საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამეცნიერო საბჭოს სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს სხდომა

 

63d8f304 2dc4 46fb aa05 4c3e51f6b441  2024 წლის 19 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს სხდომა.

სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო სხდომის დღის წესრიგი, რომლის თანახმად მოსმენილი იქნა მოხსენება თემაზე: ,,ვეტერინარიის თანამედროვე მდგომარეობა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებები“. მომხსენებელი გახლდათ აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი, თანამომხსენებელი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიული გოგოლი.

აკადემიკოსმა თ. ყურაშვილმა ვრცლად ისაუბრა ცხოველთა სადგომებში არსებული მდგომარეობის შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველოში იშვიათია ცხოველთა სადგომი, რომელიც სრულად პასუხობდეს ვეტერინარულ-სანიტარულ მოთხოვნებს. ხშირად ისინი პრიმიტიულადაა აშენებული, ნაკელგამტანები და ფერმის ანარჩენების საცავები მოუწყობელია, არასრულად და უხარისხოდ ხდება დასუფთავება, არ ტარდება დეზინფექციები, დეზინსექციები და დერატიზაციები, რაც არღვევს ცხოველთა მოვლა-შენახვისათვის აუცილებელ ყოველგვარ მოთხოვნას. შესაბამისად ირღვევა ტემპერატურულ რეჟიმი, ტენიანობა, განათება, იზრდება მავნე აირების კონცენტრაცია და სხვ. სადგომებში არსებული მდგომარეობა ხელს უწყობს დაავადების აღმძვრელების: ბაქტერიების, ვირუსების, სოკოების, პარაზიტების კვერცხების და ლარვების წლების მანძილზე დაგროვებას, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს ინფექციური და ინვაზიური დაავადებების გაჩენას და ქმნის არაკეთილსაიმედო კერებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ყოველივე ამის ფონზე ქვეითდება ცხოველის ორგანიზმის რეზისტენტობა (გამძლეობა) და დახარჯულ შრომაზე უკუგება. წარმოებული ცხოველური პროდუქტები და ნედლეული უხარისხოა და ხშირად საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. შესაბამისად ცხოველთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება, მათთვის აუცილებელი მოვლა-შენახვის პირობების უზრუნველყოფა ხელს უწყობს არამარტო ცხოველური პროდუქტების წარმოების ზრდას, არამედ მაღალხარისხიანი პროდუქციის მიღებასაც, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ტექნოლოგიური, ტექნიკური და ორგანიზაციულ-ეკონომიკური ღონისძიებების ერთობლივად განხორციელებაზე. სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა პროფესორმა გ. გოგოლმა.

ბატონმა გ. გოგოლმა აღნიშნა, რომ ცხოველთა პროდუქტიულობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა, ნაყოფიერება და ზრდა-განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მის გენოტიპზე და გარემო პირობებზე. მხოლოდ ორივე პირობის ურთიერთშეთანაწყობითაა შესაძლებელი სასურველი შედეგის მიღწევა. საუკეთესო გენოტიპის მქონე ორგანიზმებიც კი ცუდი გარემო-პირობების შემთხვევაში ვერ ამჟღავნებენ თავიანთ გენეტიკურ შესაძლებლობებს და კნინდებიან. ასე მაგალითად,  მზის რადიაცია ნორმის ფარგლებში აღიზიანებს ნერვულ დაბოლოებებს და ენდოკრინულ ჯირკვლებს, ორგანიზმში აძლიერებს ჟანგვა-აღდგენითი ფერმენტების აქტიურობას, მზის სხივები ხოცავს კანსა და ბალნის საფარზე პათოგენურ მიკროფლორას, არასაკმარისი რადიაციის დროს ყოველივე ზემოაღნიშნული პროცესი ფერხდება; მაღალი ტემპერატურის დროს ხდება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება-პროდუქტიულობის შემცირება; მაღალი სითბური დატვირთვისას ქვეითდება ცხოველთა რეზისტენტობა; სიცივე ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზომაზე მეტად სითბოს გაცემას და სხვ.

            მოხსენებების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაება დამსწრე საზოგადოება. საკითხების ირგვლივ თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს: პროფესორმა იოსებ სარჯველაძემ,   ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორმა დავით გოდერძიშვილმა, ვეტერინარიის დოქტორმა ნიკოლოზ ზაზაშვილმა და სხვებმა. აღინიშნა, რომ საჭიროა შესაბამისი სამსახურების მიერ შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის ცხოველთა სადგომებში არსებულ მდგომარეობას, მის გამოსასწორებლად დასახავს სხვადასხვა ღონისძიებებს.

          სამეცნიერო საბჭოს მუშაობა შეაჯამა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com