საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა
მიმდინარე წლის 17 აპრილს შედგა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „საქართველოს სასარგებლო მცენარეთა ბიორესურსი, ეთნობოტანიკური უნარ-ჩვევები და მდგრადი გამოყენება” გამოვიდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი თამარ კაჭარავა. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მდიდარი და უნიკალური ფიტოგენოფონდი ქვეყნის ბუნებრივ - ისტორიული სიმდიდრეა, რომელიც მუდმივ დაცვასა და კონსერვაცია - აღდგენას საჭიროებს, რადგან ნადგურდება ან იცვლება სხვადასხვა სტიქიური თუ ანთროპოლოგიური ზემოქმედებებით. პრობლემა აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის, აქ გავრცელებულია სასარგებლო, ანუ სამკურნალო, არომატული, საღებარი, თაფლოვანი, სანელებელი და შხამიანი მცენარეების ის უნიკალური სახეობები, რომლებიც სხვაგან არ გვხვდება. ბევრი მათგანი დღევანდელი მდგომარეობით გადაშენების პირასაა მისული, მიმდინარეობს გენეტიკური რესურსის ეროზიული პროცესები, უკონტროლო ექპლუატაცია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ex-situ და in-situ/on farm უზრუნველყოფა.
მომავალი მოხმარებისთვის, გენეტიკური და სახეობრივი მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია შემდეგი პარამეტრები და მათი დარეგულირება:
- საქართველოს მასშტაბით, განსხვავებული ეკოსისტემის პირობებში, დომინანტი სასარგებლო მცენარეთა, მათ შორის ენდემური ან იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ბიორესურსის მოძიება-კატალოგირება, მონიტორინგი, კონსერვაცია, ბიომორფოლოგიური საჭიროების შემთხვევაში კი ქიმიური შედგენილობის კვლევა, არსებული მონაცემთა ბაზის გამდიდრება;
- საქართველოს უნიკალური ფლორის ბიორესურსის დაცვისა და რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობაზე ინფორმირების ამაღლება;
- სამრეწველო პლანტაციების გაშენება ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულის მისაღებად;
- ეთნობოტანიკური ტრადიციებისა და ფიტოპროდუქციის პოპულარიზებისმექანიზმების ინტენსიფიკაცია და მდგრადი გამოყენება;
- ნატურალური საკვები დანამატების დასამზადებლად საინტერესო მცენარეთა ბლოკების შერჩევა, მაგალითად ცხოველთა კომბინირებული საკვებისთვის ფიტოდანამატების შერჩევა;
- სასარგებლო მცენარეთა დამზადების, გაშრობის, გადამუშავების, შენახვის პირობების დიფერენცირება მათი რაციონალური გამოყენების მიზნით;
- ფიტოინდუსტრიისათვის ეკოლოგიურად სუფთა სანედლეულო ბაზის შექმნა;
- მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილების პრინციპების ინტეგრირება ბიომრავალფეროვნების იმ კონვენციით მინიჭებული უფლებებით, რომლის წევრიც არის საქართველო.
მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ: აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, პროფესორი ოთარ ქარჩავა, დოქტორი გოჩა ცოფურაშვილი, პროფესორი მედეა ბურჯანაძე, მარიამ ხოჭოლავა და თინათინ დევაძე, რომლებმაც დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი ნაშრომი. აღინიშნა, რომ შესრულებულია დიდი მოცულობის მნიშვნელოვანი და საინტერესო სამუშაოები, რაშიც იკვეთება მომხსენებლის პროფესიონალიზმი და შრომისმოყვარეობა.