს ასევე მისმა ყოფილმა ასპირანტებმა, ბატონებმა: ნ. ებანოიძემ, ზ. მახარობლიძემ, თ. ნადირაშვილმა. მათ ბატონი შალვა დაახასიათეს როგორც საუკეთესო პედაგოგი და ახალგაზრდების დიდი გულშემატკივარი, რომელმაც ბევრ სტუდენტს გაუწოდა დახმარების ხელი და ბევრსაც მეცნიერებში გაუკაფა გზა.
მრგვალ მაგიდის მუშაობა შეაჯამა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და აკადემიკოს შ. კერესელიძის გახსენებისათვის.
აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა
2023 წლის 20 დეკემბერს შედგა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იყო ინჟინერიის დოქტორის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის უფროსი სპეციალისტის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატის გიორგი ქუთელიას მოხსენება თემაზე: ,,მოტობლოკის ბაზაზე ბაზოს წარმომქმნელი და მულჩსაფარი კომბინირებული აგრეგატის შესახებ“.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის კომპლექსური მექანიზაციისთვის საჭირო ოპერაციების შესასრულებლად გამოიყენება როგორც მობილური, ასევე მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებები, მოტობლოკები და მათზე დააგრეგატებული მოწყობილობები. მათი გამოყენება განსაკუთებით ეფექტიანია მცირეკონტურიან და მთიან ადგილებში განლაგებულ სასოფლო-სამეურნეო ფართობებზე. აღნიშნული პირობებისთვის შემოთავაზებულია ნიადაგზე ბაზოს წარმომქნელი და მულჩსაფარი რესურსდამზოგი კომბინირებული სასოფლო-სამეურნეო აგრეგატი მოტობლოკის ბაზაზე, რომელიც დაცულია საქართველოს პატენტით № P 2021 7299 B, რაც სიახლეს წარმოადგენს.
საქართველოში მრავლადაა შინა მეურნეობების ნაკვეთები, რომელთა ფართობი შეადგენს 0,25-2,5 ჰა და სადაც იწარმოება ბოსტნეული, ბაღჩეული და კენკროვანი კულტურები. სწორედ ეს სეგმენტია მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების ძირითადი მომხმარებელი.
შემოთავაზებული კომბინირებული აგრეგატი იძლევა ეკოლოგიურ და ეკონომიკურ სარგებელს, რაც გამოიხატება ნაკვეთზე მისი მინიმალური გამოყენებით; ნაკლებია საპოხ-საზეთი მასალებით ნიადაგის დაბინძურება და შემცირებულია ცალკეული სასოფლო-სამეურნეო ოპერაციების შესრულება ერთი გავლით, რაც 2-2,5 ჯერ ზრდის მის ეფექტიანობას. კომბინირებული მანქანა საშუალებას იძლევა მცირე ენერგეტიკული დანახარჯებით ერთჯერადად შეასრულოს ექვსი ოპერაცია: ნიადაგის გაფხვიერება აქტიური სამუშაო ორგანოებით (ფრეზებით); ბაზოს წარმოქმნა; წვეთოვანი წყლის სისტემის გაყვანა; პლასტიკური მულჩის დაგება დაგებულ პლასტიკურ მულჩზე მიწის შემოყრა; დაგებული პლასტიკური მულჩის დახვრეტა.
ახალი აგრეგატი შეავსებს აგრარული ბაზრის აუთვისებელ სეგმენტს ინოვაციური ტექნიკური საშუალებების გამოყენების თვალსაზრისით, ასევე აუცილებლად მაღალმოთხოვნადი იქნება მცირემიწიან და დახურულ გრუნტში (სათბურებში) სასოფლო - სამეურნეო კულტურების წარმოებისას.
პროექტი ხორციელდება ინტელექტუალური საკუთრების და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით [ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის ფარგლებში 2021 - YS-21-342].
განხილვაში მონაწილეობდნენ: პროფ. ო. ქარჩავა, დოქტ.ნ ძიძიკაშილი, აკად. ჯ.კაციტაძე, აკად ა.დიდებულიძე, რომლებმაც აღნიშნეს მომხსენებლის მიერ ჩატარებული მუშაობის აქტუალურობა და მიდგომის ინოვაციურობა. სხდომამ მიიღო შესაბამისი დადგენილება.